LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალმომარაგების სექტორში ტარიფების ახალი მეთოდოლოგიით დათვლა წლის ბოლოს დაიწყება

71

წყალმომარაგების სექტორში ახალი, გრძელვადიანი სატარიფო მეთოდოლოგიით ტარიფების გადაანგარიშება წლის ბოლოდან დაიწყება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით სემეკის შესაძლებლობების გაძლიერებაზე აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროექტის ფარგლებში შემაჯამებელი სამუშაო შეხვედისას განუცხადა.

მილორავას ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში უცხოელი ექსპერტების ახორციელებდნენ, შემუშავდა წყალმომარაგების კომპანიების მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები, ეკონომიკური რეგულირების საკითხები, ტარიფების დადგენისა და ფაქტობრივი დანაკარგების განსაზღვრის პრინციპები.

მისივე განცხადებით, პროექტის მიზანი იყო სემეკის შესაძლებლობების გაძლიერება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა წყალმომარაგების სექტორის რეგულირებასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო და ტექნიკური ბაზების შესწავლა, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და წყალმომარაგების საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების საქმიანობის შესრულების მონიტორინგი.

„პროექტის ფარგლებში რამდენიმე მიმართულებით ვიმუშავეთ. გამოვყოფდი სატარიფო მეთოდოლოგიის შემუშავებას. ეს დოკუმენტი სრულად ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და იმ რეკომენდაციებს, რომელიც ექსპერტებისგან მივიღეთ. ასევე, ძალიან საინტერესო იყო კომპანიების დანაკარგებზე მუშაობა. ეს ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. ამიტომ, ჩვენ გარდა იმისა, რომ უნდა შევაფასოთ სწორად დანაკარგების მოცულობა, ასევე უნდა დავსახოთ გზები დანაკარგების შემცირებისთვის. პროექტის ფარგლებში ვიმუშავეთ კომპანიების შედარებითი ანალიზის ინდიკატორებზე, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს საუკეთესო კომპანიებს შევადაროთ ნაკლებად ეფექტური კომპანიები. შესაბამისად, სწორად დავსახოთ გზები, რომ ეს კომპანიები სწორი მიმართულებით განვითარდნენ. სხვა კომუნალური სექტორებისგან განსხვავებით, წყალმომარაგება არის ის სექტორი, სადაც მხოლოდ მარეგულირებელს არ ეკისრება რეგულირების ვალდებულება. აქ არის სასმელი წყლის ხარისხი, რომელიც სხვა უწყების კომპეტენციის ქვეშაა. ამაში ჩართული უნდა იყოს გარემოს დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ეს იქნება კოორდინირებული საქმიანობის პირველი ნაბიჯი“, – აცხადებს მილორავა.

სემეკის თავმჯდომარის ინფორმაციით, წყალმომარაგების სექტორში დანაკარგების პრობლემა პრაქტიკულად ყველა კომპანიას აქვს, გარდა ”ბათუმის წყლისა”, რომელიც ახალი ქსელია.

„ამასთან, პრობლემაა აქტივებთან დაკავშირებითაც. ის ავარიები, რომელიც ხდება წყალმომარაგების კომპანიებში და არეალებში, ხშირ შემთხვევაში ქსელის სიძველით არის გამოწვეული. იმისთვის, რომ პრობლემა გადაიჭრას, მნიშვნელვანია სატარიფო მეთოდოლოგია, რომ წყალმომარაგების ლიცენზიანტს, ინვესტორს ჰქონდეს სწორი სიგნალები. ის სატარიფო მეთოდოლოგია რაც შევიმუშავეთ, ასეთ სწორ სიგნალს მისცემს ინვესტორებს. ამ სატარიფო მეთოდოლოგიით დაიწყება წყლის ბოლოდან ტარიფების გადაანგარიშება წყალმომარაგების სექტორში. ეს არის წამახალისებელი მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს კომპანიებისთვის გრძელვადიანი ტარიფების დადგენას. ჩვენ კომპანიებს დავუდგენთ სამწლიან ტარიფებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გვეცოდინება რა უნდა გააკეთონ კომპანიებმა ამ პერიოდის განმავლობაში. განსაზღვრული გვაქვს საოპერაციო დანახარჯები, რომლის კორექტირებაც სამი წლის განმავლობაში აღარ მოხდება გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.

გარდა ამისა, კომპანიებს აქვთ ვალდებულება წარმოადგინონ 5–წლიანი სამოქმედო გეგმები. უნდა ვიცოდეთ როგორ ვითარდება კომპანია, სად ვართ და საით მივდივართ. განვითარების 5–წლიანი გეგმის კონტროლი და შესრულება არის კომპანიების სალიცენზიო ვალდებულება. ამ გეგმებს სავალდებულო ხასიათი ექნება და ბუნებრივია, მის შესრულებაზე ძალიან მკაცრი მონიტორინგი იქნება “, – განაცხადა ირინა მილორავამ.

ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 2016 წლის სექტემბრიდან ურბანული მომსახურებების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის (ტრანში 1) ფარგლებში მიმდინარეობდა პროექტი „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ“, რომელიც კომპანიამ MVV Decon და Grant Thornton-მა განახორციელა.  პროექტის ღირებულება 726 ათასი ევრო იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები