LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წიაღისეული რესურსების მიმართულებით ბიზნესის სტიმულირება იგეგმება

227

უნდა მოხდეს სწორი ათვისება იმ წიაღისეული რესურსების, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესის სტიმულირება ამ მიმართულებით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მან სასარგებლო წიაღისეულთან დაკავშირებით მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმაზე ისაუბრა.

„მთავრობის სხდომაზე მხარი დავუჭირეთ შეთანხმებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სამთო მომპოვებელ დარგში მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებით. ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული. დღეის მდგომარეობით, ჩვენი საექსპორტო პოტენციალის და რეალური ექსპორტის 30%-ზე მეტი მოდის სასაქონლო პროდუქტებზე და რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა არის, რომ აღნიშნული პროდუქტების მიმართულებით მოხდეს მაქსიმალური დამატებითი ღირებულების შექმნა. ამავდროულად, უნდა მოხდეს სწორი ათვისება იმ წიაღისეული რესურსების, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესის სტიმულირება ამ მიმართულებით“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა რეფორმის შედეგებს გაუსვა ხაზი. „რაც შეეხება შედეგს, რომელიც რეფორმის შემდეგ დადგება, მოკლედ გეტყვით, რომ ეს იქნება სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტიმულირება. მოგეხსენებათ, რომ შესწავლა-ძიებაზე ჰექტრობის მიხედვით გადასახადი ძალიან მაღალია, რაც არ აძლევს კომპანიებს სტიმულს, რომ მათ მოინდომონ და აითვისონ შესასწავლი ტერიტორიები. შესაბამისად, ამ მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი შემცირება. გარდა ამისა, იგეგმება სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამ მიმართულებით არსებობს ინფორმაციული ფონდები, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, თუმცა ახლა ხდება ინფორმაციის ციფრულ ფორმატში გადატანა, ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება. დღეს ეს ინფორმაცია არის ფასიანი, შესაბამისად, ბიზნესს აქვს შეზღუდული წვდომა. გარდა ამისა, წიაღის სარგებლობასთან დაკავშირებით ბიზნეს პროცესები გამარტივდება, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც თვითონ ლიცენზიის მოპოვება, ასევე შემდგომში ლიცენზიასთან დაკავშირებული საკითხები და სახელმწიფოსთან კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გაადვილდება. პრაქტიკულად დასრულებულია, მაგრამ საბოლოოდ დასრულდება პლატფორმა, რომელიც კომპანიებს მისცემს საშუალებას, რომ ფაქტობრივად ონლაინში ჰქონდეთ კომუნიკაცია სახელმწიფოსთან. რაც მთავარია და ყველაზე მნიშვნელოვანი, იგეგმება იმ საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, რომელიც დღეს განიხილება როგორც დაბრკოლება აღნიშნული ბიზნესის განვითარებაში და არა ხელშეწყობა“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები