LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ დაარბია ბათუმი?!

47

შიდა დაპირისპირება ქვეყნის ძალოვან უწყებებს შორის, თუ – ოპოზიციური ძალების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, ვინ დგას ბათუმში დარბეული ქუჩების, განადგურებული ინფრასტრუქტურისა და დამწვარი მანქანების უკან, ურთიერთბრალდებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გრძელდება.

ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი, ოთარ კახიძე მომხდარს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კლანსა და პოლიციის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირებას უკავშირებს.

  ”ბათუმის აქცია ორგანიზებული იყო და ამის ყველა ნიშანი სახეზეა, ადგილზე წინასწარ მიტანილი იყო ქვები, ჯაჭვები, ”მოლოტოვის კოქტეილები” და აირწინაღები, ხოლო სუს-ის ზონდერი მერაბ ღოღობერიძე არც მალავს, რომ აქციის ორგანიზატორი თავად იყო. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, კიდევ ვინ იყო ხელისუფლებიდან აქციის ორგანიზებაში ჩართული”, –  აცხადებს კახიძე.

 

 

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, ყველა იმ პირის  პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვს, ვისაც ქალაქში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა ევალებოდა.

”ქვეყნის ერთ-ერთი დიდი ქალაქი, რომელიც არის საინვესტიციო და ტურისტული ცენტრი, მთელი ღამის განმავლობაში სახელმწიფომ ორგანიზებულ ხულიგნებს დაარბევინა და არაფერი გააკეთა ვანდალიზმის აღსაკვეთად” აცხადებს ოთარ კახიძე.

ამასთან, ევროპული საქართველოს წევრი 11 მარტს  ბათუმში განვითარებულ მოვლენებში ყოფილი თანაგუნდელების კვალს ვერ ხედავს.

”ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ცდუნებას,  გამოეყენებინა საპროტესტო ტალღა, თუმცა ხელისუფლების მცდელობა, ხელი შეაწმინდოს და ყველაფერი ნაციონალურ მოძრაობას გადააბრალოს, უსუსურია” – ამბობს კახიძე.

 

შიდაკლანური დაპირისპირება და გადაბრალების მცდელობა – ასე აფასებენ პოლიტიკური ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს  „ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მომხდარს საზოგადოებაში არსებულ უკმაყოფილებას უკავშირებს, რომელიც, ხელისუფლების პროვოცირებით,  მასობრივ ძალადობაში გადაიზარდა.

”ქუჩაში გამოსული ათი ადამიანიდან სამი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველია, „ნაციონალური მოძრაობის“ სოლიდარობაც იმ ადამიანებისადმი იყო, რომლებმაც სამართლიანი პროტესტი გამოხატეს. პარტია ემიჯნება  ხელისუფლების მიერ პროვოცირებულ და თვითდინებაზე მიშვებულ ბარბაროსობას” განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

ბათუმის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მერაბ ღოღობერიძის დაკითხვას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობაც“.

”ეს იყო აჭარაში შიდა კლანური დაპირისპირება, ძალოვანმა უწყებებმა   მმართველობის საკუთარი სფეროები  ვერ გაიყვეს და  პროცესები ხელიდან გაექცათ, მთავარი პროვოკატორი ღოღობერიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ  ანტი-თურქული და პროვოკაციული ლოზუნგებით გამოდიოდა, არ  არის დასჯილი ” – ამბობს გოცირიძე.

 

 

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის მთავარ ვერსიას – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და და პოლიციას შორის დაპირისპირებას,  ეკა ბესელია აბსურდულს უწოდებს. მისი განცხადებით, ეს არ არის წინა ხელისუფლება და ოპოზიციის ვერსიასაც სერიოზულად არ განიხილავს.

 

პოლიტიკური კულტურის ახალი სტანდარტი – ასე აფასებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე  ეკა ბესელია.

”ხელისუფლებამ პოლიტიკური კულტურის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, თუ როგორ დაიცვას, უკიდურესად რთულ და დაძაბულ ვითარებაში, სპეცრაზმის გამოყენების დროსაც კი ადამიანის უფლება, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ძალოვანი უწყებების უფრო სწრაფ რეაგირებას, ხალხის მასიდან გამომდინარე შესაძლოა  მსხვერპლი მოჰყოლოდა” –  ამბობს ბესელია.

 

 

ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან?

მმართველი გუნდის წარმომადგენელი ხელს „ნაციონალური მოძრაობისკენ“ იშვერს. ბესელიას თქმითვე, ქუჩაში გამოსულ ადამიანებს სოლიდარობას სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ უცხადებდა, პარალელურ აქციებს აწყობდნენ თბილისში და გეგმავდნენ სხვა ქალაქებშიც.

როგორც ეკა ბესელია მიიჩნევს, ოპოზიციის მიერ მთავარ ეჭვმიტანილად დასახელებული მერაბ ღოღობერიძე, მსგავსი მაშტაბის აქციის ორგანიზებას მარტო ვერ შეძლებდა და  ვექტორის ერთი ადამიანისკენ მიმართვა არსწორია.

”ბათუმში მომხდარ მოვლენებს  კომპლექსური გამოძიება სჭირდება, საჭიროა არამარტო უშუალოდ  მოძალადეების, არამედ ორგანიზატორების იდენტიფიცირებაც. მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ კი პრონციპული რეაგირება  უნდა  მოხდეს. რაც შეეხება ღოღობერიძეს, მის როლს გამოძიება გაარკვევს და ყველა, ვინც კანონს გადააბიჯა, პასუხს აგებს” – აცხადებს მმართველი გუნდის წევრი.

 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მერაბ ღოღობერიძე, სამართალდამცავების მხრიდან დაკითხვას დღემდე ითხოვს. არსებული ინფორმაციით, ღოღობერიძე საგამოძიებო უწყებას ჯერ არ დაუკითხავს.

 

თამუნა გოგუაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები