LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს, მაისი-ივნისის პერიოდში, სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეის 2 463 შემთხვევა დაფიქსირდა

45

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისისა და ივნისის თვეებში სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეის 2 463 შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამმართველოს უფროსი, ლევან ბაიდოშვილი განმარტავს, ზაფხულის სეზონზე ინფექციური წარმოშობის დიარეის რიცხვი იზრდება. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისისა და ივნისის თვეებში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, დიარეის რიცხვი შემცირდა, თუმცა არა მკვეთრად. კერძოდ, 2018 წლის მაისში დიარეის 1005 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა გასული წლის ამავე პერიოდში 1083 შემთხვევის აღრიცხვა მოხდა. რაც შეეხება ივნისის თვეს, წელს 1179 შემთხვევა აღირიცხა, ხოლო გასული წლის ამავე პერიოდში 1284.

როგორც ლევან ბაიდოშვილი აღნიშნავს, ივლისსა და აგვისტოში მოსალოდნელია დიარეის შემთხვევების ზრდა, ოქტომბრიდან კი შემცირება.

„ზაფხულის პერიოდში შვებულებებისა და არდაგეგების, დასასვენებლად გასვლისა და მგზავრობების გამო, როგორც წესი, დიარეის შემთხვევების რაოდენობა იზრდება. როგორც ისტორიული მონაცემები გვიჩვენებს, ყოველწლიურად სავარაუდო საკვებისმიერი ინფექციური წარმოშობის დიარეის დაახლოებით 18 000-მდე შემთხვევა გვაქვს და დაახლოებით 8000 ან 9000 გაზაფხულ-ზაფხულის 4 თვის განმავლობაში აღინიშნება. ამ 8 000 შემთხვევაში დაახლოებით 60-65% 14 წლამდე ასაკის ბავშვები არიან, რაც ნორმალურია, გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები ამ პერიოდში ეზოში ძალიან ბევრს თამაშობენ და, შესაბამისად, დაუბანელი ხელებითაც ხშირად მიირთმევენ გაურეცხავ ხილსა და ბოსტნეულს. წელსაც იგივე ვითარებაა, იქნება, რაც შარშან იყო, რადგან საქართველოს კლიმატური გარემო და გეოგრაფიული მდებარეობა ამ დაავადებების სწორედ ზაფხულის განმავლობაში გავრცელებას განაპირობებს. განსაკუთრებით იზრდება დიარეის შემთხვევები საკურორტო ზონებში და ეს ძირითადად არის შავიზღვისპირა საკურორტო ზონა,“ – აღნიშნა ლევან ბადოშვილმა.

რაც შეეხება მწერების მიერ გადატანილი ინფექციების საკითხს, ლევან ბაიდოშვილის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე ასეთი დაავადება არ დაფიქსირებულა, თუმცა როგორც წესი, საქართველოში ფლებოტომუსის მწერის მიერ ლეიშმანიოზის გადატანის საფრთხე არსებობს. ბაიდოშვილის თქმით,  კოღოებისგან გადატანილი მალარია ან ფლებოტომუსებიდან გატანილი ლეიშმანიოზი ამ ეტაპზე, ზაფხულის პერიოდში ჯერჯერობით არ ფიქსირდება, მაგრამ, მისივე თქმით, წლების დინამიკის მაჩვენებლის მიხედვით, დაახლოებით 10-მდე პაციენტი გვიან შემოდგომით ნებისმიერ შემთხვევაში გამოვლინდება.

ლევან ბაიდოშვილმა, ასევე, განმარტა, რომ 2013 წლიდან დღემდე საქართველოში მალარიის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები