ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი ძლიერი კანდიდატი იქნება – არჩილ თალაკვაძე

43

“სალომე ზურაბიშვილი დიდი პატივისცემით სარგებლობს საქართველოში, ქვეყნის გარეთ, პარლამენტში, ამიტომ თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩაერთოს საპრეზიდენტო კამპანიაში, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს.

“რაც შეეხება “ქართული ოცნების” პოზიციას, კონსულტაციების დასრულებისთანავე დავაფიქსირებთ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჟურნალისტები ასევე, დაინტერესდნენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბრიუსელში ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადების შეფასებით, რაზეც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარნტიორებს ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესზე, მათ შორის საკადრო გადაადგილებებზე, სათანადო ინფორმაცია მიეწოდებათ.

“პასუხები კითხვებზე ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის ბრიფინგზე გასცა. თუ დამატებით სჭირდება ინფორმაცია, შესაძლოა, ამ ბრიფინგს თავიდან მიადევნოს თვალი. რაც შეეხება შეკითხვებს, ვნახე მისი კომენტარი როცა ბრიუსელიდან საუბრობდა პრეზიდენტი ამაზე. მან ძალიან მოხერხებულად აარიდა თავი მთავარ შეკითხვას, რომელიც ჟურნალისტმა დაუსვა. ჟურნალისტმა ჰკითხა და მან უთხრა, რომ არა თუ დასავლელ პარტნიორებს, არამედ საზოგადოებას აქვს შეკითხვები, ანუ პრაქტიკულად საზოგადოებაზე, საქართველოზე გადმოიტანა აქცენტი და ამით შექმნა იმგვარი განწყობა, რომ თითქოს დასავლელ პარტნიორებს ჰქონდათ ამ ოფიციალურ შეხვედრებზე გარკვეული პოზიციები. როცა დასრულდება ვიზიტი მე მოველი, რომ ის დამატებით განმარტებებს გააკეთებს. თუმცა, მინდა ცალსახად გითხრათ რომ სახელისუფლებო გუნდს ჩვენს პარნტიორებთან გვაქვს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის გადაადგილებებზე მათთან არის სათანადო ინფორმაცია,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.