LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის დარჩება „რუსთავი 2“ – სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს მიიღებს

107

“რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება ევროსასამართლომ, შესაძლოა, დღესვე მიიღოს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება 8 მარტამდე იყო განსაზღვრული, თუმცა “რუსთავი 2”-ის ადვოკატის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, შედეგები მხარეებს დღესვე ეცნობოს.

როგორც რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში „რუსთავი 2“-ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განმარტა, სტრასბურგის სასამართლოს 8 მარტამდე, ნებისმიერ პერიოდში შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, რაც შეეხება მოლოდინს, სასამართლომ, შესაძლოა, გააგრძელოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების   შეჩერების მექანიზმი,  რაც  „რუსთავი 2“-ის ძირითადი მოთხოვნაა, სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შეთხვევაში, სტრასბურგის სასამართლოში მხოლოდ ძირითადი სარჩელის განხილვა რჩება, რაც დროში გახანგრძლივებული პროცესია.

დიმიტრი საძაგლიშვილი

საქმის განხილვაში მესამე მხარედ  ჩართვას ითხოვს ქიბარ ხალვაშიც. დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით,  სამართლებრივად  შეუძლებელია დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა, რადგან ევროსასამართლოს წესები საქმის წარმოების ამ სტადიაზე მესამე პირის მონაწილეობას არ ითვალისწინებს.

”ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ქიბარ ხალვაში ჩაერთვება თუ არა მხარედ,   ყოველთვის სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოვდიოდით, რომელიც, ფორმალურად,  ქიბარ ხალვაშით იყო წარმოდგენილი , ახლა ეს იქნება იუსტიციის სასამართლო და ქიბარ ხალვაში ერთად.  არანაირი მიშვნელობა არ აქვს” აცხადებს „რუსთავი 2“-ის ადვოკატი.

 

ქიბარ ხალვაშის გეგმები

 ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში საქმის ადვოკატებთან ერთად ამ დროისთვის სტრასბურში იმყოფება.  იურისტებმა ევროსასამართლოს უკვე მიაწოდეს საქმესთან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტაცია.
საქმეში სამართლებრივად არ მონაწილეობენ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე  და დავით დვალი, თუმცა სამაუწყებლო კომპანიის წილებთან დაკავშირებით პრეტენზიები მათაც გააჩნიათ .

ქიბარ ხალვაში

წინასწარი სიტყვიერი მოლაპარაკების საფუძველზე ქიბარ ხალვაში მათთვის ტელევიზიის 50% წილის გადაცემას გეგმავს.

 ” ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ როდესაც სასამართლო პროცესები დამთავრდება და კომპანია გადმომეცემა მე, ჩემს კუთვნილ წილებს გავუნაწილებ აქიმიძეს და დვალს. 50%-50% მისაღებია,  გარკვეულია ყველა დეტალი. დავით დვალი, როგორც მოლაპარაკებულია, დირექტორი გახდება“, – განაცხადა ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ.

ტელეკომპანიის დაბრუნების შემთხვევაში, ქიბარ ხალვაშსა და არხის დამფუძნებლებს 3 პუნქტიანი გეგმაც აქვთ შემუშავებული. დამფუძნებლები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს პარტიულ ტელევიზიად მიიჩნევენ და არხის პოლიტიკური  ინტერესებისგან გათავისუფლებას გეგმავენ. როგორც კონცეფციაშია ნათქვამი, „რუსთავი 2“ პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობისას არ გახდება მხარე; ამასთან, მთლიანად კომერციული შემოსავლით იარსებებს, რაც მისი დამოუკიდებლობის გარანტი იქნება.

დამფუძნებლები ჟურნალისტური საქმიანობის დამოუკიდებლობის პირობასაც დებენ. დავით დვალმა „ფორტუნას“ განუცხადა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში

დავით დვალი

„რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს მედიასთან აღარ გააკეთებს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება. მანამდე კი

ამბობდა, რომ დირექტორად დაბრუნების შემთხვევაში, „რუსთავი 2“-ზე ცენზურას არ დაუშვებს.

”არც ერთ ვარიანტში არ დავუშვებ, რომ „რუსთავი 2“-ზე ცენზურა იყოს. თუ რაიმე შანსი, თეორიული მაინც, იყოს იმისი, რომ რაღაც კონფიგურაცია ისე დაჯდეს, რომ ამის კონტროლი და დაცვის მექანიზმი მე არ მექნება, ვაცხადებ, რომ მე არ მაინტერესებს ასეთ „რუსთავი 2“-ში წილის დაბრუნება, ჩავთვლი, რომ „რუსთავი 2“ ისევ მითვისებულია ისევ თავიდან ვიღაცის მიერ და გავაგრძელებ ბრძოლას ბოლომდე. ჩემთვის აქ კომპრომისი არ არსებობს“, – განაცხადა დვალმა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებს ფაქსით ეცნობებათ და მხოლოდ ამის შემდეგ გასაჯაროვდება.

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები