LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის მოედანზეა ბურთი – დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ჰელსინკში

16 ივლისს ჰელსინკის სამიტზე აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების პირველი ოფიციალური შეხვედრა შედგა, მანამდე 2 ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს პირისპირ 2017 წელს ორჯერ, „დიდი ოცეულის“ სამიტზე და „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკურ სამიტზე“ შეხვდა.

ჰელსინკში შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ შეუძლია თქვას, ვლადიმერ პუტინი მეგობარია თუ მტერი. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი მისი მეტოქე და კონკურენტია. მანვე CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი „კონკრეტულ ასპექტებში“ აშშ-ის მტერია. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტი დასძენს, რომ ეს მის კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს.

დონალდ ტრამპთან პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა 40 წუთით დააგვიანა. თუმცა, ამ ფაქტისთვის ექსპერტებს დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ, ცნობილია, რომ პუტინმა სხვადასხვა დროს დააგვიანა სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე, მათ შორის, დედოფალ ელისაბედ მეორესთან და რომის პაპთან. ექსპერეტები მიიჩნევენ, რომ ამით რუსეთის პრეზიდენტი ძალაუფლების ჩვენებას ცდილობს, თუმცა აქვე საგულისხმოა ისიც, რომ 40 წუთით დაგვიანება პუტინის სტანდარტისთვის შედარებით მცირეა, ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ პუტინმა 2016 წელს იაპონიის პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე 2 საათით დააგვიანა.

 

ფეხბურთი და პოლიტიკა

ჰელსინკში, ტრამპსა და პუტინს შორის პირისპირ გამართული 130 წუთიანი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ისინი 1400-ზე მეტი ჟურნალისტის წინაშე მოკლე სიტყვებით წარდგნენ, შემდეგ კი მათ კითხვებს უპასუხეს.

„ოთხი საათის წინ ეს ურთიერთობები იყო ისტორიაში ყველაზე ცუდი, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა,“ – ეს განცხადება პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთვნის, რომელიც მან აშშ-ის

არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხთან კონტექსტში, პუტინთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან გააკეთა. სწორედ ეს საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი, რის გამოც ორი ლიდერის ურთიერთობა მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. აშშ-ში რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევის შესაძლო ფაქტის ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს, მოსკოვი კი ამ ბრალდებებს უარყოფს. როგორც ვლადიმერ პუნტინთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციიდან ჩანდა, ამ საკითხზე პუტინისგან განსხვავებული პოზიცია ნაკლებად აქვს აშშ-ის პრეზიდენტს. მედიასთან დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მას არავინ აჩვენა ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო საქმის გამოძიებამ მხოლოდ გააფუჭა აშშ-რუსეთის ურთიერთობები.

შეხვედრის კიდევ ერთი მთავარი თემა ყირიმის საკითხი იყო, სადაც ვლადიმერ პუტინმა მედიასთან აღნიშნა, რომ ტრამპი არ აპირებს ყირიმის შემოერთების აღიარებას,  არც რუსეთი გეგმავს პოზიციების გადახედვას. ამის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ ეს იყო შესანიშნავი შეხვედრა.

შეხვედრაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ორი სახელმწიფოს ლიდერმა ისაუბრა, სირია იყო. ამ მხრივ აღსანიშნავია ვლადიმერ პუტინის საჩუქარი – ბურთი, რომელიც მან დონალდ ტრამპს პრესკონფერენციაზე გადასცა. ამ ჟესტს წინ უძღოდა ჟურნალისტის შეკითხვა, რომელიც მან პუტინს სირიის საკითხზე დაუსვა და ამ მხრივ მაიკ პომპეოს განცხადების შეფასება სთხოვა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებში ბურთი რუსეთის მხარესაა.

„რაც შეეხება იმას, რომ სირიის საკითხზე ბურთი ჩვენს მხარესაა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გვითხრა, რომ ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ ჩემპიონატი, რაც შეეხება ბურთს, მას გადავცემ ბატონ პრეზიდენტს და ახლა ბურთი მის მოედანზეა, 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატს აშშ მასპინძლობს,“ – ამ სიტყვებით გადასცა პუტინმა ტრამპს წინა დღეს მოსკოვში დასრულებული ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი. ტრამპმა ბურთი მეუღლეს მიაწოდა და აღნიშნა, რომ მას აუცილებლად წაუღებს მის უმცროს შვილს.

 

რას ამბობენ ექსპერტები

შეხვედრის გამართვამდეც აშშ-ში დონალდ ტრამპს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. საექსპერტო წრეებში ამბობდნენ, რომ შეხვედრას კონკრეტული შედეგები არ ექნებოდა.  კიდევ უფრო დიდი კრიტიკა მოჰყვა შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ჯონ ბრენანი დონალდ ტრამპის განცხადებებს სამარცხვინოს უწოდებს.

„დონალდ ტრამპის პრესკონფერენცია ჰელსინკში დანაშაულის და შეცდომების ზღვარს აჭარბებს. ის მთლიანად პუტინის ჯიბეშია, სად ხართ რესპუბლიკელო პატრიოტებო?“- აღნიშნავს ჯონ ბრენანი.

პენტაგონის ყოფილი ხელმძღვანელი ჩაკ ჰეიგელი კი აღნიშნავს, რომ ტრამპმა ამერიკას მარცხი განაცდევინა.

„აშშ-ის პრეზიდენტმა მოახდინა კაპიტულაცია მთელი მსოფლიოს დასანახად და გამოიყურება, როგორც პუტინის მიერ დაშინებული. ეს იყო საოცარი და უკიდურესად შემაშფოთებელი,“- აღნიშნავს ჩაკ ჰეიგელი CNN-თან.

კრიტიკას აშშ-ის პრეზიდენტი Twitter-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ აშშ-ის დაზვერვას ეთანხმებოდა და ახლაც ეთანხმება, თუმცა, აცნობიერებს, რომ ნათელი მომავლის შესაქმნელად, წარსულზე ფოკუსირება არ შეიძლება. ამ კონტექსტში ტრამპი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ აშშ და რუსეთი მსოფლიოს ორი უდიდესი ბირთვული ქვეყანაა.

მას შემდეგ, რაც დონალ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას აშშ-რუსეთის ურთიერობების გაუარესებაში ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაადანაშაულა, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დენიელ კოუტსმა განცხადება გაავრცელა.

“სადაზვერვო საზოგადოების როლი მდგომარეობს პრეზიდენტისა და გადაწყვეტილების მიმღებთათვის საუკეთესო ინფორმაციისა და ფაქტებზე დაფუძნებული შეფასებების მიწოდებაში. ჩვენი მკაფიოდ შევაფასეთ 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევა და მათი განგრძობადი, მრავალმხრივი მცდელობები, რომელთა მიზანი იყო ჩვენი დემოკრატიის შერყევა. და ჩვენ გავაგრძელებთ შეუალმაზებელ და ობიექტურ დაზვერვას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მხარდასაჭერად,” – ნათქვამია ეროვნული უსაფრთხოების დირექტორის, დენიელ კოუტსის განცხადებაში.

რუსეთთან ურთიერთობების კუთხით ექსპერეტები აღნიშნავენ, რომ უჩვეულოა, როცა პრეზიდენტი არ ეთანხმება დაზვერვას, თუმცა, დასძენენ, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში ამ შეხვედრის შემდეგ ბევრი არაფერი შეიცვლება.

ტორონტოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სევა გიუნიტსკი ამბობს, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის ეს საშინელი მომენტია. გიუტინსკი დასძენს, რომ აშშ-ს სამი განსხვავებული პოლიტიკა აქვს რუსეთთან მიმართებით.

ესენია – კონგრესის, ადმინისტრაციის და თავად ტრამპის პოლიტიკა – რაიმე ცვლილების დანახვა დღევანდელი პრესკონფერენციიდან რთულია. ჯერ-ჯერობით რაიმე მტკიცებულება ამის არ არსებობს,“– აღნიშნავს გიუტინსკი.

როგორც ყოველთვის, ჰელსინკში გამართული შეხვედრაც შეაფსეს სხეულის ენის სპეციალისტებმაც. განქორწინებულ წყვილს შეადარა 2 ქვეყნის პრეზიდენტები სხეულის ენის სპეციალისტმა ჯუდი ჯეიმსმა – „თითქოს ბოლო საკონსულტაციო სესიაზე იმყოფებიან,“ – აღნიშნა მან.

განსხვავებულად ხედავს შეხვედრას კიდევ ერთი სპეციალისტი, ლილიან გლასი: „პუტინი ძალიან კომფორტულად გამოიყურება ტრამპის გარემოცვაში. იცის ის შესანიშნავი კოლეგაა, რადგან ორივე ძლიერი ლიდერია. პუტინმა თავიდან აიცილა ტრამპთან თვალებით კონტაქტი ხელის ჩამორთმევისას.”

 

რა ითქვა ჰელსინკში საქართველოზე

ოფიციალური პირების განცხადებებით შეხვედრის დეტალური დღის წესრიგი წინასწარ ცხადი არ იყო, თუმცა, განსახილველ საკითხებს შორის სირია, უკრაინა, შეიარაღების კონტროლი და ამერიკული სანქციები უნდა ყოფილიყო.

საქართველოზე რუსეთის პრეზიდენტმა ჰელსინკიში ვიზიტისას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების კონტექსტში ამერიკულ ტელეკომპანია Fox News-თან ისაუბრა. ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორი იქნება რუსეთის რეაქცია თუ უკრაინა და საქართველო ნატოში გაწვერიანდებიან. ვლადიმერ პუტინის თქმით, ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მოახლოვებას მოსკოვი პირდაპირ მუქარად აღიქვამს.

„გადაწყვეტილებების მიღებამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ცალკეულ წევრებთან ორმხრივი მუშაობა მიმდინარეობს, როგორც ეს იყო პოლონეთის და რუმინეთის შემთხვევაში, სადაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის სტრატეგიული ელემენტები უნდა განათავსონ. ეს კი, ჩვენი უსაფრთხოებისთვის პირდაპირი მუქარაა,“- აღნიშნავს ვლადიმერ პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტი დასძენს, რომ ნატოს ინფრასტრუქტურის მათ საზღვრებთან მოახლოება რუსეთისთვის განსაკუთრებულად საფრთხის შემცველია და მათი რეაქცია ამ საკითხთან დაკავშრებით უკიდურესად უარყოფითი იქნება.

 

თაკო ივანიაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები