LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც უფრო მეტს იმუშავებს, ის გაიმარჯვებს – საქართველოს მაქსიმუმი უნდა

60

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩის ჩასატარებლად ლატვიის დედაქალაქში ჩარტერული რეისით გაემგზავრა. მასპინძელ სტადიონზე ჩვენი გუნდის საწვრთნელი პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. „დაუგავას“ სტადიონზე საქართველოს ნაკრებმა 23-კაციანი შემადგენლობით ივარჯიშა, რიგაში მყოფი ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა და მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა და ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ ქართული და ლატვიური მედიის შეკითხვებს უპასუხეს.

ვლადიმირ ვაისი

„ლატვიას იმაზე ნაკლები ქულა აქვს ვიდრე თამაშის ხარისხს აჩვენეს. ერთა ლიგისთვის ნაკრებში ახალი მწვრთნელი მოვიდა, რომელმაც სათამაშო სქემა შეცვალა და გუნდი 4-4-2 ტაქტიკაზე გადაიყვანა. ლატვია კარგად იცავს თავს, განსაკუთრებით კი, მოედნის ცენტრს და სახიფათო სტანდარტებს ასრულებს. ჩვენ სწორედ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად და ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ.

ორი განსხვავებული სათამაშო სქემის დაპირისპირება იქნება. შესაძლოა ჩვენი საშინაო შეხვედრის მსგავსი თამაში ვიხილოთ, თუმცა ვნახოთ ორივე გუნდი გამარჯვებისთვის ითამაშებს და ვფიქრობ, გულშემატკივარი საინტერესო, გახსნილ მატჩს იხილავს. ჩვენ ჩაკეტილი ფეხბურთის თამაშს არ ვაპირებთ, რადგან ეს სახიფათოა. ვისი ტაქტიკაც იქნება უკეთესი, ვისაც უფრო გაუმართლებს და ვინც უფრო მეტს იმუშავებს მოედანზე ის გაიმარჯვებს.

დადებითი შედეგის ჩვენება გვსურს და მოსაგებად ვითამაშებთ, ვნახოთ რას დაგვიპირისპირებს მეტოქე, რომელიც ცუდად ნამდვილად არ თამაშობს. ძალიან მიხარია, რომ გოლს არ ვუშვებთ და ეს მთელი გუნდის დამსახურებაა. ვთვლი, რომ გუნდს ახლა უფრო უკეთ ესმის რას ვითხოვთ ჩვენ მათგან და რა არის საჭირო იმისთვის, რომ თანამედროვე ფეხბურთი ვითამაშოთ. გუნდის თამაში ახლა უკეთ ორგანიზებულია, განსაკუთრებით კი დაცვაში. რა თქმა უნდა, ესპანეთის, ინგლისისა და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ არ გვიწევს თამაში, თუმცა ამ ეტაპზე გუნდი კარგად მუშაობს.

ჯერ არაფერი არ არის მიღწეული, ამიტომ მხოლოდ თამაშზე ვართ კონცენტრირებული. რა თქმა უნდა, ყველა ვფიქრობთ ჯგუფიდან გასვლაზე და ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა. ყველაფერი ჩვენს ხელშია.“

 

გურამ კაშია

„ჩემი აზრით, პირველ შეხვედრაში ლატვიამ დაცვითი ფეხბურთი გვეთამაშა. ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია, როდესაც მეტოქე 11 ფეხბურთელით თავს იცავს გოლის გატანა ძნელდება

იმედი მაქვს, რომ ახლა განსხვავებულ მატჩს ვიხილავთ, ლატვიას მოსაგები აქვს თამაში და შესაბამისად უნდა შემოგვიტიოს. ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო დიდი შანსი გვექნება თამაშის მოსაგებად. ბოლო ორ შეხვედრაში დაცვითი გუნდების წინააღმდეგ მოგვიწია თამაში და ეს გულშემატკივრისთვის არც თუ ისე სასიამოვნო საყურებელია, ამიტომ თუ ლატვია თამაშს გახსნის ეს ყველასთვის კარგი იქნება.

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები პლეი-ოფში კონკრეტულ მეტოქეზე არ ვფიქრობთ, ჩვენი მიზანი არის ამ ჯგუფის მოგება და ქულათა მაქსიმუმის დაგროვება, რათა მომავალ მეტოქეს საკუთარ მოედანზე ვუმასპინძლოთ. ეს ფაქტორი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი გულშემატკივარი დიდი ძალაა.“

საქართველოს ეროვნული ნაკრები სამი ტურის შემდეგ მოპოვებული სამი გამარჯვებით, ერთა ლიგის D ზონის პირველ ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს.

მეოთხე ტურის შეხვედრა ლატვიისა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე რიგის „დაუგავაზე“ გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები