LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვცდილობთ, მივაღწიოთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ევროკავშირის წევრობის პერსპექტივად გარდაქმნას – ირაკლი კობახიძე

44

ჩვენ ვცდილობთ, რომ ერთიანი ძალისხმევით მივაღწიოთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ევროკავშირის წევრობის პერსპექტივად გარდაქმნას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარული სესიის გახსნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასამბლეის მიზანია, საერთაშორისო არენაზე მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატში სამი ქვეყნის ინტერესების ერთობლივად დაცვა და პოზიციების უკეთ კოორდინირება.

„ მოხარულები ვართ, რომ ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის პირველი სხდომა სწორედ საქართველოში იმართება. ასამბლეის მიზანია, საერთაშორისო არენაზე სხვადასხვა მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატში ჩვენი ქვეყნების ინტერესების ერთობლივად დაცვა და ჩვენი პოზიციების უკეთ კოორდინირება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ერთიანი ძალისხმევით მივაღწიოთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ევროკავშირის წევრობის პერსპექტივად გარდაქმნას. ამ მიზნით, ჩვენი ამოცანაა ერთმანეთისთვის დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო და რეგიონულ გამოწვევებზე საპასუხოდ, ერთობლივი ძალისხმევის მობილიზება. ეს წამოწყება არის მშვიდობაზე, თანამშრომლობასა და განვითარებაზე ორიენტირებული. მზად ვართ, მჭიდრო კავშირები დავამყაროთ ნებისმიერ ქვეყანასა და ორგანიზაციასთან, რომელიც ამავე სულისკვეთებით არის გამსჭვალული და მოწადინებულია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისკენ. აქვე მადლობას ვუხდი ჩვენს სტუმრებს სხვადასხვა საელჩოდან, ორგანიზაციიდან თუ ასამბლეიდან, რომლებმაც მიიღეს ჩვენი მოწვევა და დღეს ამ წამოწყებაში ჩვენს გვერდით დგანან”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„შავი ზღვის რეგიონს აქვს სტრატეგიული მდებარეობა გეოგრაფიულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ რეგიონის მშვიდობიანი და მდგრადი განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისა და შესაბამისად, საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ჩვენი ქვეყნების როლს ამ რეგიონში. განვლილი გამოცდილება ასევე აჩვენებს, რომ მზად ვართ, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს როლს და წვლილი შევიტანოთ რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ჩვენს ქვეყნებს, სუამ-ის ფარგლებში უკვე გააჩნიათ თანამშრომლობისა და ძალისხმევის კოორდინირების წარმატებული გამოცდილება. ამ ასამბლეაში ეს გამოცდილება ჩვენ დასავლეთისაკენ სვლას და რეფორმების კოორდინირებას უნდა მოვახმაროთ. თუმცა, რასაკვირველია, ჩვენ ასევე გავაგრძელებთ თანამშრომლობას სუამ-ის ფორმატშიც. ამისათვის ჩვენ ვატარებთ ფუნდამენტურ რეფორმებს სოციალურ-ეკონომიკური, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, განათლების, მოქალაქეებზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების, აგრეთვე სხვა მრავალი მიმართულებით. სხვა ვითარებაში ჩვენი ინდივიდუალური მცდელობები შესაძლოა საკმარისი ყოფილიყო ჩვენი ქვეყნების მოდერნიზებისა და საზოგადოებების დემოკრატიული გარდაქმნისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები