LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორ დოლიძე – თავდაცვის სტრატეგიულ დოკუმენტში საფრთხეები ადეკვატურად არის შეფასებული

77

თავდაცვის სტრატეგიულ დოკუმენტში საფრთხეები ადეკვატურად არის შეფასებული, “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

დოლიძე დოკუმენტის რამდენიმე მონაკვეთს გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ ”კრემლი აქცენტს გააკეთებს „რბილი ძალის“ გაძლიერებაზე, რომ მოახდინოს პრორუსული ჯგუფების გაძლიერება და დასავლური კურსის დისკრედიტაცია, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ძალების ყოფნის პირობებში, შენარჩუნდება ფართომასშტაბიანი აგრესიის განახლების საფრთხე”.

”ორივე ნახსენები საფრთხე რომ რეალურად საფრთხეა, ამას ბევრი კამათი არ ესაჭიროება. რაც შეეხება პროპაგანდას, ეს არა მხოლოდ საქართველოს და რეგიონის, არამედ საერთო ევროპული და ევროატლანტიკური საფრთხეა და ჩვენ სწორედ ამიტომაც ვებრძვით ამ პროპაგანდას. რაც შეეხება სამხედრო საფრთხეს, როცა ოკუპანტი კილომეტრნახევრიან დაშორებაში იმყოფება ცენტრალურ მაგისტრალთან, ეს რომ საფრთხეა, ამასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა არ ისმის, მაგრამ საქართველო არის მშვიდობისმყოფელი და მშვიდობიანი ქვეყანა. მიუხედავად ამისა, თავის თავდაცვის რესურსებს მხოლოდ იუმჯობესებს და მომავალშიც გააუმჯობესებს, ისევე როგორც ნატო-სთან თავსებადობის მიღწევა სრულად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის ინტეგრაციული პროცესების კვალდაკვალ. ასე რომ, საფრთხეები ადეკვატურად არის შეფასებული თავდაცვის სტრატეგიულ დოკუმენტში”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები