LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ ყიდის და ყიდულობს ბინებს საქართველოში

საქართველოში სულ 6500 სამშენებლო კომპანიაა რეგისტრირებული. 2017 წელს, 10 500-მდე მშენებლობის ნებართვა გაიცა. აქედან სულ დასრულდა 2 922 შენობა, რომელთაგან ყველაზე მეტი – 860 დედაქალაქშია აშენებული.

მშენებლობა უკვე წლებია საქართველოში ყველაზე მომგებიანი სფეროა. სწორედ ამიტომ, სიმწვანის ბეტონის კორპუსებით ჩანაცვლებას ხელს ვერაფერი უშლის.

ვინ ყიდულობს ამდენ საცხოვრებელ თუ კომერციულ ფართს და რამდენად შეიცვალა ბოლო პერიოდში ბაზარზე არსებული სიტუაცია. ამას ყველაზე კარგად სტატისტიკა აჩვენებს, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ამ სტატისტიკას არ გასცემს. „ფორტუნა“ ანალიზისთვის ზუსტ მონაცემებს ორი თვეა ელოდება, თუმცა უშედეგოდ.

ამის გამო, არსებული სიტუაციის გარკვევა, მოქმედი დეველოპერული კომპანიებით ვცადეთ, რომლებიც ამბობენ, რომ ბოლო წლებში, საქართველოში უძრავი ქონების შეძენის მსურველ უცხოელთა რიცხვი ზრდადია.

 

თბილისი

სტატისტიკის გარეშეც ჩანს, რომ ყველაზე რთული ვითარება თბილისშია – სახელწოდება “ბეტონის ჯუნგლები” დედაქალაქს უფრო და უფრო უხდება.

სახლები შენდება ისეთ ადგილებზე, სადაც მშენებლობები დაუშვებელია. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს ბინები მანამდე იყიდება, სანამ აშენდება – ცუდად შერჩეული ან სახიფათო ადგილმდებარეობის მიუხედავად. საფრთხეს დიდ ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა გაყიდვებიდან ჩანს, რომ უბნის პრესტიჟს საკმადო დიდი მნიშვნელობა აქვს.

ვაკე

როდესაც ქართულ დეველოპერულ ბაზარს ვეხებით, ბუნებრივია, უპირველეს ყოვლისა, კომპანია “აქსისია“ საინტერესო. ეს კომპანია ქართული ბაზრის ერთ-ერთი უძველესი მოთამაშეა, შესაბამისად გაყიდვების დინამიკას თვალს გრძელვადიან პერიოდში ადევნებენ.

„აქსისში“ ამბობენ, თბილისში ბინების შეძენის მსურველ უცხოელთა რიცხვი, მნიშვნელოვნად სწორედ ბოლო ერთი წელია გაიზარდა. ამ ეტაპზე კომპანიის კლიენტთა 35% სწორედ უცხოელია.

როგორც კომპანიის მარკეტინგის სამსახურში „ფორტუნას“ განუცხადეს, მიუხედავად ამისა, მათი სამიზნე ჯგუფი საქართველოსა და უცხოეთში მყოფი ქართველები არიან.

„ჩვენი კომპანიის რეკლამა ძირითადად ქართველებზეა გათვლილი. რაც შეეხება უცხოელებს, ისინი google-ში გაშვებული რეკლამით იგებენ ჩვენს შესახებ. კლიენტი – კლიენტია, ასე რომ, ჩვენ ყველასთან ვურთიერთობთ, თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა უცხოელთა რაოდენობა,“ – აღნიშნეს მარკეტინგის სამსახურში.

მათივე თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მეტი უცხოელი ჭავჭავაძეზე მიმდინარე მშენებლობით ინტერესდება.

 

ვარკეთილი

როგორც კომპანია „დავიდე კომპანიაში“ „ფორტუნას“ განუცხადეს, გარეუბნებში, უცხოელების დაინტერესება შედარებით ნაკლებია.

ამ დროისთვის კომპანია მხოლოდ ვარკეთილში აშენებს საცხოვრებელ კორპუსს და ამბობს, რომ მათი კლიენტების მხოლოდ 20%-ია უცხო ქვეყნის მოქალაქე.

„ჩვენი ბინებით ძირითადად ქართველები ინტერესდებიან და შესაბამისად, კლიენტების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა,“ – განაცხადეს „დავიდე კომპანიაში“.

 

ბათუმი

ქართული კომპანია White sale-ს ბათუმში მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ქეთი დოჭვირმა განაცხადა, მათ კოპლექსში აპარტოტელების შეძენით, ქართველები და უცხოელები თანაბრად ინტერესდებიან.

რაც შეეხება გაყიდვების სტრატეგიას, მისი თქმით, პრიორიტეტი საქართველოა, თუმცა უცხოეთშიც აკეთებენ შესაბამის ენებზე რეკლამებს და ბაზარზე შეზღუდულები არ არიან.

„ქართველების და უცხოელების მხრიდან ინტერესი თითქმის თანაბარია. ჩვენ გვინდა, რომ ბევრი ქართველი ცხოვრობდეს კომპლექსში. ძირითადად ემიგრანტები და ბათუმის საზღვართან ახლოს მცხოვრები ქართველები ინტერესდებიან აპარტოტელების ყიდვით, მათ უნდათ, რომ კარგი ბინა ჰქონდეთ ზაფხულში და მაშინ, როდესაც ისინი არ იქნებიან ადგილზე, შემოსავალი მიიღონ გაქირავების შედეგად,“ – განაცხადა ქეთი დოჭვირმა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში.

 

დეველოპერული ბაზარი

უცხოელები არა მხოლოდ ბინის შეძენაში უწევენ ქართველებს კონკურენციას, არამედ სახლების გაყიდვაშიც. ამ სფეროში ქართულ ბაზარზე, უამრავი საერთაშორისო სამშენებლო კომპანია მუშაობს, თუმცა ჯანსაღი კონკურენციით.

ქართული კომპანია White sale-ის მენეჯერის ქეთი დოჭვირის თქმით, ამ ბიზნესში ქართველ და უცხოელ დეველოპერებს შორის ჯანსაღი კონკურენციაა.

„ყოველდღიურად ახალ-ახალი მშენებლობა იწყება. შესაბამისად კონკურენცია ძალიან დიდია, თუმცა ჩვენთვის და სერვისის განვითარებისთვის ეს ძალიან კარგია,“ – აღნიშნა მან.

 

ბაკურიანი და გუდაური

სამთო კურორტზე ყველაზე მსხვილი დეველოპერული კომპანია „რედ-კო“, რომელიც ახალ გუდაურში 150 მილიონ დოლარიანი ინვესტიციით, საკურორტო ზონას აშენებს, “ფორტუნასთან” აცხადებს, რომ მათი კლიენტების დაახლოებით 60%-ს ქართველები შეადგენენ.

„რედ-კო“ სხვა დეველოპერების მსგავსად, აღნიშნავს, რომ წელს, უცხოელების მხრიდან დაინტერესება, ამ სფეროში, მკვეთრად გაიზარდა.

„წელს კომპანიის კლიენტებს შორის, რეკორდული რაოდენობით უცხოელი იყო. თუმცა, დაახლოებით, 60%-ს მაინც ქართველები შეადგენენ.

ბინებს ძირითადად, ყიდულობენ ის პირები, რომლებსაც თავად უყვართ სრიალი და ასევე, ხედავენ, რომ ეს ძალიან კარგი ინვესტიციაა. ზოგჯერ ორ ბინას ყიდულობენ ერთდროულად, იმ მიზნით, რომ გააქირავონ და თავადაც დაისვენონ,“ – აცხადებენ კომპანიაში.

როგორც „ფორტუნასთან“ ინტერვიუში პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა, მაია ბიჭიკაშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში, მეზობელი ქვეყნების გარდა, საქართველოში ამ მხრივ ინვესტირებით, ევროპელებიც ინტერესდებიან.

„ევროპაში გაცილებით უფრო ძვირი ღირს ასეთი ინვესტიციები, შემოსავალი კი იგივეა. ჩვენ კლიენტებს შორის არიან პოლონელები, ფინელები, გერმანელები და ა.შ.“ – ყვება მაია ბიჭიკაშვილი.

ზოგად სურათში კი, მისივე თქმით, უცხოელებს ძირითადად რუსები და უკრაინელები წარმოადგენენ.

„არ აქვს მნიშვნელობა, გეოგრაფიული თვალსაზრისით, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები შეიძენენ ბინებს. ქართველებიც და უცხოელებიც იმაზე არიან ორიენტირებული, რომ ინვესტიცია ჩადონ და შემდეგ, დამსვენებლებზე გააქირავონ, როგორც ქართველებზე, ასევე უცხოელებზე,“ – განმარტავს მაია ბიჭიკაშვილი და დასძენს, რომ ეს იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ კურორტზე დასასვენებლად (როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავლენ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის მარტში, ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით, თბილისი ლიდერობს, მეორე ადგილზეა ბათუმი, მესამეზე – გორი. ხუთეულში ასევე შედის მცხეთა და გარდაბანი.

მშენებლობის სფერო საქართველოში ინვესტიციების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია

ინვესტიციები საქართველოში გაზრდილია და ეს ზრდა, მხოლოდ სამ კომპონენტზე დაყრდნობით მოხდა: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, საფინანსო სექტორი და მშენებლობა, მათი წილი მთლიან ინვესტიციებში 60%-ს აღემატება. ასე რომ, მშენებლობის დარგი საკმაოდ წარმატებულია, სავარაუდოდ სწორედ იმიტომ, რომ მასში უცხოელების დიდი დაინტერესება ჩანს.

სავარაუდოდ სწორედ უცხოელები განაპირობებენ მის ფასსაც, რადგან თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, “საბანკო სესხების გაცემის სისტემის ანალიზი აშკარას ხდის, რომ რეალურად, მოსახლეობის 70%-ს არ გააჩნია საშუალება, შეიძინოს ახალი საცხოვრებელი ფართი. უძრავი ქონების შეძენა ძირითადად ქართველებისთვის, ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულით ან ბანკის სესხებით ხდება შესაძლებელი.

 

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები