LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირუსები და მათი პრევენცია – ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი გადაცემაში „სტუმრად ექიმთან”

263

შემეცნებითი ხასიათის, ინტერაქტიულმა პროექტმა ”სტუმრად ექიმთან” სტარტი აიღო. ყოველ ოთხშაბათს, 20:00 საათზე, „ავტორადიოს“ ცნობილი ექიმები ესტუმრებიან.  სწორედ ამ ადამიანებისგან მიიღებს საზოგადოება პასუხს აქტუალურ თემებსა და პრობლემებზე, ასევე მითებსა და ალტერნატიული მკურნალობის მეთოდებზე,  სიმპტომების სწორ კვალიფიკაციასა და დროულ პრევენციაზე. გადაცემის პირველი სტუმარი „ამტელ-კლინიკის” პედიატრიის განყოფილების ხელმძღვანელი, ცნობილი პედიატრი, ქალბატონი ინგა მამუჩიშვილი იყო, რომელმაც ვირუსებსა და მათი პრევენციის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

– ქალბატონო ინგა, ვირუსების გავრცელების პერიოდში მეტად აქტუალურია კითხვა, თუ რამდენად საშიშია ვირუსული ინფექციები და შესაძლებელია თუ არა მათი მართვა?

– მართალია, ვირუსები უკვე მძვინვარებს ჩვენს ქვეყანაში, რადგან სწორედ ახლა შედის ის აღზევების პერიოდში. მშობლები პანიკაში არიან, უამრავი კითხვა აქვთ, აინტერესებთ, რა გააკეთონ გრიპის ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში. მოგახსენებთ, რომ ვირუსული ინფექციები – ეს სასუნთქი სისტემის, ძირითადად ლორწოვანის დაავადებებია. ვირუსული ინფექციების აქტივიზაციის პერიოდში ერთვება მთლიანად ლორწოვანი სისტემა, დაწყებული სასუნთქი სისტემით, დასრულებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტით. მაგრამ ძირითადად მაინც სასუნთქი სისტემის ლორწოვანი ზარალდება, რადგან ვირუსის შეჭრის ადგილი სასუნთქი სისტემის ლორწოვანია. ძალიან ხშირად მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილები ხშირად ხდებიან ავად და მათი სუსტი წერტილი ყელია. მინდა დავამშვიდო ყველა და ვუთხრა, რომ ეს არა სუსტი წერტილი, არამედ უბრალოდ ვირუსის შეჭრის ადგილია, რადგან ნუშისებურ ჯირკვლებზე, იგივე გლანდებზე არის ლორწოვანის დეფექტის ადგილები, სადაც ხდება ვირუსის მიკვრა, შემდეგ ორგანიზმის მიერ ამ ანტიგენის შეცნობა, ორგანიზმში შეჭრა ანტისხეულების გამომუშავების და ე.წ. იმუნური ორგანოს ჩართვის მექანიზმით. ვირუსები სხვადასხვანაირია. არსებობს შედარებით მარტივი – ლინოვირუსები, რომლებიც ძირითადად ადრეულ შემოდგომაზე იწყება – ჩვეულებრივი ცხვირიდან გამონადენით და პერიოდული წამოხველებით. მოგვიანებით ვითარდება პარაგრიპის ვირუსები, რომელიც ძირითადად ლარინგიტით გამოიხატება. ლარინგიტი ე.წ. კრუპის სინდრომია, რომლის შიშიც ხშირად აქვთ მშობლებს და სხვათა შორის სულაც არაა ეს შიში უსაფუძვლო. შემდგომში ვითარდება რესპერატორულ-სინსიტიალური ვირუსები, რომლებიც ძირითადად ბავშვებში ვითარდება. მას ახასიათებს სასუნთქი სისტემის ქვედა ნაწილის დაზიანება, რაც ძირითადად პნევმონიების განვითარებას იწვევს. აქვე აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი ენტეროვირუსებს. მშობლები ხშირად ენტეროვირუსებად მხოლოდ ნაწლავურ სინდრომს აღიქვამენ, რომელიც ენტეროვირუსული ინფექციისთვის სულაც არ არის დამახასიათებელი. ენტეროვირუსი კოქსაკიეხოს ვირუსებით გამოწვეული ვირუსული ინფექციებია, რომელთაც ძირითადად ენცეფალიტების, მენინგიტების და ძალიან ხშირად კარდიტების განვითარება ახასიათებთ, ასევე ნაწლავური ვირუსული ინფექციები, ე.წ. როტავირუსები, რომელთაც ხშირად მკურნალობაც არ ესაჭიროებათ, საჭიროა მხოლოდ გარკვეული დრო და სითხეებით დატვირთვა.

14961442_1384218874951852_1092846648_n– ვირუსების პერიოდში, როცა ყველა ვირუსს აქვს განვითარების პიკი, როდის უნდა ველოდოთ აფეთქების სეზონს?

– ყველაზე სერიოზული ვირუსული ინფექცია – სეზონური გრიპის ვირუსია, ე.წ. H3, რომელიც ძირითადად დეკემბერ-იანვრის თვეებზე მოდის. სეზონური გრიპი, როგორც წესი, მოსახლეობის ძალიან დიდ მასას, ბავშვებთან ერთად, დიდებსაც მოიცავს. გრიპის ვირუსი, ისე როგორც სხვა ვირუსები, სპეციფიკურ მკურნალობას არ საჭიროებს. აუცილებელია მხოლოდ სწორი მოვლა, სითხეების მიღება და პირადი ჰიგიენის წესების დაცვა. ყველაზე მნიშვნელოვანია მკაცრი კონტროლი ბავშვთა დაწესებულებეში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყვნენ დაშვებული ვირუსით დაავადებული ბავშვები სკოლებსა და ბაღებში. მინდა გამოვთქვა ჩემი გულისტკივილი, რადგან სკოლაში, გარკვეული გაცდენების დაგროვების შემდეგ, მათ გამოცდების ჩაბარება უწევთ. ამგვარი შედეგის თავიდან ასაცილებლად კი, მშობლები იძულებულები არიან ავადმყოფი ბავშვები სკოლაში გაუშვან. დასნეულებული ბავშვები კი, სხვების დასნეულებასაც იწვევენ. როგორც უკვე აღვნიშნე, გრიპის ვირუსი დეკემბერ-იანვარშია მოსალოდნელი, თუმცა არსებობს პრევენციული ღონისძიებები, რომელთა შორისაა გრიპის ვაქცინაციაც.

– მშობლების ნაწილი მიიჩნევს, რომ გრიპის ვაქცინა კონკრეტული ვირუსის წინააღმდეგაა შექმნილი და არ მოქმედებს ყველა იმ ვირუსზე, რომელიც შესაძლოა გავრცელდეს სეზონის განმავლობაში. როგორ მოქმედებს ვაქცინა გრიპის წინააღმდეგ სინამდვილეში, რამდენად ეფექტურია, რა პერიოდში უნდა ველოდოთ შედეგს და ვისთვისაა ის განკუთვნილი?

– გრიპის ვაქცინა მთელ მსოფლიოშია  აპრობირებული და მას აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს ის სხვადასხვაა – იმ ანტიგენური შემადგენლობით და იმ შტამპებზეა გათვლილი, რომლებსაც ჩვენ ველით ამ პერიოდისათვის. რა თქმა უნდა, ვაქცინა ყველა ვირუსისგან ბავშვს ვერ დაიცავს, მაგრამ ის აუცილებლად დაიცავს სერიოზული გართულებებისგან, რომლებიც შესაძლოა თან ახლდეს გრიპს. გრიპი ვირუსული ინფექციაა, რომელიც მაღალი ცხელებით, თავის ტკივილით, ღებინებით, ზოგადი სისუსტით, სახსრების და ძვლების ტკივილით იწყება და თან ახლავს მრავალი გართულება, იმუნური სისტემის დათრგუნვის გამო. შესაძლოა ჩამოყალიბდეს პნევმონია, მენინგიტი და ენცეფალიტი. სასურველია ყველა ბავშვი აიცრას, პირველ რიგში კი, რისკის ჯგუფები, რომელთაც ხშირად და ხანგრძლივად მოავადე ბავშვები, ქრონიკული პათოლოგიების მქონე ბავშვები – თირკმლის პათოლოგიით, შაქრიანი დიაბეტით, ბრონქული ასთმით დაავადებული ბავშვები მიეკუთვნებიან. ძალიან მნიშვნელოვანია აიცრან ამ ვაქცინით ორსულები და ისინი, ვისაც სხვადასხვა დაავადებების განვითარების მაღალი რისკი აქვთ. ვაქცინაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა. არ იცრებიან სიცხიანი ბავშვები და ისინი, ვისაც  ჰიპერმგრძნობელობა აღენიშნება კვერცხის ცილაზე.

img_4041

– გრიპის ვაქცინაცია მხოლოდ ორსულებისთვისაა რეკომენდებული თუ მათთვისაც, ვინც გეგმავს დაორსულებას?

– ორივე შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ორსულებისთვის განსაკუთრებით აუცილებელია, რადგან გრიპის გამომწვევი ვირუსი ძალიან ტოქსიკურია ორსულობის პერიოდში და მან შესაძლოა სხვადასხვა გართულება გამოიწვიოს.

– თქვენი აზრით, რატომ ავადდება ბავშვთა ერთი ნაწილი ხშირად, მეორე კი, პირიქით – იშვიათად?

– ზოგადად ყველაფერი გენეტიკაზეა დამოკიდებული. სწორედ გენეტიკა და სოციუმი ერთობლიობაში ქმნიან სხვადასხვა დაავადებას. ზოგჯერ, მხოლოდ მშობელს ეჩვენება, რომ ბავშვი ხშირად ავადობს, სინამდვილეში კი, ეს აბსოლუტური ნორმაა. წლამდე ბავშვი ნაკლებად ავადობს, რადგან ხშირი ავადობის საუკეთესო პრევენცია ძუძუთი კვებაა. თუმცა, როგორც კი შეწყდება ბუნებრივი კვება, დედისგან მიღებული იმუნიტეტის განლევა ხდება და ბავშვი, რომელსაც საკუთარი იმუნიტეტი ჯერ არ აქვს, უფრო ხშირად ავადდება. რა თქმა უნდა, თუ ბავშვი ეპიდემიურ გარემოში ხვდება, ის აუცილებლად აიღებს ამ ვირუსს, რადგან მან უნდა გამოიმუშავოს იმუნიტეტი. ჩვენ კი,  საშუალება უნდა მივცეთ ნორმალურად ჩაათავოს ავადობა. არ არის საჭირო დროზე ადრე მედიკამენტების მიცემა. მთავარი არა ხშირი ავადობა, არემედ ავადობის ხანგრძლივობაა. შესაძლოა ვირუსულ ინფექცია ბაქტერიული ინფექციით გახანგრძლივდეს. ამ შემთხვევაში უნდა ვეძებოთ მიზეზი, თუ რატომ განვითარდა ეს ინფექცია. მშობლები მაქსიმალურად უნდა ცდილობდნენ ბავშვების გაკაჟებას კურორტული მკურნალობით, დაბალანსებული კვებით და ჰაერზე ხშირი გაყვანით. აუცილებლად უნდა აკონტროლოს, რომ ბავშვი არ მოხვდეს ვირუსულ გარემოში.

– ქალბატონო ინგა, აუცილებლად მინდა გკითხოთ ანტიბიოტიკების შესახებ. მშობლებისა და ექიმების ნაწილი კატეგორიულ უარს აცხადებს ანტიბიოტიკების მიღებაზე, მეორე ნაწილი კი, ხშირად მიმართავს ამ მეთოდით მკურნალობას, რათა ბავშვი გართულებებისგან დაიცვას. რა შემთხვევაში შეიძლება ჰორმონალური პრეპარატებისა და ანტიბიოტიკების გამოყენება?

– ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობა დღეს საქართველოში ძალიან არა მიზანმიმართულად ხდება. არარაციონალურია ანტიბიოტიკების გამოყენება. ვირუსული ინფექციის დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენება, რადგან ეს ბაქტერიის საწინააღმდეგო პრეპარატია და არა ვირუსის. ვირუსული ინფექციის დროს მხოლოდ სიცხის დამწევ საშუალებებს უნდა მივმართოთ. იმ შემთხვევაში კი, თუ ვირუსული ინფექცია ხუთ დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა და თან გართულებებიც დაერთო, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. არაა გამორიცხული საჭირო გახდეს მოდიფიცირებული მკურნალობის ჩატარებაც. რაც შეეხება ჰორმონალურ პრეპარატებს – აბსოლუტურად არასწორად მიმაჩნია ვირუსული ინფექციების დროს ჰორმონალური პრეპარატების დანიშვნა. ჩემი აზრით, ამგვარი პრეპარატების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, როცა სხვა პრეპარატებმა ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. თუმცა, ამას მხოლოდ მკურნალი ექიმი წყვეტს.

– რამდენად ხშირია შემთხვევები, როცა მშობლები ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით იწყებენ ბავშვების ანტიბიოტიკებით მკურნალობას?

– ძალიან ხშირად მშობლები პირველივე დღეს აძლევენ ბავშვებს ანტიბიოტიკს, თუმცა, სიცხე მაინც ნარჩუნდება, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან ანტიბაქტერიული პრეპარატი არაა სიცხის დამწევი. მშობელი ყოველთვის უნდა ეცადოს მართოს ვირუსული დაავადება დაბალანსებული კვებით და სიცხის დამწევი საშუალებებით, ისიც მხოლოდ მაღალი სიცხის შემთხვევაში. ზოგადად თვითნებური მკურნალობა კატეგორიულად აკრძალულია, რადგან შესაძლოა ამგვარმა მკურნალობამ უკუშედეგი გამოიღოს.

– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ხალხური მედიცინის მიმართ, თქვენი აზრით რამდენად ეფექტურია ამგვარი მეთოდით მკურნალობა?

– ძალიან დიდ პატივს ვცემ ფიტოთერაპიას, თუმცა, თვითნებურად დაწყებას მაინც არავის ვურჩევ. რადგან ჩვენ ალერგიების ეპოქაში ვცხოვრობთ და არაა გამორიცხული გარკვეულმა ბალახმა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხშირად ჩნდება კითხვა, შეიძლება თუ არა ბავშვის ავადმყოფობის დროს დაბანა. ყველას მინდა ვუთხრა, რომ აუცილებელია ბავშვის ხშირი დაბანა, მაშინაც კი, თუ მას ტემპერატურა აქვს.

– რა ტემპერატურა უნდა იყოს სახლში, როცა ბავშვი ვირუსითაა დაავადებული და რა ტემპერატურა უნდა იყოს, როცა მას ვაბანავებთ?

– ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 20 გრადუსს. ბავშვის დაბანა 24 გრადუსზე უნდა მოხდეს, წყლის ტემპერატურა კი, 35-36 გრადუსს უნდა აღწევდეს.

– მართალია, ვირუსების პერიოდში აუცილებელია სითხის მიღება, მაგრამ ბავშვები ხშირად უარს ამბობენ მის მიღებაზე. მშობლები კი, ალტერნატიულ მეთოდებზე გადადიან და ბავშვებს იმ წვენებს აძლევენ, რომელიც მათ უყვარს. რამდენად შეიძლება ამგვარ კომპრომისზე წასვლა?

– ზოგადად, ნებისმიერ ძალადობას ბავშვი ძალადობითვე პასუხობს. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ გარკვეული მიდგომები, რათა მოვახერხებთ ბავშვის სითხით დატვირთვა. ვირუსული ინფექციების დროს ყველაზე მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მეტი სითხის დალევა. თუ ბავშვს არ სურს ჭიქით სითხის დალევა, უნდა გამოვნახოთ მეთოდი, თუნდაც ავიღოთ შპრიცი და ეტაპობრივად, ძალიან მცირე ულუფებით და გარკვეული ინტერვალებით მივაწოდოთ მას სითხე. სითხე აუცილებლად უნდა იყოს დატვირთული მიკროელემენტებით, რომელთა დახმარებით ნეიტრალდება ორგანიზმში ვირუსული ინფექცია, ხდება სიცხის სტაბილიზაცია და აღარაა საჭირო სიცხის დამწევი საშუალებების მიცემა. არაა საჭირო დავაძალოთ ბავშვს საკვები. ავადმყოფობის პერიოდში მან მხოლოდ ის უნდა მიირთვას, რაც მას უნდა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ შოკოლადს, რომელიც სამ წლამდე ბავშვის რაციონიდან აბსოლუტურად უნდა ამოვიღოთ. ზოგადად არ შეიძლება ისეთი საკვების მიღება, რომელიც გააღიზიანებს ალერგიულ ფონს. მცირე ულუფებით უნდა გამოვკვებოთ ბავშვი ხილით და ბოსტნეულით.

– როგორ უნდა ვკვებოთ ბავშვი ავადმყოფობის პერიოდში, როცა ის უარს ამბობს ჭამაზე, შესაძლებელია თუ არა მხოლოდ სითხეების მიცემა?

– ძალიან მნიშვნელოვანია დიდი ოდენობით სითხის მიღება, თუმცა, მცირე ულუფებით საკვებიც აუცილებლად უნდა მიეწოდებოდეს. მშობელი აუცილებლად ყურადღებით უნდა იყოს და თუ შეამჩნია, რომ ბავშვს გაუწყლოების ნიშნები აქვს, დაეწყო კანის გამოფიტვა სუსტადაა და უცრემლოდ  ტირის, აქვს ლეთარგიული მდგომარეობაა, ანუ სულ ძილი უნდა, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია კლინიკაში გადაყვანა და იმფუზური თერაპია.

– არიან ბავშვები, რომლებიც უარს ამბობენ გარკვეული კატეგორიის პროდუქტის მიღებაზე და მათ ”უჭმელ ბავშვებს” ეძახიან, რამდენად საშიშია ამგვარი ბავშვების მდგომარეობა?

– ძალიან ბევრი ე.წ. ”უჭმელი” პაციენტი მყავს, თუმცა ჩემთვის მთავარია, როგორ ვითარდება ბავშვი ფიზიკურად და როგორია მისი ფსიქო-მოტორული მდგომარეობა. ნაკლები კვება აბსოლუტურად ნორმალურია და არაა საჭირო ბავშვის ზედმეტი ვიტამინებით დატვირთვა. აუცილებელია ბავშვს თავიდანვე ჩამოვუყალიბოთ სწორი კვების ნორმები და მთელი დღის განმავლობაში ხშირი წახემსების ნაცვლად, რამდენჯერმე გამოვკვებოთ სწორად.

– მეორე უკიდურესობა ჭარბწონიანობაა, როცა ბავშვი ზედმეტად ბევრს ჭამს და პრობლემებიც ექმნება.

– ზედმეტი წონა ხშირად ბევრად უფრო საზიანოა, ვიდრე მცირე წონა. მსუქანი ბავშვების მშობლებს, როგორც წესი, თავადაც ძალიან უყვართ მირთმევა, ამიტომ ბავშვთან ერთად ხშირად სტუმრობენ სწრაფი კვების ობიექტებს. ბავშვები მიჩვეული არიან მავნე საკვების მიღებას. ბავშვის რაციონი აბსოლუტურად ბალანსირებული უნდა იყოს. ზომიერად უნდა იყოს ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები.

– არის შემთხვევები, როცა მშობლებს თვითნებურად შეაქვთ მცირეწლოვანი ბავშვების რაციონში გარკვეული პროდუქტები. რა ასაკიდან შეიძლება ამა თუ იმ პროდუქტის შეტანა და რა პროდუქტებია ეს?

– ყველაზე სრულყოფილი კვება ბავშვისთვის ძუძუთი კვებაა. ძალიან ბევრ ქვეყანაში, თუ ბავშვი ძუძუზე იმყოფება, მას წლამდე არ ეძლევა არანაირი სხვა პროდუქტი, თუ რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ მისი წონა დამაკმაყოფილებელია. თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, მაშინ დამატებითი კვების შეტანა მის რაციონში 4 თვიდან იწყება, ანუ სწორედ ამ პერიოდში ვაძლევთ მას ბოსტნეულის ე.წ. მონოფაფებს, ანუ მხოლოდ ერთი ბოსტნეულის ფაფას. ეტაპობრივად ხდება რაციონის გამრავალფეროვნება, ე.წ. მულტიფაფების მიწოდება. სასურველია ბოსტნეული სეზონის მიხედვით შევარჩიოთ. 7 თვიდან ბავშვი იწყებს ხორცის მიღებას, თუმცა არავითარ შემთხვევაში ხორცის ნახარშის. ნახარშის მიღება მხოლოდ 3 წლიდანაა რეკომენდირებული და ისიც მხოლოდ მეორე ან მესამე ნახარში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები