რადიოჰოლიკი მარიდეა გელაშვილი – „ფორტუნას“ ახალი ექსტრემალი წამყვანი

რეკლამა

რადიოჰოლიკი მარიდეა გელაშვილი – „ფორტუნას“ ახალი ექსტრემალი წამყვანი

რადიო „ფორტუნას“ ახალი მუსიკალური წამყვანი ჰყავს, მარიდეა გელაშვილი. ის დიდი ხანია, რადიოსივრცეში მუშაობს, თუმცა „ფორტუნას“ გუნდის წევრი ახლახან, სექტემბერში გახდა.

დეა გელაშვილი:

რადიოში დიდი ხანია ვმუშაობ. მუსიკაც ძალიან მიყვარს, ოჯახში ყველა ამ სფეროსთანაა დაკავშირებული. მუსიკალურ წამყვანობაზე არ მიოცნებია. შემთხვევით ვაკანსიის შესახებ გავიგე, შევიარე და ამირჩიეს. ერთთვიანი ტრენინგების შემდეგ ორი ადამიანი დაგვტოვეს. მას შემდეგ გავხდი რადიოჰოლიკი. მიფიქრია იმაზე, რატომ არ შემიძლია რადიოს გარეშე. ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს მუსიკა და ასევე კარგია, როცა შეგიძლია პოზიტივის გავრცელება. რამდენიმე თვის განმავლობაში არ ვიყავი რადიოწამყვანი და სიზმარში ვხედავდი, როგორ მიმყავდა ეთერი (იღიმის).

რა პროფესიის ხარ?

ფილოლოგი გახლავართ, თარჯიმანი, ასევე ჟურნალისტიკის მაგისტრატურა დავამთავრე. ვმუშაობ ტრენერად საგანმანათლებლო ორგანიზაციაში.

15128727_1357334997619461_827252155_nრადიო „ფორტუნას“ მსმენელი იყავი, სანამ მის წამყვანად დაიწყებდი მუშაობას?

რადიო „ფორტუნაში“ მუშაობა მისმა პროგრამების მენეჯერმა, ნატა ხარაშვილმა შემომთავაზა. მაშინ სხვა რადიოში ვმუშაობდი. ადვილად დავთანხმდი, რადგან „ფორტუნა“ ჩემი ბავშვობის რადიოა. მუსიკალური სტილი, რაც აქ ტრიალებს, ჩემია და ძალიან მსიამოვნებს. მიხარია, რომ სექტემბრიდან „ფორტუნას“ წამყვანი ვარ და ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ძალიან მიყვარს.

პირველი ეთერი საკმაოდ ემოციური იყო. მიუხედავად იმისა, რომ 7 წელია რადიოში ვმუშაობ, მაინც ვღელავდი. თუმცა, სასიამოვნო ღელვა იყო.

„ფორტუნაში“ მუშაობა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯია ჩემს სამსახურებრივ ცხოვრებაში. თითქოს „ფორტუნა“ მთელი ცხოვრება დამყვება და დღეს მეც აქ ვარ.

ოჯახი ახსენე და საკუთარი ოჯახი გაქვს?

ამჟამად ოჯახი არ მაქვს. მყავს შვილი, ის ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია – შვიდი წლისა ანი. შვილზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ყოველთვის მისმენს, მბაძავს, არ ვიცი, გამოვა თუ არა ჟურნალისტი. მოსწონს ჩემი აქტიური ცხოვრება, ცდილობს, ყოველთვის ჩემთან ერთად იყოს და მსდიოს. ყოველთვის არ გამოსდის, რადგან ძალიან მრავალფეროვანი ცხოვრება მაქვს. ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვძლებ. მჭირდება სხვადასხვა დეტალისგან შემდგარი დღე, ბევრი ახალი ნაცნობი… უცვლელი რჩება ჩემი საყვარელი საქმე, ადამიანები, რომლებიც მიყვარს…

15129838_1357335007619460_892225340_nმუსიკის გარდა სხვა ჰობი გაქვს?

ამბობენ, რომ როცა ადამიანს ბევრი ჰობი აქვს და ხშირად ეცვლება, არ არის კარგი. მე ასე არ ვფიქრობ. ბავშვობიდან ჩანაწერებს ვაკეთებ, ხანდახან მეჩვენება, რომ არ არის საინტერესო და მეორე დღეს ვხევ (იღიმის). გამხმარი ყვავილებისა და ფოთლებისგან სურათებს, სუვენირებს ვქმნი. ვარ ექსტრემალი. გატაცებული ვარ მოტოციკლეტებით. თუმცა, ამჟამად გავითვალისწინე მეგობრების რჩევა და ისე აღარ ვგიჟობ ხოლმე. ძალიან მიყვარს სისწრაფე. იმ დროს ვერ გრძნობ, რამდენად სახიფათოა შენი სიცოცხლისთვის. ხიფათი ჯერ არ შემქმნია და ალბათ, ამიტომაც არ მეშინია. საკუთარი მოტოციკლი, საბედნიეროდ, არ მყავს. ახლა გადავწყვიტე, მანქანა შევიძინო.

ფრაზა, რომელიც კარგად გამოგხატავს…

ფრაზა არ ვიცი, მაგრამ მინდა, დღეში 48 საათი იყოს. ბავშვობიდან ვტიროდი, ვინ მოიგონა ღამე, ამდენ დროს ძილში რომ ვატარებთ და ვკარგავთ-მეთქი… ბევრი გეგმა მაქვს და 24 საათში ვერ ვასწრებ. ჩემი რჩევა იქნება, რომ ხშირად გავიღიმოთ და გავუღიმოთ ცხოვრებას.

ნინო მურღულია