LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასაახალწლოდ პროდუქტებზე ფასების ზრდა გარდაუვალია – რეპორტაჟი ბაზრიდან

თბილისი ახალი წლისთვის ემზადება. დედაქალაქში უკვე იყიდება ნაძვის ხეები, მოსართავი სათამაშოები და პიროტექნიკა. წინასაახალწლო სამზადისი პროდუქტის ფასებზეც აისახა. მოსახლეობა „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ თუკი წინა წლებში საახალწლოდ მზადებას დეკემბრის პირველი დღეებიდან იწყებდნენ, წელს ამას ვეღარ ახერხებენ.

„ძალიან მიჭირს, არ ვიცი, როგორ მოვიქცე: ახლა რომ ვიყიდო პროდუქტი, ახალ წლამდე გამიფუჭდება, თვის ბოლოს რომ ვიყიდო, ისეთი ფასები იქნება, სულ არ მინდა ახალი წელი…“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ერთ-ერთი მოქალაქე.

 

წინასაახალწლოდ პროდუქტებზე ფასების ზრდა წლებია, ჩვეულებრივ მოვლენად რჩება. ბაზარში მოვაჭრეები ამბობენ, რომ წელს სხვადასხვა დასახელების პროდუქციაზე ფასი განსხვავებულად მოიმატებს.

საახალწლო ნუგბარი ჩურჩხელა დღეს 1 ლარად და 50 თეთრად შეგიძლიათ შეიძინოთ, თუმცა გამყიდველები ამბობენ, რომ ახალი წლის დღესასწაულამდე ჩურჩხელის ფასი გაორმაგდება და 3 ლარი ეღირება.

 

რჩევა: თუ ჩურჩხელას ახლა შეიძენთ, ახალ წლამდე მის შენახვას მარტივად შეძლებთ. ჩურჩხელა ოთახის ტემპერატურაზე კარგად ინახება, სირბილის შესანარჩუნებლად კი გვირჩევენ, გემრიელი ნუგბარი მაცივარს არ გავაკაროთ.

 

ახალი წლის სუფრა ხილის გარეშე წარმოუდგენელია. 1 კგ ვაშლი დღეს 2 ლარი ღირს. გამყიდველი კი ამბობს, რომ წინასაახალწლოდ მისი ფასი 5 ლარამდე გაიზრდება. ყურძენი 4 ლარი ღირს, მანდარინის ფასი კი 1.50-დან 3 ლარამდე მერყეობს და ციტრუსის ზომასა და სიმწიფეზეა დამოკიდებული. გამყიდველები ამბობენ, რომ თვის ბოლოსკენ ყურძნის და მანდარინის ფასი 2 ლარით მაინც მოიმატებს. 1 კგ ფორთოხალს დღეს 2 ლარად, კარალიოკს 2.50-ად, ბროწეულს კი – 3 ლარად შეიძენთ.

„ხილის ფასი საშუალოდ 2-2,50 ლარით მოიმატებს,“ – ასე პროგნოზირებს ბაზრის ერთ-ერთი მოვაჭრე.

 

დღევანდელი მონაცემებით, კიტრს ბაზარში 2 ლარად, პომიდორს კი 2.50-ად შეიძენთ. ეს ის ბოსტნეულია, რომელსაც მომხმარებელი ახალ წლამდე რამდენიმე კვირით ადრე ვერ იყიდის, პროდუქტი მალფუჭებადია. ბაზარში ამბობენ, რომ წინასაახალწლოდ ბოსტნეულის ამ სახეობების ფასიც 1-1.50 ლარით მოიმატებს.

რაც შეეხება ხორცს, მისი ღირებულება წინასაახალწლო დღეებში 13-დან-17 ლარამდე მერყეობს.

რჩევა: გამყიდველები მომხმარებელს ურჩევენ, ხორცი ახლა შეიძინონ, რადგან 25 დეკემბრის შემდეგ ფასი 1 კილოგრამ ხორცზე 3-დან 5 ლარამდე მოიმატებს.

 

ნიგვზის ყიდვა 25-დან 27 ლარამდე, ხოლო 1 კილოგრამი ყველის – 10-დან 13 ლარამდე დაგიჯდებათ.

რაც შეეხება ტკბილეულს, კანფეტებისა და შოკოლადების ფასი საბითუმო ბაზრებში სტაბილურია და, როგორც გამყიდველები ამბობენ, ახალი წლის დღესასწაულზე მისი ფასი არ მოიმატებს. დღეს 1 კგ კანფეტის ფასი 5 ლარიდან იწყება და მისი მაქსიმალური ღირებულება კილოგრამზე 30 ლარია.

რა შეიძლება მომხმარებელმა წინასწარ შეიძინოს?

 

ფასების მოსალოდნელ ზრდასთან მოსახლეობის ნაწილი პროდუქტს წინასწარ იმარაგებს, თუმცა ხილსა და ბოსტნეულს ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ვერ შევიძენთ.

მალფუჭებად პროდუქტებს შორის არ არის ხორცი, ნიგოზი, ბოსტნეულისა და ხილის ნაწილი, თაფლი, ყველი, მაიონეზი და შესქელებული რძე.

 

ხორცი

იმისთვის, რომ წინასწარ შეძენილი ხორცი ახალ წლამდე არ გაფუჭდეს, გვირჩევენ, პროდუქტი მაცივარში, საყინულეში ან აივანზე შევინახოთ. გამყიდველის რჩევით, საქონლის ან ღორის ხორცს თუ ქაღალდში მოვათავსებთ, იგი სასარგებლო თვისებების შენარჩუნებასთან ერთად სირბილესაც არ დაკარგავს.

 

ნიგოზი

ნიგოზი, ამ მხრივ, უპრობლემო პროდუქტია. მოქალაქეებს თამამად შეუძლიათ, ნიგოზი დღესვე იყიდონ და მშრალ ადგილას შეინახონ.

ხილი

ვაშლის შეძენის შემთხვევაში, გამყიდველები გვირჩევენ, ხილი გრილ ადგილას მოვათავსოთ, მაგრამ არა მაცივარში. ასევე, ვაშლი არ უნდა გავრეცხოთ უშუალოდ მაგიდასთან მიტანამდე.

კივს თუ შევიძენთ, აჯობებს, ხილი ნაკლებად მწიფე იყოს. კივი მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე უნდა მოვათავსოთ და ის თავისით დამწიფდება.

ციტრუსები მაცივარს უნდა მოვარიდოთ, მოვათავსოთ ყუთში, რომელსაც თავი ღია ექნება და უნდა მოვარიდოთ გამათბობელს, რათა ციტრუსი არ გამოშრეს.

რაც შეეხება ყველს, მისი შენახვა, გამყიდველების თქმით, მარილწყალში მაცივარში ან სხვა გრილ ადგილზეა რეკომენდებული.

 

“ფორტუნა” ბარაქიან სუფრას გისურვებთ!

 

 

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები