LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილის ხიდის მომწესრიგებელი კომპანია ხელშეკრულების პირობას არ ასრულებს – კალაძე

120

კომპანია, რომელიც ვარკეთილის ხიდის რეაბილიტაციას არ ახორციელებს, ხელშეკრულების პირობას არ ასრულებს, – ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ხელშეკრულებაში კონტრაქტორს მითითებული აქვს 24 საათიან რეჟიმში მუშაობა, რაც არ სრულდება.

“ახლა ვარკეთილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კონტრაქტორს ხელშეკრულებაში უწერია 24 საათიან რეჟიმში მუშაობა და ეს იქ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, რადგან არ არის დასახლებული რაიონი და ღამე მუშაობა ადამიანებს ხელს არ უნდა უშლიდეს. გუშინწინ, როდესაც ღამე 2-3 საათისთვის შემოვლაზე ვიყავი, ერთი ადამიანიც არ მუშაობდა ამ ობიექტზე,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მან მოადგილეებს კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მოთხოვნა დაავალა.

“თუ არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ იმ ტემპში და იმ ხარისხით იმუშაონ, რაც გვაქვს მოთხოვილი, მაშინ თავი დაგვანებონ. ჩვენ გვჭირდება ტემპი და ხარისხი – ეს არის ჩვენთვის პრინციპული,” – აღნიშნა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები