LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არიან ბორჯღალოსნების მეტოქეები

58

იაპონიის ქალაქ კიოტოში 2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრებს ბობოლებიდან უელსი და ავსტრალია შეხვდებიან.

 

 

 
ავსტრალია

ავსტრალია ერთ-ერთი უძველესი სარაგბო ქვეყანაა. ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს, ”კენგურუებს” აქამდე გამართულ ყველა მსოფლიო თასზე აქვთ მონაწილეობა მიღებული. გარდა ამისა, ავსტრალია ორჯერ გახდა მსოფლიო თასის გამარჯვებული. 1991 წელს ფინალში მათ ინგლისი დაამარცხეს, ხოლო 1999 წელს საფრანგეთი.

ავსტრალიაში რაგბი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია, რომელსაც ადგილობრივები ჯერ კიდევ 1850-იანი წლებიდან თამაშობენ.

მეტსახელი ”კენგურუები” ავსტრალიიის მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა ბრიტანელი ჟურნალისტებისაგან 1908 წელს მიიღო, როდესაც გუნდი პირველ ტურნეში გაემგზავრა ბრიტანეთსა და ჩრდილო ამერიკაში. მას შემდეგ, რაც ბრიტანელებმა ახალ ზელანდიას ”ოლ ბლექსი” უწოდეს, მათ მიიჩნიეს, რომ მეტსახელს ავსტრალიელი მორაგბეებიც იმსახურებდნენ.

ავსტრალია ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკასთან ერთად ”სამი ერის თასზე” ასპარეზობს.

ამ დროისათვის კენგურუები მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილს იკავებენ.

2015 წლის მსოფლიო თასზე ავსტრალია ფინალში ახალ ზელანდიასთან დამარცხდა. შესაბამისად კენგურუები მომავალ მსოფლიო თასს ტურნირის ვიცე-ჩემპიონის რანგში შეხვდებიან.

 

უელსი

უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის რვავე გათამაშების მონაწილეა. მათი საუკეთესო შედეგი 1987 წელს დაკავებული მესამე ადგილია, როდესაც ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ავსტრალია დაამარცხეს. გარდა ამისა, მსოფლიო თასზე 2011 წელს უელსმა მეოთხე ადგილი დაიკავა.

2015 წლის მსოფლიო თასზე უელსი ასპარეზობას მეოთხედფინალურ ეტაპზე, სამხრეთ აფრიკასთან დამარცხების შემდეგ გამოეთიშა

უელსის ეროვნული გუნდი ”ექვსი ერის თასზე” ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, შოტლანდიისა და იტალიის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს.

ექვსი ერის პირველობა უელსს 4-ჯერ აქვს მოგებული. ბოლოს გუნდი ტურნირის ჩემპიონი 2013 წელს გახდა.

ამ დროისათვის უელსის მორაგბეთა ეროვნული გუნდი მსოფლიო რაგბის რეიტინგში მერვე ადგილს იკავებს.

საინტერესოა, რომ 2017 წლის შემოდგომის ტესტების დროს უელსი საქართველოს კარდიფში, „მილენიუმის“ სტადიონზე უმასპინძლებს.
გასული წლის შემოდგომის ტესტებზე კი უელსელები სწორედ ავსტრალიასთან დამარცხდნენ.
ჩვენი ნაკრების ისტორიაში ეს იქნება პირველი შეხვედრა, რომელსაც უელსელების წინააღმდეგ გავმართავთ (ასაკობრივებში უკვე შევხვედრივართ ერთმანეთს).
“მილენიუმის” სტადიონზე კი აქამდე ერთხელ გვითამაშია – 2015 წელს, მსოფლიო თასის მიმდინარეობისას, ახალ ზელანდიას სწორედ ამ არენაზე დავუპირისპირდით.

 

მარიამ კოსტავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები