LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველსაყოფად GMP სტანდარტი ინერგება

64

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვას იწყებს.

სამინისტროს ინფორმაციით, GMP/GDP სტანდარტების დანერგვა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რამდენადაც აღნიშნული სტანდარტი უზრუნველყოფს ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების მაღალ ხარიხსს და საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ექსპორტის ზრდას.

მათივე ინფორმაციით, GMP/GDP სტანდარტების დანერგვის სტრატეგია, რომელიც შემოთავაზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მოიცავს რამდენიმე ეტაპს. მათ შორის უპირველესია GMP-ის ნაციონალური ინსპექტორატის ჩამოყალიბება.

ინსპექტორატის შექმნის მიზნით, 2018 წლის 10 მარტამდე ჯანდაცვის სამინისტრო შეარჩევს ინსპექტორთა კანდიდატებს. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები განსაზღვრულია ევროდირექტივის შესაბამისად (პროფესიული ცოდნა, უნარები, გამოცდილება, უცხო ენის ცოდნა) და განთავსდება ჯანდაცვის სამინსტროს ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვებ-გვერდზე, რომლის დაქვემდებარებაშიც მოექცევა ინსპექტორატი. გარდა ამისა, ინფორმაცია შერჩევის შესახებ განთავსდება ვებ-გვერდზე WWW.JOBS.GE. კონკურსანტებიდან სააგენტო შეარჩევს 8 კანდიდატს, რომლებიც გაივლიან სპეციალურ გადამზადებას საზღვარგარეთ. კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან მზადების კურსებს, მიენიჭებათ შესაბამისი სერთიფიკატი და განახორციელებენ ფარმაცევტული საწარმოების და სადისტრიბუციო ქსელის ინსპექტირებას, რაც წამლის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ინსპექტირება პირველ ეტაპზე ნებაყოფლობითი ხასიათის იქნება, 2022 წლის 1 იანვრიდან კი სავალდებულო გახდება.

GMP/GDP-ის დანერგვით საქართველო აღიარებს ევროკავშრის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით. აღნიშნული სტანდარტის დანერგვა ხელს შეუწყობს ფარმაცევტული სექტორის გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები