LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო – 6 738,75 ლარი, პარლამენტის წევრის – 4 623,75 ლარია – IDFI

92

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”(IDFI) ინფორმაციით, მიმდინარე წელს პარლამენტის თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო – 6 738,75 ლარს შეადგენს, ხოლო პარლამენტის წევრის – 4 623,75 ლარს.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, 2018 წლამდე საქართველოს პარლამენტის წევრის ყოველთვიური სარგო განსაზღვრული იყო 2000 ლარის ოდენობით. თუმცა, მათი თანამდებობის მიხედვით, განსაზღვრული იყო სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა და სხვა დანამატი. შედეგად, პარლამენტის წევრების შრომის ანაზღაურება სადეპუტატო თანამდებობების მიხედვით დაახლოებით 4 600-დან 6 700 ლარამდე მერყეობდა.

IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 6 403,75 ლარს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის – 6 338,75 ლარს, უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერების, ასევე კომიტეტის თავმჯდომარის – 538,75-538,75 ლარს, ფრაქციის თავმჯდომარის – 5 468 ლარს, დროებითი კომისიის თავმჯდომარის – 4 938 ლარს, უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერების მოადგილეების, ასევე კომიტეტის პირველი მოადგილის – 4 803,75- 4 803,75 ლარს, ფრაქციის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების – 4 738,75 ლარს.

“ახალი კანონის მიხედვით, პარლამენტის წევრის ყოველთვიური სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტები მათი თანამდებობების მიხედვით 8-დან 10-მდე მერყეობს. შესაბამისად, ახალი კანონი იძლეოდა შესაძლებლობას, 2018 წლიდან პარლამენტის წევრის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაზრდილიყო, მაგალითად, პარლამენტის ჩვეულებრივი წევრის ანაზღაურება 4 623 ლარიდან 8 000 ლარამდე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის 6 738 ლარიდან 10 000 ლარამდე.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 2018 წლიდან პარლამენტის წევრის ყოველთვიური სარგო განისაზღვრა იმავე ოდენობით, რასაც წინა წლის განმავლობაში იღებდნენ სარგოსა და დანამატების სახით ერთად. შესაბამისად, 2018 წლიდან მათი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობა არ შეცვლილა, თუმცა ანაზღაურების ფორმას, წინა წლებისგან განსხვავებით, წარმოადგენს მხოლოდ ყოველთვიური სარგო,” – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.