LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ მონაწილეობს და რას მოვისმენთ 31 დეკემბრის საახალწლო გალაკონცერტზე

112

ვარდების ბაღში საახალწლო გალაკონცერტი, რომლისთვისაც უამრავი მუსიკოსი დიდი ხანია, ემზადება, სტარტს 31 დეკემბერს, ღამის 11 საათიდან აიღებს. პროგრამა ორი საათის განმავლობაში გაგრძელდება. მას ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი და მსახიობი იმედა არაბული გაუძღვებიან.

კონცერტის თემატიკა საკმაოდ საინტერესოა, სრულიად ახალი ქართული საახალწლო სიმღერები, რომლებიც 25-მა ქართველმა კომპოზიტორმა სპეციალურად წლევანდელი გალასთვის შექმნა. იმის გათვალისწინებით, რომ საახალწლო სიმღერა ქართულ ენაზე ძალიან ცოტა გვაქვს, ჩანაფიქრი ურიგო არ არის, შედეგს 31 დეკემბრის საღამოს ვნახავთ და მოვისმენთ.

კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი, კომპოზიტორი მიშა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ეს, პირველ რიგში, სოციალური პროექტია, ვინაიდან წლებია, ქართველ კომპოზიტორებს არ ჰქონიათ შეკვეთები და მით უმეტეს, საახალწლო სიმღერებზე.

„ქართველ კომპოზიტორებს სრული თავისუფლება მივეცით“, აღნიშნავს „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურ საუბარში საახალწლო გალაკონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი, – „კომპოზიტორებმა თავად შეარჩიეს ის გუნდი, ტექსტის თუ არანჟირების ავტორები, რომლებიც მათთან ერთად იმუშავებდნენ და ასევე ის მომღერლები, რომელთაც თავიანთი სიმღერების შესრულებას ანდობდნენ. ეს არის სრულიად განსხვავებული კონცერტი, სადაც ახალ ქართულ საახალწლო სიმღერებს მოისმენთ და ჩვენ ვიცით, რომ ამ მხრივ დიდი რეპერტუარი არ არსებობს. კონცერტის მსვლელობისას ყველა გემოვნების ადამიანი მისთვის სასურველი ჟანრის სიმღერას მოისმენს. ვინც წერს და აქტიურია, ყველა ჩართულია ამ კონცერტში“.

როგორც შევიტყვეთ, კომპოზიტორებიდან გალაკონცერტში მონაწილეობას იღებენ დათო ევგენიძე, მაცაცო სებისკვერაძე, მაიკო კაჭკაჭიშვილი, ზაზა მარჯანიშვილი, ოთარ ტატიშვილი, მარიკო კვალიაშვილი და სხვა ცნობილი სახეები, მომღერალთა ჩამონათვალიც საკმაოდ დიდია – თამრიკო ჭოხონელიძე, გიორგი მახარაშვილი, ვერიკო ტურაშვილი, სოფო გელოვანი, კახა კუხიანიძე, ეკა დოლიძე, გიორგი მეფისაშვილი, ელენე კალანდაძე, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, ნიკა მაჩაიძე და ტუსია ბერიძე, სოფო ბედია, მარიკო ებრალიძე და “ჯორჯიან სიქსი” და “ირიაო” სხვანი.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები