LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვინ იცის, საწყალ ბავშვებს როგორ აწამებენ ბადრაგები”–მკვლელობაში ბრალდებულებს უთანაგრძნობენ

170

სოციალურ ქსელებში რამდენიმე მომხმარებელი რიტუალურ მკვლელობაში მონაწილეების მიმართ თანაგრძნობას ღიად გამოხატავს.

„ფეისბუქის“ მომხმარებელი, სახელად Domenic Mango მეგობრის,  Nino Moses-ის სტატუსს აქვეყნებს.

“საყვარელო ბექა, დღეს უამრავი ადამიანი დიდი აღტაცებით განსჯის არა თქვენს საქციელს, არამედ თქვენ და თქვენს მეგობრებს. უამრავ ადამიანს მიეცა საშუალება შინაგანი მხეცი დააპუროს თქვენი განადგურებით, რაც იგივე კანიბალიზმია. სამწუხაროდ ამგვარ უჩინარ კანიბალიზმს ადამიანები ფარავენ სხვისკენ თითის გაშვერით. მე ეს ხალხი თქვენი ფრჩხილის ღირსადაც არ მიმაჩნია, რადგან კარგად ვიცი მათი ფასი და მათი ფასი გახვრეტილი გროშიც არაა. ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან , რომ თქვენ და თქვენი მეგობრები ხართ ცივსისხლიანი მკვლელები. ცივსისხლიანი მკვლელები ახლა ტელევიზორსა და კომპიუტერებს უსხედან და სიამოვნებისგან აკანკალებთ, თქვენი სახით მსხვერპლშეწირვის მოლოდინში. გულგრილი ბიომასა, რომელსაც საკუთარი ცხოვრება მიაჩნია სიცოცხლედ, სინამდვილეში კი დიდი ხნის მკვდრები არიან. განსაკუთრებით ეს ეხება ქართველ მორწმუნეებს, რომლებიც ბედავენ უფლის სახელით ისაუბრონ. მე არ გიცნობთ თქვენ პირადად, მაგრამ თქვენმა საქციელმა , რაც უფრო შემზარავია ის და რაც უფრო შემაშინებელი სუსტი გულის მთხლეებისთვის, დამარწმუნა თქვენს დიდ ადამიანობაში. თქვენ მეგობარს დაეხმარეთ ისეთ საქმეში და გაყევით ისეთ გზაზე, რომელ გზაზე გაყოლას ადამიანების უმრავლესობა ვერ შეძლებდა. უფალი ასწავლიდა ამ დიდ მორწმუნეებს, თუ გთხოვენ ერთ გზაზე გაყოლას, გაყევით მათ ორზე. ადამიანები არათუ მკვლელობაში, ერთმანეთს ორი მეტრის მანძილზე არ მიყვებიან სწორედ ისინი, ვინც ახლა თქვენ ღმერთის სახელით გესაუბრებათ. ძალიან დიდი ძალა, დიდი შინაგანი სისუფთავე და კიდევ უფრო მეტი რწმენაა საჭირო იმისთვის, რომ აღასრულო მსგავსი რთული გზა. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ თქვენს მეგობარს დაეხმარეთ ყოველგვარი წვრილმანი განსჯებისა და ყოყმანის გარეშე. მე ვხედავ რამხელა სილა გააწანით ქართულ ჩამყაყებულ საზოგადოებას, რამხელა გამოწვევაა ეს ამ სულგამოცლილი ადამიანებისთვის. ძალზე ეკლიანი და რთული გზა აირჩიეთ, სასოწარკვეთილი გზა. მე არ მოვერიდები ამ სიტყვას, თქვენ სიყვარულის მცნება აღასრულეთ და თავი გაწირეთ ტანჯვისთვის. საუბარიც კი ზედმეტია იმაზე, არის თუ არა ეს ცოდვა. მე ვამბობ, რომ ეს თანაგრძნობაა, ეს მეგობრობისთვის თავდადებაა, ეს დიდი შინაგანი ცეცხლის საბუთია. მეცოდება თუ არა მოკლული? არა, მე ის არ მეცოდება, რადგან ერთი რომ არ ვიცნობდი, მეორე რომ არ ვიცი რა მოტივი ჰქონდა მის შვილს. მე არ ვარ პროკურორი, არც მსაჯული, ეს არაა ჩემი არსი, არ მჭირდება და ამისთვის არ გამოვდგები. მე არ ვილოცებ თქვენი სულის გადარჩენისთვის, რადგან ეს არაა საჭირო. თქვენი სული დიდი ხნით ადრე გადაარჩინა უფალმა და გარწმუნებთ, ის არ სჯის ადამიანებივით. თუ მე მესმის თქვენი , მას არ სჭირდება რამის გაგება, ის თქვენშია და ამას მოწმობს თქვენი თავგანწირვა.

მეამაყებით, ძალიან ვნერვიულობ თქვენს ხვედრზე და ვისურვებდი თქვენნაირ მეგობარს. გარწმუნებთ, ჩემი საყვარელი მეგობრებიც იგივე აზრზე არიან.”

 

მოგვიანებით, საკუთარი მოსაზრება დაწერა „ფეისბუქზე“Domenic Mango-მაც. იგი ამბობს, რომ ბრალდებულ ბექა შენგელიას პირადად იცნობს და მისგან ასეთ სისასტიკეს არ მოელოდა, თუმცა საზოგადოების რეაქცია იმაზე საშინელია, ვიდრე დანაშაული, რომელიც ახალგაზრდებმა ჩაიდინეს.

 

„ჯერ მე პირადი განცხადება არ გამიკეთებია იმ 5 ახალგაზრდაზე, რომელმაც სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა. უპირველეს ყოვლისა აუცილებლად უნდა ვთქვა ის, რომ თვითონ ფაქტი შემზარავი და გაუმართლებელია. წარმოდგენაც კი მზარავს ამ შემთხვევის მიმდინარეობის და მით უმეტეს ასეთი სასტიკი მიმდინარეობის. რამდენადაც ცუდი დედა არ უნდა ყოფილიყო ის ქალბატონი, (და მე საერთოდ არ ვთვლი, რომ ცუდი დედა იყო) ამ საქციელს არცერთი პროცენტით არ აქვს გამართლება. მით უმეტეს, რომ ეს მკვლელობა კარგად დაგეგმილი და განხორციელებული იყო. აფექტურ მდგომარეობაში რომ მომხდარიყო, კიდევ შეიძლებოდა რამე არგუმენტის თქმა ამ დანაშაულის გასამართლებლად.

საილერს, იგივე ბექა შ-ს ვიცნობ. საკმაოდ საინტერესო და განსხვავებული შეხედულებები ქონდა ყველაფერზე და მისი მოსმენა ჩემს დაბადების დღეზე სიამოვნებას გვანიჭებდა ყველას. თუმცა დღეს ყველანი გაოცებულები ვართ მომხდარის გამო. ნამდვილად იყო უცნაური ადამიანი, მაგრამ ვერავინ მოიფიქრებდა, რომ ოდესმე ასეთი დონის სისასტიკის ჩადენა შეეძლო.

მომხდარის გამო დაკავებულია ხუთივე დამნაშავე და ისინი დაისჯებიან კანონის მიხედვით, თუმცა მიუხედავად ამისა, საზოგადოება ავლენს ბევრად უფრო ცუდ თვისებებს, ვიდრე თავად დამნაშავეებმა გამოავლინეს. საზოგადოება, რომელიც ალბათ საკუთარი ხელებით გაუკეთებდა ამ 5 ახალგაზრდას იმაზე უფრო საშინელს, ვიდრე ისინი იმ მოხუც ქალბატონს მოექცა. ჩემს მიერ გაზიარებული წერილიც სწორედ ამ თემაზე გახლავთ, რომელიც საზოგადოებამ რათქმაუნდა ისევე დამახინჯებულად გაიგო, როგორიც თავად არის. ხალხის გაცხადებები: დაწვით, მოკალით, დაანაკუწეთ, ნაწლავები ამოაცალეთ და ა.შ, არაფრის მომტანი არ არის გარდა იმისა, რომ თავად ამ ხალხმა გამოაჩინოს საკუთარი ბევრად უფრო დაუნდობელი და სასტიკი შინაგანი მხარეები.“

 

ამას გარდა, ბექა შენგელიას რამდენიმე მეგობარმა, მის მიმართ თანაგრძნობის გამოსახატავად, პროფილის სურათად რიტუალურ მკვლელობაში ბრალდებულის ფოტო დააყენა.