LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაუქმებთ სუს-ს, შს სამინისტროს, ასევე პროკურატურას ვართმევთ საგამოძიებო უფლებამოსილებას – გიორგი ვაშაძე

91

ვაუქმებთ სუს-ს, შს სამინისტროს, ასევე პროკურატურას ვართმევთ საგამოძიებო უფლებამოსილებას, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია” საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ პროკურატურის და სამართალდამცველი ორგანოების რეფორმირების საკითხზე განაცხადა, რომელთან დაკავშირებითაც დღეს საზოგადოებრივი დისკუსია გაიხსნა.

მათი მოდელი უპრეცედენტოა, რომელიც ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს და საგამოძიებო ბიუროს შექმნას, განაცხადა ვაშაძემ.

„დღეს ჩვენ წარვადგენთ უპრეცედენტო მოდელს, რომელიც შევიმუშავეთ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მაგრამ არის უნიკალური თავისი გადაწყვეტებით. პირველი – ჩვენ ვაუქმებთ სუს-ს, ვაუქმებთ შს სამინისტროს, ის აღარ იარსებებს ქვეყანაში დღევანდელი მდგომარეობით. ჩვენ ვქმნით ანტიკორუფციულ ბიუროს აბსოლუტურად ცალკე. საგამოძიებო ბიუროს ვქმნით და პროკურატურას ვართმევთ საგამოძიებო უფლება-მოსილებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ შემოგვაქვს მთავარი პროკურორის, საგამოძიებო ბიუროს და ანტიკორუფციული ხელმძაღვანელის შერჩევის სრულიად ახალი მექანიზმი, როცა შვიდი უცხოელი ექსპერტისგან შემდგარი კომისია შეარჩევს სამ კანდიდატურას, რომელსაც წარუდგენს პრეზიდენტს ან პარლამენტს დასამტკიცებლად,” – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

შს სამინისტროს ნაცვლად პატრულის ეროვნული სამსახური შეიქმნება, განაცხადა ვაშაძემ.

„შს სამინისტროს ადგილზე მაგალითად იქნება პატრულის ეროვნული სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ქუჩებში და იმას, რასაც აკეთებს საპატრულო სამსახური საზღვარზე. საგამოძიებო უფლება, რომელიც არის მთავარი პრობლემა, ის რომ ერთი ვერტიკალის ქვეშ არის მოქცეული გამოძიება, კრიმინალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მეორე მხრივ საპატრულო სამსახური, საგამოძიებო ფუნქცია გამოვა ცალკე. ასევე, პროკურატურას ვართმევთ საგამოძიებო უცლებას, რომ აღარ იყოს ის პოლიტიკური წნეხის და დაინტერესების მთავარი სუბიექტი და ვქმნით საგამოძიებო ბიუროს,” – განაცხადა ვაშაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს აღნიშნული რეფორმა ადამიანებისთვის სამსახურის დაკარგვას, ვაშაძე აცხადებს, რომ შესაძლოა ეს ასეც მოხდეს.

„ვიღაცამ შეიძლება დაკარგოს სამსახური, ჩვენი ამოცანა არ არის დავასაქმოთ ადამიანები სამართალდამცველ უწყებებში, ჩვენი ამოცანაა შევქმნათ ისეთი სამართალდამცავი ორგანოები, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს და თავისუფალი იქნება პოლიტიკური ზეგავლენებისგან,” – განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები