LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წარმოუდგენელი იყო, რომ სინოდის სხდომა ჩემთვის უსამართლო განჩინების გამოცხადებით დასრულდებოდა”-მეუფე პეტრეს წერილი

73

ჭყონდიდის მიტროპოლიტი „იტოვებს მღვდელმთავრულ ვალდებულებას, პასუხი გასცეს ყველა ცრუ ბრალდებას,“ – მეუფე პეტრეს 11 მარტით დათარიღებული წერილი „ფეისბუქზე“ დღეს იღუმენია თამარ გამყრელიძემ გაავრცელა. წერილში მიტროპოლიტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, სინოდს და 9 მარტს გამართული სინოდის სხდომის მდივანს, მიტროპოლიტ შიოს მიმართავს.

„წარმოუდგენელი და მოულოდნელი იყო, რომ სინოდის სხდომა ისე ჩაივლიდა, აქცენტი მხოლოდ ჩემი უღირსებისათვის ესოდენ მკაცრი და უსამართლო განჩინების გამოცხადებით დასრულდებოდა, რაც მდივნის მიერ წაკითხული და ვეჭვობ, არა მის მიერ დაწერილი იქნა ყოველივე ეს. ნუთუ დღემდე ეკლესიის დიკრედიტაციის მძიმე ფაქტები არ გვაქვს, ან ჩემგან არ გსმენიათ სინოდის სხდომაზე? ან ჩემ წინააღმდეგ დაწყებული და დაუსაბუთებელი ცილისწამებები ბრალდების სახით თქვენთვის ეკლესიის დისკრედიტაციას არ ნიშნავს? წარმოუდგენელია, სინოდის სხდომა, რომელიც ესოდენ სკანდალური „ციანიდის საქმის“ შემდეგ იქნა ჩანიშნული და ამ განსაცდელზე და არც ამ განსაცდელის გამომწვევ მიზეზებზე არ გამოიკვეთა განსაკუთრებული ინტერესი, ხოლო მამაოს მიერ საპყობილიდან გამოგზავნილი წერილის წაკითხვა და მოსმენაც არ ჩათვალეთ აუცილებლად, რადგან წინასწარ, თითქოს დაკვეთით დაწერილი წინადადებებით შემოვიფარგლეთ და სრული ნდობა გამოუცხადეთ გამოძიებას, რომელშიც როგორც მე სინოდის წევრი, არ გეთანხმებით“, – ნათქვამია მწერილში.

ამასთან, მეუფე პეტრე უარყოფს ბრალდებებს, რომელიც წმინდა სინოდის სხდომის განჩინებით წაუყენეს. ის მიმართავს სხდომის მდივანს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, დააკონკრეტოს, ვის გულისხმობს კლირიკოსში :

„55 კანონით, კლირიკოსში ვის გულისხმობთ? ნუთუ თქვენ, წმინდა სინოდის სხდომის მდივანს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, ღვთისმეტყველების დოქტორს, წმინდა ალექსი სენაკელის საფლავის მცველს არ გესმით, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მსგავს ხარისხსა და ბრალდებას არ ექვემდებარება და მიმართულია განდგომილთადმი. უხერხულია, მსგავსი შეცდომების დაშვება.“

 

მეუფე პეტრე ამბობს, რომ მრავალრიცხოვან დარღვევების გამოსასწორებლად ეკლესიაში რჯულის კანონის ამოქმედებას მიესალმება.
„მივესალმები რჯულის კანონის ამოქმედებას ეკლესიაში არსებულ მრავალრიცხოვან დარღვევათა გამოსასწორებლად, მაგრამ დიდი უსამართლობა იქნება, ეს ყველაფერი დაიწყოს ჩემით და ჩემითვე დასრულდეს, რისი პრეცენდენტიც გამოიკვეთა. რატომ გვიჭირს ვაღიაროთ ის სამწუხარო ფაქტი, რომ ჩვენს ეკლესიაში წმინდა მამათა კანონები დატევებულია და ყოველგვარი სიმკაცრე განდევნილი? ვშიშობ, რომ საეკლესიო საქმენი სრულ არეულობაში არ მოვიდეს, როდესაც ეს გულგრილობა და მიკერძოებულობა ნელ-ნელა თავისი გზით წავა და ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. ეკლესიის დისკრედიტაციას რომ ემსახურებოდა ჩემი გამოსვლა, ეს სრული ცილისწამებაა, რასაც სიმდაბლით ვღებულობ და ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას, პასუხი გავცე ყველა ცრუ ბრალდებას. გთხოვთ, მომიტევოთ ჩემი კადნიერებისთვის და ვითხოვ თქვენს მღვდელმთავრულ ლოცვა-კურთხევას და ვიმედოვნებ, თქვენს მართლკვეთელობას “, – აცხადებს მეუფე პეტრე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები