ნიკა კაცია

რეკლამა

ნიკა კაცია

ნიკა კაციას გატაცება, რის გამოც ყველა დასცინის – „რა ვქნა, ძალიან მიყვარს…“

ნიკა კაცია რადიო „ფორტუნაში“ სამი წელია, მუშაობს. მანამდე საკმაოდ დიდი გზა გამოიარა, დღეს საქმეს უფრო დიდი პასუხისმგებლობით უდგება, ვიდრე წლების წინ, როცა მუსიკალური წამყვანობით თავს იწონებდა. ნიკას საქმეზე, პირადზე და საინტერესო გატაცებაზე ვესაუბრეთ…

რადიო „ფორტუნაში“ პირველად  2004 წელს მოვედი, მერე ტელევიზიაში გადავინაცვლე და შემდეგ ისევ დავუბრუნდი აქაურობას. ვმუშაობდი „პირველ სტერეოში“, „202“-ში, რადიო „უნივერსით“ დავიწყე და მოვიარე თითქმის ყველა რადიო, მერე „რუსთავი 2“-ში იუმორისტულ საინფორმაციო გამოშვებას ვუძღვებოდი, „რეალ ტივი“-ში გადავინაცვლე და მცირე პაუზის შემდეგ კვლავ ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, „მეორე არხზე“ მიმყავს „ჩვენი პარლამენტი“. მესამე წელია, ვარ რადიო „ფორტუნას“ ერთ-ერთი წამყვანი.

ჩემთვის ტრამპლინი გახლდათ „იმედის“ კონკურსი ჟურნალისტებისთვის: „დუბლიორი“, ამ სფეროში ყველაფერი პირველი გავაკეთე იქ. მეამაყება, რომ ჯაზფესტივალის სტუმარი ზაქირ ჰუსეინი პირდაპირ ჩართვაში ჩემ გვერდით იდგა… დღემდე მახსოვს ის ემოცია…

რადიო „ფორტუნაში“ დაბრუნება რატომ გადაწყვიტე?

ყველას ჰქონია რთული პერიოდი, რითაც, ალბათ, ვერავის გავაკვირვებ, ყველას ჰქონია ჩავარდნა – აქ ვგულისხმობ იმას, როცა ყველაფერი ირევა: უმუშევრობა, ბარიერების გადალახვა. ვეძებდი ნატას, ჩვენს ხელმძღვანელს, მინდოდა რადიოში დაბრუნება, მან შეიტყო ამის შესახებ და როგორც კი ადგილი გათავისუფლდა, შემომეხმიანა. მეგონა, დავიწყებული მქონდა წამყვანის პულტით სარგებლობა, რაც „ფორტუნაში“ დგას, მაგრამ არ დამვიწყებია.

დღეს „ფორტუნაში“ მუშაობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდება. მქონდა პერიოდი, როცა სხვანაირად ვუძღვებოდი ეთერს, მაგრამ იმისგან განსხვავებული გავხდი, აღარავის ვეპრანჭები, გოგონას გამო ხმას არ ვიბოხებ (იღიმის),დღეს არის მხოლოდ საქმე და პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხი, რაზეც ყოველდღე ვმუშაობ და მინდა, უკეთესი იყოს.

გოგონა ახსენე და პირადზე მითხარი რამდენიმე სიტყვა…

90-იანებში, როდესაც იყო გათხოვების და ცოლის მოყვანის ეპოქა, ამ სტერეოტიპს ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი. მეგონა, თავისუფლება ადამაინის ცხოვრებაში უმთავრესია, ამას ვუკავშირებ სწავლას, საკუთარ თავზე მუშაობას, განვითარებას. მგონია, თუ ამის პარალელურად რაღაც გაჩნდა, იმაზე უარი არ უნდა თქვა. დედაჩემის მოსაზრებასაც ვეთანხმები, რომ ალბათ, არასდროს შემხვედრია ისეთი გოგო, რომელიც გამაგიჟებდა და ოჯახის შექმნაზე დამაფიქრებდა. თუმცა იყო ფლირტიც, არის ახლაც, იყო რომანიც, ის ეტაპიც მქონდა, როდესაც თითქოს ოჯახის შექმნამდეც მივედი. ხშირად მახსენებენ იმას, რომ მამამ მიმატოვა, მაგრამ წარსულს არასდროს მივტირი. მგონია, რაც ხდება, ყველაფერი უკეთესობისკენ არის, ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაშიც მოვა სიყვარული, ახლა შეყვარებული არ ვარ, მაგრამ არის ადამიანი, რომელიც მომწონს (იღიმის)…

დედ-მამის ოჯახის დანგრევას თავად როგორ აღიქვამ?

არ მიყვარს ამ ამბავზე საუბარი და პირველად და უკანასკნელად ვიტყვი. დედ-მამის ოჯახი რომ დაინგრა, 15 წლის ვიყავი. ვერავის გავაკვირვებ ამ ამბით, ვიღაცას შეიძლება, ბევრად რთული ან ბევრად მარტივი ამბავი აქვს. მაგრამ მგონია, რომ ჩემი „სანტა ბარბარა“ განსაკუთრებულია. როცა მამა შვილზე ამბობს უარს და ამბობს, რომ მას შვილები არ ჰყავს, ვფიქრობ, ეს ჩემი პრობლემა არ არის. ამან მე გამაძლიერა. ორი ძმა მყავს და 15 წლიდან დავიწყე ოჯახზე ზრუნვა, დედასა და უმცროს ძმაზე. ვიღაც ფიქრობდა, რა ჩაეცვა და როდის ეთამაშა ეზოში, მე კი სათამაშოდ არ მეცალა, რადგან ოჯახისთვის პურის ფული უნდა მეშოვა და კომუნალური გადასახადები გადამეხადა.

ზოდიაქოთი თხის რქა ვარ და არ ვიცი, ამის ბრალია თუ არა, მაგრამ ზუსტად ხუთი წუთი შემიძლია ვიყო დეპრესიაში. ძალიან ბრძოლისუნარიან ადამიანად ჩამოვყალიბდი. მამასთან კომუნიკაციის მცდელობა მქონდა, დედაც მეუბნებოდა, მაგრამ 22-23 წლის ასაკში დედას ვუთხარი, რომ ჩემი გადასაწყვეტი იყო, მამასთან ურთიერთობის აღდგენას მოვისურვებდი თუ არა. ყველას, ვისაც მსგავსი ამბავი გადახდენია, მინდა ვუთხრა, რომ ამის გამო ნუ დანაღვლიანდებიან… ჩემთვის მამა არის იმის მაგალითი და ეს ალბათ, ხმამაღალი განცხადებაა, როგორი არ უნდა იყოს კაცი.

გამოცდილება, რაც მიიღე, დაგეხმარება კარგი ოჯახის შექმნაში?

ბუნებრივია, ყველა ადამიანი უშვებს შეცდომებს და არც მე მაქვს ფრთები, მაგრამ განვლილი გზა, ვფიქრობ, დამეხმარება კარგი ოჯახის შექმნაში. ზუსტად ვიცი, როგორი უნდა იყოს კარგი მამა შვილებისთვის. როცა ოჯახს შევქმნი, ეს ის გადაწყვეტილება იქნება, რომელიც მხოლოდ ხელის მოწერით არ გამყარდება. ჩემი ცხოვრების სტილი არ იქნება ასეთი,რომ მყავდეს ცოლი და პარალელურად სხვა ქალი არსებობდეს.

რადიოსა და ჟურნალისტიკის გარდა, კიდევ რა არის შენს ცხოვრებაში?

ბაბუამ, ზენონ კაციამ განაპირობა ჩემი არჩევანი, რომ ჟურნალისტიკით დავინტერესებულიყავი. ავირჩიე ის, რაც მინდოდა და ვემსახურები ამ საქმეს. ვაპირებდი სამსახიობოზე ჩაბარებას, მაგრამ გადავიფიქრე, თუმცა თეატრი ძალიან მიყვარს, დღემდე ცეკვით ვარ გატაცებული, მუსიკა რომ მიყვარს, ეს, ალბათ, არ იქნება ახალი ამბავი.

გარდა ამისა, მაქვს კიდევ ერთი გატაცება, რომლის გამოც ყველა დამცინის – შობა-ახალი წელი ჩემთვის საყვარელი დღესასწაულებია, გამორჩეულად მიყვარს მზადების პროცესი და უფრო მეტად – ნათურების შეძენა. ვიღაც ნაძვის ხეს რთავს 31 დეკემბერს, მე მიწევს ბრძოლა, რომ ის ნოემბრის ბოლოდან დაიდგას ჩემს სახლში და თებერვლამდე იქ დარჩეს (იცინის). ვერ დავადგინე მიზეზი, რატომ უნდა ავიღოთ ნაძვის ხე 19 იანვარს (იღიმის).  

ის პერიოდი, როცა მიჭირდა, მეგობარმა მაჩუქა 1000 ლარამდე თანხა, უკანმოუხედავად მოვიარე მაღაზიები და ეს თანხა მთლიანად დავხარჯე საახალწლო ნათურებზე (იცინის). დედაჩემმა საინტერესო კომენტარი გააკეთა, ჭამა რომ მოგინდება, თითო ნათურას დაგიდებ თეფშზეო. რა ვქნა, ძალიან მიყვარს განათება და საახალწლო მზადება. საშობაო სიმღერების ფონზე ვრთავ მთელ სახლს, წელსაც, უყოყმანოდ შევიძენ ნათურებს… მინდა, რომ ახალ წელს აუცილებლად თოვდეს, მაგრამ ეს ნატვრა ვერ ავიხდინე… არ მომწონს, პირველ იანვარს რომ გავიხედავ და მზე ანათებს… (იცინის).

ნინო მურღულია