LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ შეუშალა ხელი ბათუმში „ტრამპ თაუერის” აშენებას

111

„სილქ როუდ ჯგუფი“ 6-წლიანი კონსერვაციის შემდეგ „ტრამპ თაუერის“ პროექტის გაგრძელებას გეგმავს. როდის განახლდება პროექტი და რა თანხის ინვესტიცია განხორციელდება მასში- ამ კითხვებზე საპასუხოდ ”ფორტუნა” „სილქ როუდ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. როგორც აქ განმარტეს, ამ ეტაპზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ტრამპის ორგანიზაციასთან და დეტალები მხოლოდ მას შემდეგ გასაჯაროვდება, როცა ამერიკული მხარე „სილქ როუდ ჯგუფს” ამის უფლებას მისცემს.

”ჯერჯერობით იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვით, რაც „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების ხელმძღვანელმა გიორგი მარრიმ საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსთან” განაცხადა. ეს არის კომპანიის ოფიციალური პოზიცია. პროექტის დაწყების თარიღი, ინვესტიციის მოცულობა და სხვა დეტალები კი ტრამპის ორგანიზაციასთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გასაჯაროვდება”, – აღნიშნეს „სილქ როუდ ჯგუფში”.

კომპანიის უძრავი ქონების ხელმძღვანელის ინფორმაციით, „ტრამპ თაუერ ბათუმის“ მშენებლობას თავის დროზე აჭარის ყოფილიმა მთავრობამ შეუშალა ხელი. როგორც გიორგი მარრიმ აღნიშნა, 2012 წელს აჭარის იმდროინდელმა მთავრობამ პროექტის პირობები არ შეასრულა.

”სილქ როუდ ჯგუფი’’ წააწყდა მოულოდნელ წინააღმდეგობებს აჭარის იმდროინდელი მთავრობის მხრიდან – არ შესრულდა პროექტით გათვალისწინებული პირობები, მიუხედავად იმისა, რომ ეს დეტალები მთავრობის მიერ მოწონებული გენერალური გეგმის ნაწილი იყო და ამ კონფიგურაციით იყო წარდგენილი ინვესტორებთან როგორც ნიუ იორკში, ასევე ბათუმში. სწორედ ამ გაურკვევლობის გამო გადაიდო პროექტი”, – აღნიშნა მარრიმ ”ინტერპრესნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, პროექტის განხორციელება შეჩერდა იმის გამოც, რომ ფასების ზრდა უძრავ ქონებაზე რეგიონში სასურველი ტემპით არ მიდიოდა.

ამის მიუხედავად, როგორც კომპანიის უძრავი ქონების ხელმძღვანელი ამბობს, ”სილქ როუდ ჯგუფს’’ 6-წლიანი სტაბილური ურთიერთობები აქვს ტრამპის ორგანიზაციასთან.
”უძრავი ქონების ბაზრის გაუმჯობესების ფონზე და ბოლო წლებში საქართველოში შექმნილი ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოდან გამომდინარე გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი და ამიტომ, ახლო მომავალში ვგეგმავთ ამ ამბიციური პროექტის გაგრძელებას”, – დასძინა მარრიმ.

 

15208999_1329112783788918_1298228737_n

შეგახსენებთ, „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის პროექტის იდეა 2010 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. 2011 წლის მარტში „სილქ როუდ ჯგუფს“ „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის ლიცენზია გადაეცა. 2012 წლის აპრილში კი, კომპანიის ოფიციალური მოწვევით, საქართველოში იმყოფებოდა აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, „ტრამპ თაუერის“ აშენება „ბათუმი-რივიერას“ ტერიტორიაზე იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები