LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizzair საქართველოში დამატებით 100 მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს

49

”ქუთაისის აეროპორტი როგორც პროექტი, ასევე კომპანია Wizzair-თან გაფორმებული კონტრაქტი არის წარმატებული, რადგან ამას მოყავს კიდევ უფრო მეტი ტურისტი საქართველოში“, – აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და Wizzair – ის კომერციული დირექტორის ჯორჯ მიხალოპულოსის შეხვედრაზე Wizzair-ის ახალი რეისების, ქუთაისის აეროპორტში კომპანიის მეორე ბაზის დამატებისა და ტერმინალის გაფართოების საკითხები განიხილეს.

შეხვედრას ეკონომიკის სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ქეთი ალექსიძეც ესწრებოდა. გიორგი გახარიას განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში წელს და მომავალ წელსაც ბევრი სიახლე იქნება. მისი თქმით, პირველი, ეს არის ახალი ტერმინალი, რომლის მშენებლობა უკვე იწყება. გარდა ამისა, ქუთაისის აეროპორტს დაუკავშირდება რკინიგზა, რაც გიორგი გახარიას შეფასებით, ძალიან კომფორტულს გახდის მგზავრობას აეროპორტიდან.

”მესამე სიახლე გახლავთ ის, რომ ქუთაისის აეროპორტიდან კომპანია Wizzair გახსნის ახალ მიმართულებებს, როგორიცაა რომი, პრაღა, ბარსელონა, პარიზი, ხოლო იმ მიმართულებების სიხშირე, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი იყო, გაიზრდება”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გახარიას შეფასებით, ქუთაისის აეროპორტში ბაზირებული Wizzair – ის კიდევ ერთი თვითმფრინავი მომავალ ტურისტულ სეზონს შეუწყობს ხელს.

ქუთაისის აეროპორტის გააქტიურებაზე და 82%-იან ზრდაზე გააკეთა აქცენტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმაც. ქეთი ალექსიძის განცხადებით, ბოლო პერიოდის განსაკუთრებული ზრდა სხვადასხვა პოზიტიურმა ფაქტორებმა განაპირობა.

”აღსანიშნავია, რომ ახალი ბაზის დამატება გულისხმობს დაახლოებით 100 მილიონიან ინვესტიციას კომპანიის მხრიდან. უშუალოდ მათ მიერ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაორმაგდება და დაახლოებით 72 კაცი იქნება. ასევე გაიზრდება ჩვენი აეროპორტის შემადგენლობაც“, – განაცხადა ქეთი ალექსიძემ.  მისივე თქმით, დაახლოებით 3-ჯერ გაიზრდება აეროპორტის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, რომ გაზრდილ მოთხოვნას მოემსახურონ.

InterPressNews.Ge
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები