ნიკა კუხალეიშვილი

რეკლამა

ნიკა კუხალეიშვილი

ნიკა კუხალეიშვილი: „ცხოვრება ორი წლის წინ დავიწყე…“

„ფორტუნას“ მუსიკალური წამყვანი ნიკა კუხალეიშვილი რადიოში კონკურსის „იღბლიანი დებიუტი“ წყალობით მოხვდა. საკუთარი სტილის ჩამოყალიბებაზე ბევრი იმუშავა, ახლა კი მიიჩნევს, რომ აქვს თავისი ხელწერა, რომელსაც ერთგული მსმენელი აუცილებლად ამჩნევს.

ცხოვრებაში ერთ რამეს ნანობს, რაზეც ჩვენთან ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა.

ნიკა კუხალეიშვილი:

სანამ რადიოში მოვიდოდი სხვა სპეციალობით და სხვა განხრით, არ მახსენდება, რომ ბავშობაში მუსიკალურ წამყვანობაზე მეოცნება. რადიოჰოლდინგში მოვედი ოპერატორად, არ მინდა, ზედმეტად თავდაჯერებულად გამომივიდეს, მაგრამ იმ დღიდან მოყოლებული ვფიქრობდი, რომ ერთ დღესაც ამ პულტთან მეც დავჯდებოდი. ამაში მაშინაც დავრწმუნდი, როდესაც დავინტერესდი, რას აკეთებდნენ ტექნიკურად მუსიკალური წამყვანები იმის გარდა, რომ მიკროფონთან საუბრობდნენ.

მოხდა ისე, რომ „იღბლიანი დებიუტში“, და ეს კონკურსი დიჯეებისთვის ჩატარდა, გავხდი რადიოს რჩეული და დამტოვეს. ვიყავი რეზერვში, შედარებით ნაკლებ დროს ვატარებდი ეთერში, მაგრამ ეს კარგი იყო გამოცდილების მისაღებად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს იყო ის სპეციალობა, რაც ნამდვილად მომწონდა.

როგორი უნდა იყოს დღეს რადიოწამყვანი, რომ სხვებისგან გამოირჩეოდეს და მსმენელის ყურადღება მიიპყროს?

ალბათ, მთავარი სწორედ ესაა – არ ჰგავდე სხვას. ზუსტად ეს ეტაპი გამოვიარე არცთუ დიდი ხნის წინ და თამამად შემიძლია ვთქვა, ძნელია, გვერდი აუარო მათ გამოცდილებას, ვინც რადიოში რაღაც-რაღაცები გასწავლეს. მე რამდენიმე ასეთი მენტორი აქ მყავდა და ზოგიერთი დღესაც მუშაობს რადიოჰოლდინგში.  ძნელია, არ მოექცე გავლენის ქვეშ. ერთი-ორჯერ ჩემი თავი დავიჭირე იმაში, რომ ჩემი მეტყველების მანერა იცვლებოდა და მივამსგავსე სხვას. მაგალითად, ამინდის პროგნოზის კითხვისას მირიან ჯეჯელავას მივემსგავსე. მიკი დიდი ხანია, აქ მუშაობს, მომწონს მისი სტილი და ქვეცნობიერმა „მოიპარა“ მისგან რაღაც. ეს ფაქტი არ მომეწონა, რადგან მიბაძვა არ მიყვარს, ვიმუშავე ჩემ თავზე საკუთარი სტილის ჩამოსაყალიბებლად. ეს შესაძლოა, გაიწელოს ერთი-ორი თვე, მაგრამ საინტერესო პროცესია. თავიდან ფიქრობ, რა ილაპარაკო ეთერში, ტექნიკური შეცდომების დაშვების შიშიც ნერვიულობას იწვევს, მაგრამ შემდეგ გინდა, მსმენელმა ამოგიცნოს შენ და შენი ხელწერა. მერე მქონია შემთხვევები, როცა ერთგულ მსმენელს დაურეკავს, ჯერ ხმა არ მქონდა ამოღებული და მიცნო, რომ ეთერში მე ვიყავი. ყველა მუსიკალურ წამყვანს ჰყავს თავისი ერთგული მსმენელი.

მსმენელებთან რა ურთიერთობა გაქვს?

ბევრი გვთხოვს, თუ შეიძლება მოვიდნენ სანახავად. ძალიან ბევრი მოდის და სტუდიის გარეთ ვსაუბრობთ. ერთხელ, ტელეფონი ავიღე და ყოველგვარი მისალმების გარეშე გოგონამ ლექსის წაკითხვა დაიწყო. არ მახსოვს, შესაძლოა, თავისი დაწერილიც კი იყო (იღიმის). ახლოს არც ერთ მსმენელს არ ვიცნობ.

შენს ერთგულ მსმენელებს აუცილებლად დააინტერესებთ, როგორია შენი პირადი ცხოვრება…

პატარა პაუზა მაქვს აღებული (იღიმის). ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში ბევრად უფრო წინა პლანზე კარიერა დგას. ამ სიტყვის წმინდა გაგებით, არ ვარ კარიერისტი. უბრალოდ, მაინც წინა პლანზე დავაყენე და მეტ დროს ვუთმობ, არ ვნანობ და არც მაქვს იმის სურვილი და მოთხოვნილება, რომ მქონდეს სერიოზული ურთიერთობა. ამ ეტაპზე ასეა.

ტრადიციული გაგებით სერიოზული ურთიერთობა არ მქონია. ცოტა მეცინება, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩემი განვლილი რამდენიმე ურთიერთობა იყო ოდნაც არასტანდარტული და უცნაური, ამაზე ღიად ვერ ვილაპარაკებ, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. ასე რომ, სერიოზული ურთიერთობის გამოცდილება არ მქონია და ნამდვილად არ ვიცი,როგორი ვარ ასეთ შემთხვევაში. შემიძლია, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ვივარაუდო. საერთოდ, როცა რაღაც მინდა, იმაზე ვცდილობ ყურადღების გამახვილებას. ეს ადამიანს ნებისმიერ სფეროში ეხმარება, იგივეა ალბათ, პირად ცხოვრებაშიც. შესაძლოა, ცოტა ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ იმედია, გამიგებთ, თავად ურთიერთობაა მნიშვნელოვანი, რადგან აქედან იღებ ბევრ რაღაცას. მინახავს ადამიანები, ვისაც გვერდით შეყვარებული ჰყავს და ბედნიერები არიან. მაინც მგონია, რომ კარგი პარტნიორი ვიქნები (იღიმის).

ეთერს გარეთ როგორი ხარ? რა უნდა ვიცოდეთ შენზე, გატაცებების შესახებ გვითხარი…

ბევრი ჰობი მაქვს – გიტარაზე ვუკრავ, დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყე…

რადიოშიც ორი წლის წინ დაიწყე მუშაობა წამყვანად და ეს რაიმე სიმბოლური რიცხვია?

(იცინის) შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრება დავიწყე ორი წლის წინ. იყო პერიოდი, როცა საერთოდ არაფერს ვაკეთებდი. ამისკენ არავის მოვუწოდებ. პირიქით, უნდა აკეთო ბევრი რამ და შეიძნო უნარ-ჩვევები. რომ არა ის უმოქმედობის პერიოდი, ასე აქტიურად აღარ დავიწყებდი ამდენი რამის ძიებას და შეიძლება, უფრო ნელი ტემპით წავსულიყავი. ჰობად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ ფილმებს ვუყურებ მანიაკურად. ერთი პერიოდი, „მიუზიკბოქსზე“ გადაცემაც მიმყავდა ამ მიმართულებით, მაშინ ვიგრძენი, რომ ფუჭად არ ჩაუვლია იმ დროს, რაც ფილმებს მივუძღვენი. ორი დღის განმავლობაში, მახსოვს, ემირ კუსტურიცას ყველა ფილმი ვნახე. ცოტა რთული ორი დღე კი იყო, მაგრამ მისი ნამუშევრების გამო მოვიწამლე კინოთი და ახლა ფილმებს სხვა ემოციებით ვუყურებ…

როგორც ჩანს, ისეთი გოგონა გჭირდება, რომელსაც ფილმივით შეხედავ…

(იღიმის) ჩემდა უნებლიედ, ჩემი ქვეცნობიერი სიმპათიებით იმსჭვალება ხელოვანის მიმართ. ისიც საკმარისია, რომ უყვარდეს ხელოვნება, მუსიკა, კინო. მაგრამ როცა თავად არის შემოქმედი, ეს სიმპათიები ორმაგდება.

ნინო მურღულია