LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაუბრეთ იმ გამარჯვებაზე, რომელიც მთელმა საზოგადოებამ, ერმა და ბერმა მოიპოვა – გრიგოლ ვაშაძე პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ

74

ვისაუბრეთ იმ გამარჯვებაზე, რომელიც მთელმა საზოგადოებამ, ერმა და ბერმა მოიპოვა იმ ბოდვით კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს ნარკოპლანტაციად გადაქცევას ითვალისწინებდა, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია” პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ  განაცხადა. მისი თქმით, ეს ბრძოლა გასაგრძელებელია.

„ერთი წუთით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება იმიტომ, რომ არ არსებობს ოლიგარქი, რომელიც 500%იან მოგებაზე უარს იტყვის,”- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე ინფორმაციით, უწმინდესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე არჩევნების მეორე ტურის მშვიდობიან გარემოში ჩატარების აუცილებლობას. ვაშაძემ პატრიარქს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ შეხვედრისთვის დრო გამონახა.

„ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს მშვიდ, ცივილიზებულ დემოკრატიულ გარემოში, სადაც ადგილი არ ექნება სიტყვიერ შეურაცხყოფებს, ფიზიკურ დაპირისპირებას და არც ისეთ ამაზრზენ ინციდენტებს, რომელიც კასპში, მარნეულსა და ახალქალაქში მოხდა. სხვათაშორის, ასეთივე ინცინდენტი მოხდა ვაზისუბანშიც. უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს ჩვენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დაინგრეს ის მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი წელია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას. მისი თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ საქართველოში ოპოზიცია აღარასოდეს არ უნდა იყოს განდევნის და დატერორების ობიექტი და აუცილებლად უნდა გადაიქცეს ხელისუფლების ნაწილად, რომელიც აკრიტიკებს, რჩევებს აძლევს და აკონტროლებს მას,”- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.