LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან დღეს 1 წელი შესრულდა

95

დღეს, 28 მარტს, ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, უვიზოდ იმგზავრონ ევროკავშირის ქვეყნებში/შენგენის სივრცეში. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს ულოცავენ.

„მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მივულოცო უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ერთი წლის იუბილე, რაც არის ჩვენთვის ძალიან დიდი პრივილეგია და პრივილეგიასთან ერთად, ეს არის ჩვენი დიდი პასუხისმგებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მომავალში იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღეს ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა,“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია არ გახლავთ მხოლოდ  საქართველოს მთავრობის უდიდესი ძალისხმევისა და მასშტაბური რეფორმების შედეგი, არამედ ეს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის – ევროპული მისწრაფების და ამ გზაზე მათი განუხრელი  მხარდაჭერის შედეგია.

“უვიზო მიმოსვლის პირობებში ჩვენი მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახდა ის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში დაუბრკოლებლად მოგზაურობას უკავშირდება. ამ ერთი წლის განმავლობაში ევროპულ ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა უკვე 250 000-ზე მეტჯერ იქნა გამოყენებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო წარმატებით იყენებს უვიზო რეჟიმს,” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.