LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წილკნის კომპლექსს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

46

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 იანვარს, წილკნის ღვთისმშობლის სახელობის არქიტექტურულ კომპლექსს განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.

წილკნის ღვთისმშობლის სახელობის არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც ამჟამად საეპისკოპოსო კათედრალს წარმოადგენს, მცხეთის რაიონის სოფ. წილკანში მდებარეობს. იგი მოიცავს ტაძარსა და გალავანს. ტაძარი აერთიანებს სამ სამშენებლო პერიოდს და სხვადასხვა ტიპის ნაგებობას: IV საუკუნის დარბაზულ ეკლესიას, V-VI სს. – ბაზილიკას, XI-XIIსს. – გუმბათოვან ტაძარს, ხოლო, ტაძრის გალავანი XVIII საუკუნისაა.

კომპლექსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც  ოთხ სხვადასხვა პერიოდში შექმნილ ნიმუშს აერთიანებს. ამასთან, გადმოსცემს არა მხოლოდ ქართული არქიტექტურის განვითარების საფეხურებს, არამედ, ქრისტიანობის გავრცელების ისტორიასაც. აქ მოღვაწეობდა და ტაძარშივეა დაკრძალული 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი- ისე წილკნელი. გარდა ამისა, ძეგლი მდიდარია რელიეფებით, რომელთაგან ზოგიერთი, საეტაპო ნიმუშია. გარდა არქიტექტურული და ხელოვნებათმცოდნეობითი ღირებულებებისა, წილკანი მნიშნელოვანია თავისი ისტორიითაც. იგი იყო საეპისკოპოსო ცენტრი, საიდანაც ხორციელდებოდა ქრისტიანობის შემოსვლა ქართლის მთიანეთში.

აღსანიშნავია, რომ კომპლექსის მშენებლობის ეტაპები საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ეტაპების თანმდევია. შესაბამისად, ის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურია.

წილკნის ღვთისმშობლის აქიტექტურულ კომპლექსს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2016 წლის ბოლოს მიანიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები