ვეს ანდერსონის ახალი ნამუშევარი „ძაღლების კუნძული“ ქართულ კინოთეატრებში ხვალიდან გამოდის

62

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეჟისორის, ვეს ანდერსონის ახალი ფილმი „ძაღლების კუნძული“ ქართულ კინოთეატრებში 19 აპრილიდან გამოდის. „მატარებელი დარჯილინგში“ და „სასტუმრო გრანდ პუდაპეშტის“ შემქმნელის კიდევ ერთი, კრეატიული ნამუშევარი stop-motion-ის ტექნიკით არის გადაღებული, რომელიც ანიმაციაში გამოიყენება. ეს არის ფილმი, რომლითაც „ოსკარის“ ნომინანტმა რეჟისორმა სრულიად ახალი სიტყვა თქვა კინოსამყაროში და წლევანდელ „ბერლინალეზე“ საუკეთესო რეჟისორის ტიტული დაიმსახურა.

ანიმაციას ახმოვანებენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან: სკარლეტ იოჰანსონი, ტილდა სუილტონი, ედვარდ ნორტონი, ბილ მიურეი და სხვა ვარსკვლავები, რომლებიც არაერთხელ გვინახავს ანდერსონის ფილმებში.

ფილმის შექმნისას ავტორებზე ზეგავლენა მოახდინა ცნობილი იაპონელი სცენარისტის და რეჟისორის – აკირა კუროსავას ნამუშევრებმა.

ფილმი აშშ-ში 2018 წლის 23 მარტს გამოვიდა ეკრანებზე. ამ დრომდე მას მსოფლიო კინოგაქირავებაში 28 მლნ. დოლარის შემოსავალი აქვს მიღებული. კრიტიკოსები ფილმს შესანიშნავი ანიმაციისთვის, მოყოლილი ამბისა და სხვა ბევრი დადებითი მხარის გამო აქებენ.

18 აპრილს, „გალერია თბილისში“ მდებარე „კავეას“ კინოთეატრში ფილმის ჩვენება ქართველი ჟურნალისტებისთვის გაიმართა, 19 აპრილს კი „ძაღლების კუნძულის“ ნახვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები