LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის ეკუთვნის ბომბი, რომელმაც ალეპოში 40-ზე მეტი ადამიანი მოკლა

50

სირიის ქალაქ ალ-ჯინაში, ალეპოს პროვინციაში მეჩეთზე ავიადარტყმის შედეგად  სულ მცირე 40 ადამიანი გარდაიცვალა.

აშშ უარყოფს სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ავიადარტყმა ამერიკულმა ავიაციამ განახორციელა და აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ მონაცემებს ამოწმებენ.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრმა და სამაშველო ორგანიზაციამ „თეთრი ჩაფხუტები“ გაავრცელეს.

„დაუდგენელმა თვითმფრინავმა ალეპოს პროვინციაში მეჩეთზე ავიადარტყმა განახორციელა, გარდაიცვალა 42 ადამიანი, მათგან უმეტესობა მშვიდობიანი მოსახლეობაა,“ – აცხადებს მონიტორიგის ცენტრის წარმომადგენელი რამი აბდელ რახმანი. ცენტრი ლონდონში მდებარეობს.

რახმანის ინფორმაციით, ასამდე ადამიანი დაიჭრა, გადარჩენილები, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშაც იმყოფებოდნენ.

აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ ამერიკამ ნამდვილად განახორციელა ამ რაიონში დარტყმა, თუმცა არა მეჩეთზე, არამედ „ალ-ქაიდას“ ბაზაზე და რამდენიმე ტერორისტი მოკლეს.

პოლკოვნიკ ჯონ ტომასის თქმით, დარტყმა ერთ-ერთი მეჩეთიდან დაახლოებით 15 მეტრში განახორციელეს და ოპერაციის დროს მეჩეთი არ დანგრეულა.

„ჩვენი სამიზნე იყო არა მეჩეთი, არამედ შენობა, სადაც მიმდინარეობდა „ალ-ქაიდას“ მებრძოლების შეკრება,“ – ამბობს პოლკოვნიკი და აღნიშნავს, რომ მათ სამიზნესთან ახლოს მდებარე მეჩეთი ჯერ კიდევ დგას და იქ, სავარაუდოდ, არავინ დაშავებულა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, სადაც, თითქოს, მეჩეთის ნანგრევებში ამერიკული რაკეტის ნარჩენები ჩანს.

ცნობილია, რომ ამ რაიონში მოქმედებენ რუსული და სირიული სამხედრო თვითმფრინავებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები