LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინც გირჩის ორგანიზაციაში გაწევრიანდა, მართლმადიდებლები აღარ არიან“

337

„მეგონა რომ ხუმრობა იყო – მაგრამ, ასეთი თემებით ხუმრობაც კი არა მგონია ჯანსაღი იყოს“ – ასე გამოეხმაურა დეკანოზი ალექსანდრე გალდავა „გირჩის“ მიერ შექმნილ რელიგიურ ორგანიზაციას.

მისი თქმით, ყველამ ვინც ამ ორგანიზაციაში გაწევრიანდა, მართლმადიდებლობაზე უარი თქვა.

„ყველა ადამიანი ვინც მივიდა ამ ფსევდო ეკლესიაში, გაწევრიანდა და რაღაც თანამდებობები მიიღო (მე მათ მღვდელმსახურს ვერ ვუწოდებ) მათ თავისი თავი ეკლესიის გარეთ დააყენეს. ისინი აღარ არიან მართლმადიდებლები. ვინც მიდის ამ ეკლესიაში ისინი უარს ამბობენ მართმადიდებლურ რელიგიაზე“, – განაცხადა დეკანოზმა გადაცემა „რეაქციაში“.

მისთვის გამართლება არ აქვს, არც ამ ორგანიზაციის შექმნის მთავარ მიზანს და არც მისი წევრების მოტივებს. დეკანოზი მიიჩნევს, რომ ჯარის გაუქმების მოთხოვნით ორგანიზაციაში გაწევრიანება ახალგაზრდებისთვის დიდი საცდურია.

„ჯარის კი არა, წამებისა და სიკვდილის გამო არ უნდა თქვას მართლმადიდებელმა რელიგიაზე უარი. ჩვენი საეკლესიო პრაქტიკა ასე გვასწალის. მათ არ იციან რომ ნათლობის დროს თქვეს „ერთი წმინდა კათოლიკე, სამოციქულო ეკლესია“ – ამას ვაღიარებთ. ეს არის მართლმადიდებლობის მრწამსი. ამ ახალგზარდებმა შეიძლება არ იცოდნენ, იმიტომ რომ განათლებას არ ვაძლევთ და ჩვენი ბრალია ეს და სახელმწიფოსი. თუ ლიდერებმაც არ იციან ეს უკვე პრობლემაა, თუ იციან და მაინც აკეთებენ ეს კიდევ უფრო უარესი პრობლემაა“, – განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციას რელიგიის არც ერთ აღმსარებლობასთან საერთო არაფერი აქვს.

„რა ბიბლიურ თავისუფლებაზე საუბრობენ, მოციქულების სახელებიც კი არ ეცოდინებათ. ეს არის ლიდერების დიდი დანაშაული, ხოლო იმ ახალგაზრდებისთვის დიდი საცდური. ამ ახალგაზრდებს რომ უთხრათ – ისედაც არ მიდიხართ ჯარში, დარჩებოდით თუ არა ამ ბიბლიურ თავისუფლებაში? თუ ისინი შეგნებულად დარჩებიან და გაუგონარ რელიგიას აირჩევენ, რომელშიც აჯაფსანდალია ბაპტიზმის, პროტესტანტიზმის და განსხვავებული მცნებებია, ეს სხვა რაღაცაა“,- განაცხადა დეკანოზმა.

ამის საპასუხოდ „რეაქციის“ დარბაზში მყოფმა ახალგაზრდებმა, რომლებიც ორგანიზაციაში არიან გაწევრიანებულები განაცხადეს, რომ მათ ამ რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანებისას აღმსარებლობა არ შეუცვლიათ.

„ისევ იმის მწამს, რისიც მწამდა. ამასთან მე არ მიმაჩნია სწორად, რომ სხვამ მითხრას – შენ არ ხარ მართლმადიდებელი. ამ ორგანიზაციაში გავწევრიანდი იმიტომ, რომ მსურს ჯარიდან თავის არიდება, ასევე მომწონს ის თავისუფლება, რომელიც ამ ორგანიზაციაში. საქართველოში არის ბევრი შეზღუდვა და საჭიროა მეტი თავისუფლება – ქადაგება თავისუფლებაზე. ყველაფერს ვაკეთებ, რომ აღნიშნული იდეოლოგია გავრცელდეს“, – განაცხადა ახალგაზრდამ, რომელსაც ორგანიზაციაში გაწევრიანებით მღვდელმსახურის სტატუსი მიენიჭა.

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება თუ ის არის მღვდელმსახური ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობს – სწორედ ამ მთავარი მოტივით შეიქმნა ორგანიზაცია. „გირჩის“ რელიგიურ ორგანიზაციას უკვე 100-ზე მეტი მღვდელმსახური ჰყავს.

რელიგიური ორგანიზაცია ”საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება” 2017 წლის მარტში დარეგისტრირდა და როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მღვდელმსახურის წოდების მისაღებად მოქალაქეები რიგს ამ დრომდე უცდიან.

თამთა უთურგაშვილი