LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელას და წითურას სეზონი დგება – რამდენად საშიშია ეს ვირუსები

სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, ხშირია ვირუსებისა და ინფექციების გავრცელების საშიშროება. ინფექციები უმეტესად იმ მოსწავლეებსა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებში ხვდება, რომლებსაც კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინა არ აქვთ გაკეთებული. როგორც დაავადებათა კონტროლის მთავარმა სპეციალისტმა, პაატა იმნაძემ, „ფორტუნას“ განუცხადა, სასწავლო წლის დასაწყისი ამ ინფექციებისთვის, როგორც წესი, ყოველთვის ყველაზე მწვავედ მიიჩნევა.

„ინფექციები, რომლებმაც შეიძლება, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად იჩინოს თავი,  ძირითადად,  ვაქცინაციასთან დაკავშირებული დაავადებებია: წითელა, წითურა და ა.შ. ამიტომ ის ბავშვები, რომელთაც ასაკის შესაბამისად აცრა გამოტოვებული აქვთ, სკოლაში ან ბაღში წასვლის წინ  უნდა ავცრათ აუცილებლად. როცა სასწავლო ან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ახალი კოლექტივები შეიკვრება, ასეთი დრო დაინფიცირებისთვის ძალიან ხელსაყრელია. იმისთვის, რომ არ გავრცელდეს ისეთი ინფექციები, როგორებიცაა ზემოხსენებული წითელა და წითურა, აუცილებელია კალენდარული აცრების ჩატარება,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

როგორ შევამჩნიოთ წითელა და წითურა?

წითელა, წითურა, ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული დაავადებებია. ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. ამ ინფექციებს სხვა ადამიანების დასნებოვნების განსაკუთრებით მაღალი უნარი ახასიათებს. ისინი განსაკუთრებით სწრაფად დახურულ შენობაში ვრცელდება. ინფიცირების რისკი მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, – საბავშვო ბაღებში, სკოლებში, ტრანსპორტში.

ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს განყოფილების გამგის, მედიცინის დოქტორის, ლალი ნებიერიძის, თქმით, წითელა საშუალოდ 9-10 დღეს გრძელდება, იშვიათად შეიძლება 21 დღემდეც გაგრძელდეს. წითურას ინკუბაციური პერიოდი, საშუალოდ, 15-18 დღეა.

გამონაყარი ორივე ინფექციის სავიზიტო ბარათია, თუმცა თითოეულ ინფექციას თავისი დამახასიათებელი თავისებურებებიც აქვს. წითელას დროს უმეტესად კანიდან ოდნავ ამოწეული კვანძები გვხდება, რომლებიც ერთმანეთთან შერწყმის ტენდენციას ავლენს. წითურას გამონაყარი უფრო ლაქოვანია.

·      წითელას დროს გამონაყარი დაავადების მე-4-მე-5 დღეს ვლინდება. პირველი ელემენტები ყურებს უკან, ცხვირზე, ლოყებზე ჩნდება. 24 საათში ვრცელდება მთელ სახეზე, კისერზე, გულმკერდის ზემო ნაწილზე, ხელებზე. შემდეგ გამონაყარი ჩნდება ზურგზე, მუცელსა და ფეხებზე, მესამე დღეს კი – ტერფებზეც. გამონაყარი იმავე თანმიმდევრობით ფერმკრთალდება და ქრება, რომლითაც გაჩნდა.

·      წითურას დროს პირველი სიმპტომი, რომელსაც დედა ამჩნევს, ხშირად სწორედ გამონაყარია. ის ამ შემთხვევაშიც ზემოდან ქვემოთ ვრცელდება, მხოლოდ – წითელაზე გაცილებით სწრაფად.

წითელა იწყება ტემპერატურის მომატებით, თვალის ლორწოვანი გარსის ანთებით, მშრალი შემაწუხებელი ხველით, ცემინებით, სურდოთი, გულმკერდის არეში ფხაჭნის შეგრძნებით.

წითურას დროს ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, რომელიც ცხელებით, თავის ტკივილით, უხასიათობით, უმადობით გამოიხატება, იშვიათია. კეფის, კისრის უკანა და სხვა ლიმფური კვანძები დიდდება და ორი კვირის განმავლობაში გადიდებული რჩება.

 

მკურნალობის გზები

ამ ინფექციებს სახლში მკურნალობენ, ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ მძიმე ფორმების დროს არის ნაჩვენები.

„პაციენტებს, ჩვეულებრივ, მხოლოდ სიმპტომურ საშუალებებს ვუნიშნავთ. ვინაიდან A ვიტამინის დეფიციტი წითელას დროს ავადობისა და სიკვდილიანობის ზრდას იწვევს, მისი დანიშვნაც სასურველია,“ – განაცხადა მედიცინის დოქტორმა, ლალი ნებიერიძემ.

ვაქცინაცია

ამ ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოს იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით არის გათვალისწინებული. სახელმწიფო უმაღლესი ხარისხის ვაქცინებით ბავშვთა უსაფრთხო იმუნიზაციას უზრუნველყოფს.

წითელასა და წითურას პროფილაქტიკა ცოცხალი შესუსტებული ვაქცინით ხდება. ეროვნული კალენდრის თანახმად, ამ აცრას 1, 5 და 13 წლის ასაკში ატარებენ. თუ რაიმე მიზეზით აცრა გამოტოვეთ, შეცდომის გამოსწორება ნებისმიერ ასაკში შეიძლება.

რაც შეეხება სხვა ვირუსებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ჯერჯერობით ტემპერატურა ისეთია, რომ ზაფხულისგან არაფრით განსხვავდება, ზღვის სეზონი გრძელდება. შესაბამისად, ის ვირუსები, რაც ზაფხულს ახლავს თან, კვლავ აქტუალურია.

„როგორც წესი, ამ პერიოდში ვირუსებს, ძირითადად, ჰიგიენური ნორმების დარღვევა იწვევს. ჩემი რეკომენდაციაა, რაც შეიძლება, ხშირად დავიბანოთ ხელები, რათა თავიდან ავიცილოთ ბაქტერიული ვირუსები. პროფილაქტიკა ჰიგიენური წესების მკაცრად დაცვაში მდგომარეობს. ბავშვებს კარგად უნდა ვასწავლოთ, რომ როცა სკოლასა და ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყება, ხელები ხშირად დაიბანონ. რასაკვირველია, მოსწავლეებს სასწავლო დაწესებულებებში შესაბამისი პირობებიც უნდა ჰქონდეთ,“ – განაცხადა იმნაძემ.

რაც შეეხება გრიპს და სურდოს, იმნაძის თქმით,  ჯერ ძალიან ადრეა ამ ტიპის ვირუსების გავრცელება. მათ უნდა ველოდოთ, როცა ტემპერატურა საგრძნობლად დაიწყებს დაცემას.

 

 

თათია კაკიაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები