LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წაქცეული ხეები ქავთარაძის N1-ში – რისთვის გაიცა ხეების ჭრაზე ნებართვა

262

მერიის გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, ქავთარაძის N1-ში 25 ხის მოჭრის ნებართვაა გაცემული. მათივე განმარტებით, ნებართვა ზეხმელი და დაავადებული ხეების მოჭრაზე გაიცა.

“ჩვენთან შემოიტანეს ექსპერტების დასკვნა და ამაზე გავეცით ნებართვა,”  – განაცხადეს “ფორტუნასთან” გამწვანების სამსახურში.

გუდვილის მიმდებარე ტერიტორიასთან ხეების ჭრის შესახებ ინფორმაციას “პარტიზანული მაბაღეობა” ავრცელებს. ორგანიზაციას ამის შესახებ მოსახლეობამ შეატყობინა.

ნატა ფერაძემ, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე წაქცეულია ხეები. მისივე თქმით, მათთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ნებართვა 81 ხის მოჭრაზეა გაცემული. “პარტიზანული მებაღეობა” იმ პროექტის რენდერის ფოტოსაც აქვეყნებს, რომლისთვისაც, მათი ინფორმაციით, ხეები გაჩეხეს.

ხეების ჭრასთან რაიმე კავშირს უარყოფენ კომპანია “გუდვილში”. კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ქავთარაძის პირველში “გუდვილი” იჯარით იმყოფება და აღნიშნული ტერიტორია “სითი მოლის” საკუთრებაშია.  

“ჩვენ არ ვაწარმოებთ გაფართოებით სამუშაოებს, იჯარით ვართ ამ ტერიტორიაზე. ამ კითხვით, ალბათ, უნდა დაურეკოთ “სითი მოლს” იმიტომ, რომ “გუდვილი” მეიჯარეა, როგორც სხვა ყველა მაღაზია,” – განაცხადეს “გუდვილში”.

“ფორტუნა” “სითი მოლსაც” დაუკავშირდა, თუმცა, კომპანიის პრესსამსახურში ხეების ჭრას უარყოფენ.

“იქ არანაირი ხეების მოჭრა არ მიმდინარეობს, საერთოდ ახლა საავადმყოფოში ვარ და ცუდ დროს მირეკავთ,” – განაცხადეს “სითი მოლში”.

ტერიტორია, სადაც “პარტიზანული მებაღეობის” წევრებმა წაქცეული ხეები აღმოაჩინეს, “აი ჯი დეველოპმენტის” საკუთრებაშია.  კომპანიის  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მინდია საბანაძე, “ფორტუნასთან” ამბობს, რომ ტერიტორიაზე ხეების ჭრა არ მიმდინარეობს და მხოლოდ გასხვლა-ფორმირებას აქვს ადგილი.

“აბსურდია, სასაცილოა. გასხვლა-ფორმირებაა მხოლოდ, ეს კეთდება იმიტომ, რომ ერთხელ, ქარის დროს, ხე გუდვილის შენობას დაეცა. ეს კეთდება იმიტომ, რომ ვინმე ან რამე არ დაზიანდეს. ამაზეც ნებართვა გვაქვს აღებული და მერიის სამსახური აკეთებს ამას. ქალბატონი ფერაძე არის აბსოლუტურად არაადეკვატური და შეცდომაში შეჰყავს ხალხი. უბედურებაა ეს უბრალოდ,” – აცხადებს მინდია საბანაძე.

მას შემდეგ, რაც “ფორტუნამ” 25 ხის მოჭრის შესახებ გაცემულ ნებართვაზე მერიიდან მიღებული ინფორმაციის შესახებ ჰკითხა, საბანაძემ განაცხადა, რომ ხეები იმ შემთხვევაში მოიჭრება, თუ პროექტი დაიდება.

“რაზე ჰქონდათ გაცემული, ეგ თვითონ გითხრან, მაგრამ აქ ერთი ხეც არ მოჭრილა,” – განაცხადა საბანაძემ და აღნიშნა, რომ თავად მერიისთვის ხეების ჭრის ნებართვაზე მიმართული არა აქვს. 

კითხვაზე, მაშინ ვის მისცა ხეების ჭრაზე ნებართვა მერიამ, საბანაძე აღნიშნავს, რომ, თუ პროექტი გაკეთდება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება იგივე  ტერიტორიაზე ახალი ხეების დარგვა, მისი ზედამხედველობა და დაზიანებულის ჭრა, იმ შემთხვევაში გაიცემა ნებართვა. საბანაძე ამბობს, რომ ჯერ პროექტი არ არსებობს და ამაზე მხოლოდ მსჯელობა მიმდინარეობს. საბანაძე აღნიშნავს, რომ ადგილზე მხოლოდ დაზიანებული კოლექტორის გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს. ის ამბობს რომ დაზიანებულ კოლექტორს, რომელმაც მიმდებარე ტერიტორიას ზიანი მიაყენა, მათი ნებით აკეთებენ, როცა ეს საკითხი მერიის მოსაწესრიგებელი იყო.

საბანაძე ამბობს, რომ იდეაში “სითი მოლის” გაფართოების გეგმა არსებობს, მაგრამ ჯერ პროექტი არ შემუშავებულა. თუმცა, მედიაში “სითი მოლის” გაფართოებისთვის დაგეგმილ სამუშაოებზე პირველი ინფორმაცია ჯერ კიდევ აგვისტოში გამოჩნდა და ამ ინფორმაციის თანახმად, თბილისში განახლებული, გაფართოებული „სითი მოლი“ 2018 წლის ნოემბერში გაიხსნება.

სავაჭრო ობიექტის წარმომადგენლების ცნობით, ახალი შენობის გასაქირავებელი ფართი 57 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო სრული ფართი ბიზნესცენტრის გარეშე 87 ათასი კვ. მეტრი იქნება. ამ ეტაპზე “სითი მოლის” შენობის ფართი 17 ათასი კვ. მეტრია.

https://www.facebook.com/nata.peradze/videos/vb.1108336693/10210189640073304/?type=2&theater

 

 

 

თაკო ივანიაძე 

 

 

 

პოპულალურები