LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წილი ნაყარია: ევროპაზე 19 წლამდელების მეტოქეები გაირკვა

37

დღეს თბილისში, სასტუმრო ჰუალინგში 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა შედგა. თბილისის და გორის სტადიონები კონტინენტის პირველობას 2-15 ივლისს უმასპინძლებენ.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანი), როგორც მასპინძელი, A ჯგუფში პირველ ნომრად იყო განთესილი. ქართველ ფეხბურთელებს მეტოქედ ჩეხეთის, შვედეთის და პორტუგალიის ნაკრები გუნდები ერგო. გიორგი ყიფიანის ნაკრები პირველ შეხვედრას 2 ივლისს პორტუგალიასთან ჩაატარებს, 5 ივლისს შვედეთს გაეჯიბრება, 8 ივლისს კი ჩეხეთს.

B ჯგუფში მოხვდნენ გერმანიის, ინგლისის, ბულგარეთის და ჰოლანდიის 19-წლამდელთა ნაკრები გუნდები. წილისყრის ცერემონიალს ევროპის ჩემპიონატის ელჩი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელი და კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი გაუძღვა.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტი 2013 წელს, ლიტვაში შედგა. გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა B ჯგუფში იასპარეზა: მომავალ ფინალისტთან საფრანგეთთან ფრედ 0:0 ითამაშა, მომავალ ჩემპიონ სერბეთთან 0:1, ხოლო თურქეთთან 2:4 დამარცხდა. იმ ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრების მეკარე ბაჩო მიქავა მოხვდა.

19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი 2002 წლიდან ტარდება. 1957-1980 წლებში იუნიორთა პირველობა ეწყობოდა, 1981-2001 წლებში კი 18-წლამდელთა ჩემპიონატი. 19-წლამდელთა შორის ყველაზე მეტი ტიტული ესპანეთის ნაკრებმა მოიგო – 7, მეორე ადგილზე კი 3 გამარჯვებით საფრანგეთია. ეს ორი გუნდი წლევანდელ ევროპირველობაზე ვერ მოხვდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები