LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოდებით “მისტრალის” ტიპის ტაქტიკურ სარაკეტო თავდაცვის საშუალებებს – ექსკლუზიური ინტერვიუ გენშტაბის ხელმძღვანელთან

„ჯაველინების შემდეგ, საქართველო ამერიკისგან  ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს – Stinger-ებს მიიღებს“- აშშ-სთან ახალი, ისტორიული სამხედრო შეთანხმების შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გაახმაურა.

ამერიკის მიერ, საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო და ახლა უკვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების მოწოდება ისტორიულ ფაქტად შეიძლება ჩაითალოს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან ასეთი მნიშვნელოვანი შეიარაღება ჯერ არ მიუღია.

მნიშვნელოვანი სამხედრო შეთანხმების დეტალებზე “ფორტუნა” საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვლადიემრ ჩაჩიბაიას ესაუბრა.

ცნობილია თუ არა Stinger-ებზე მიღწეული შეთანხმების დეტალები, რამდენ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს მივიღებთ და რა ვადაში მოხდება საქართველოსთვის ტექნიკის გადმოცემა?

მინისტრის აშშ-ში ვიზიტისას ოფიციალურ პირებთან იყო საუბარი Stinger-ების შესყიდვაზე, თუმცა საბოლოო კონტრაქტის გაფრომებას გარკვეული პროცედურები სჭირდება, რის შემდეგაც გვექნება უკვე კონკრეტიკა. ჩვენი მხრიდან სისტემის შესყიდვაზე მზაობა გაცხადებულია, ეხლა უკვე ველოდებით ამერიკული მხარის გადაწყვეტილებას, როდის და რა რაოდენობით იქნება შესაძლებელი შესყიდვა, ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი მიმდინარე წელს დასრულდება.

სხვა საზენიტო-სარაკეტი კომპლექსებთან შედარებით, რა უპირატესობები აქვს სტინგერებს, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ტექნიკის ფლობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის?

Stinger-ი არის ერთ-ერთი უახლესი და თანამედროვე ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის საშუალება, ეს სისტემა ფართოდ გამოიყენებოდა ავღანეთის ომში და  თავისი ეფექტიანობა სწორედ ამ ომის დროს აჩვენა. ჩვენ პატარა ქვეყნების მაგალითზე, ამ სისტემას გამოვიყენებთ ისეთი ოპერაციების წარმოებისას, როგორიცაა არარეგულარული ძალებით მოწინააღმდეგის შეჩერება-შეკავება. მოწინაღმდეგემ ვერ უნდა შეძლოს ქვეყნის სიღრმეში შემოსვლა, მას კომფორტი არ უნდა შეექმნას ცაში.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჯაველინის, ასევე სტინგერის გამოყენება ნებისმიერ ოპერაციაშია შესაძლებელი, მისი ძირითადი დანიშნულება მაინც თავდაცვითი ამოცანების შესრულებაა. ყველა იმ ტექნიკის შესყიდვა, რომლიც შეიარაღებულ ძალებში ხდება, ქვეყნის თავდაცვით გეგმას და ოპერატიულ მოთხოვნილებებს ეფუძნება.

Stinger-ი (ნესტარი) – ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა FIM-92 Stinger-ზე მუშაობა ამერიკულმა თავდაცვითმა კორპორაციამ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. 1978 წელს ტექნიკა წარმოებაში ჩაეშვა და მალევე ამერიკის არმიის შეიარაღებაში გამოჩნდა. Stinger-ი აქტიურად გამოიყენეს ავღანეთის ომში, მოჯაჰედებმა 340 საბჭოთა საფრენი აპარატი სწორედ Stinger-ით ჩამოაგდეს, მას შემდეგ, Stinger-მა არა ერთი მოდიფიკაცია გაიარა და სამხედრო მფრინავებისთვის ერთ-ერთი საშიში იარაღი გახდა.

ექნება თუ არა Stinger-ის და Javelin-ის ფლობას ფსიქოლოგიური ეფექტი პოტენციური მტრებისთვის?

ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და  გვყავს კონკრეტული საფრთხე რუსეთის სახით,  შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ პატარა ერის თავდაცვაზე, გასათვალისწინებელია აგრესორის ქცევა. ერთია, დაიპყრო ტერიტორია და მეორეა, მისი შენარჩუნება, როდესაც აგრესულმა ძალამ იცის, რომ მისი მოწინააარმდეგე აღჭურვილია თანამედროვე, როგორც საჰაერო, ისე ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით, ის თავის გადაწყვეტილებებში ასე თავისუფალი  ვეღარ იქნება. აგრესორს კარგად ეცოდინება, რომ თითეული გასროლილი ჯაველინი, ეს არის განადგურებული ტანკი.

Javelin-ი უახლესი, ჭკვიანი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, რომელსაც 4700 მეტრზე ნებისმიერი ჯავშანტექნიკის განადგურება შეუძლია. მუშაობს პრინციპით  – „გაისროლე და დაივიწყე“. გასროლის შემდეგ, რაკეტა საკუთარი თერმული და ვიდეო კამერებით მიფრინავს მიზნისკენ. შედეგად, მსროლელს შეუძლია გასროლისთანავე დაიმალოს და აღარ შეექმნას საფრთხე. Javelin-ის ხიბლი სიზუსტესთან ერთად, მისი ეფექტურობაცაა. ტანკსაწინააღმდეგო რუსული სისტემისგან განსხვავებით, ამერიკული Javelin-ი ჯავშანტექნიკას ყველაზე დაუცველ ადგილზე, ზემოდან ხვდება. შესაბამისად, განადგურების 100 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. საქართველომ ამერიკისგან 72 გამშვები და 450-ზე მეტი რაკეტა მიიღო.

გარდა იმისა, რომ ქვეყანას კარგი საჰაერო და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები ექნება, არის თუ არა Javelin-ის და ახლა უკვე Stinger-ების მოყიდვა პოლიტიკური მნიშვნელობის ფაქტი?

2008 წლის ომის შემდეგ, ეს არის პირველი ძირითადი შესყიდვა, როცა შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროცესში, მნიშვნელოვანი შეიარაღება მიიღო. 10 წლიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მინისტრის და თითოეული ჩვენგანის მუშაობის.

კავკასიის რეგიონში ვართ ერთადერთი, ვინც მსგავს ტექნიკას ფლობს. მეზობელ ქვეყნებს ანალოგიური სისტემები არ გააჩნიათ და ძირითადად ებრაული, რუსული და სხვა ქვეყნის ტექნოლოგიებია გავრცელებული, ამერიკული მოდიფიკაციის ტექნიკა და განსაკუთრებით, ტანკსაწინააღმდეგო რეგიონში არ არის.

რა ტიპის გადამზადებას გაივლიან ქართველი სამხედროები ახალი ტექნიკის მიღების შემდეგ?

პირადი შემადგენლობის ძირითადმა ნაწილმა გადამზადებ უკვე გაიარა. მოხდა რამდენიმე სასწავლო რაკეტის გაშვებაც. ძირითად ტექნიკასთან ერთად შევიძინეთ სასიმულაციო საშუალებებიც. აგვისტოში ტარდება წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“  და ამ სწავლების დროს ჩვენ გამოვიყენებთ Javelin-ის სისტემასაც.

როგორ გაგრძელდება სამომავლო პარტნიორობა ამერიკასთან. ხომ არ მიმდინარეობს სამხედრო ტექნიკაზე მოლაპარაკებების სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც?

ამერიკასთან ერთად დაწყებული „თავდაცვისა და მზადყოფნის პროგრამის“ ფარგლებში მომზადდება საქართველოს 9 ბატალიონი, ეს ბატალიონები თავიდან ბოლომდე აღჭურვილი იქნებიან ამერიკული შეიარაღებით, M 14-ით, M 240-ით, ხელის ტყვიამფრქვევბით, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნებით.

საფრანგეთიდან უკვე შემოტანილია პასიური თავდაცვის სისტემები, ასევე მართვის ცენტრი, უახლოეს მომავალში ველოდებით “მისტრალის” ტიპის ტაქტიკური სარაკეტო თავდაცვის საშუალებებს. აქტიური და წარმატებულია თანამშრომლობა გერმანიასთან, გერმანელებისგან მივიღეთ ქიმიური თავდაცვის შესაძლებლობები, ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები. მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვაქვს თურქეთთანაც.

აგვისტოში დაგეგმილი მაქვს ტური ამერიკაში, სადაც ამერიკული არმიის სარდალთან ერთად შტატების შემოვლას ვგეგმავთ, ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებშიც გამოიკვეთება თაანმშრომლობის ახალი გეგემები.

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები