LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერდერი გადარჩა, შტუტგარტი გავარდა: ბაიერნმა ვერცხლის სინი ჩაიბარა

72

ბუნდესლიგა დასრულდა, გვარდიოლას გერმანული კარიერა დასრულდა, თუმცა ჯერ ბოლომდე მაინც არცერთი არ დასრულებულა. გასარკვევია ვინ ითამაშებს მომდევნო სეზონში ბუნდესლიგაში, ბოლო წუთს გადათამაშებაში აღმოჩენილი „აინტრახტი“ თუ მეორე ბუნდესლიგის მესამე გუნდი „ნიურნბერგი“. პეპ გვარდიოლას კი ერთი თამაშიღა დარჩა მიუნხენის „ბაერნის“ თავკაცის პოსტზე: რეკორდმაისტერი 21 მაისს ბერლინში გერმანიის თასის ფინალს ითამაშებს მთავარ მეტოქე დორტმუნდის „ბორუსიასთან“.

მანამდე კი, ბუნდესლიგის ბოლო ტურში ერთგვარი ფინალივით მატჩი იყო ბრემენში, სადაც „ვერდერმა“ ფრანკფურტის „აინტრახტი“ მიიღო. ესენი ბუნდესლიგაში დარჩენისთვის იბრძოდნენ და ეს უკეთ ფრანკფურტელებს გამოსდიოდათ, რომელთაც ფრეც აწყობდათ, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ბრემენელებმა, შეიძლება ითქვას, კარში ბურთი შეტენეს და ამ კინკილა გოლით დარჩენა გაინაღდეს. „აინტრახტი“ გადათამაშებაში მოხვდა. აქამდეც ვერ უწია „შტუტგარტმა“, რომელიც ხავსს „ვოლფსბურგთან“ ეჭიდებოდა, თუმცა 1:3 წააგო და ეს სახელოვანი გუნდი გაისად საუკეთესოთა შორის ვერ იქნება. „მერსედეს არენას“ მკვიდრებმა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ: მათ ბოლო 9 თამაშში მხოლოდ 2 ქულა აიღეს, ბოლო 6 მატჩი კი სულაც წააგეს, არადა ერთ ხანობა შთამბეჭდავად ათამაშდნენ, ცხრილის შუამდეც აინაცვლეს, მაგრამ გაზაფხულზე კატასტროფაში მოყვნენ. “შტუტგარტი“ ბოლო 39 წელიწადში პირველად გავარდა.

მიუნხენში კი ზეიმი მოაწყვეს: ზედიზედ მეოთხედ (სარეკორდო მაჩვენებელია) გაჩემპიონებულ „ბაიერნს“ (88 ქულა მოაგროვა) ოქროს მედლები და ვერცხლის სინი გადასცეს. ეს კი წვიმიან საღამოს „ბაიერნის“ ძველ სახელოვან ვეტერანებსაც იქვე მოედნიდან აყურებინეს.
30 გოლის გამტან ბუნდესლიგის ბომბარდირ რობერტ ლევანდოვსკის საუკეთესო გოლეადორის პრიზი – ზარბაზანი გადასცეს. ბუნდესლიგაში უცხოელ ფეხბურთელს ამდენი აქამდე არავის გაეტანა.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გერმანიიდან ითამაშებენ: „ბაიერნი“, დორტმუნდის „ბორუსია“, „ბაიერი“ და გლადბახის „ბორუსია“. ევროპალიგაზე გამოვლენ „შალკე“, „მაინცი“ და „ჰერტა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები