LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wyndham Grand-ი საქართველოში შემოდის – სასტუმრო თბილისის შუაგულში იხსნება

183

Wyndham Hotels & Resorts-მა, მასპინძლობის სექტორის უმსხვილესმა მოთამაშემ, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 80-ზე მეტ ქვეყანაში 9000-მდე სასტუმროთი არის წარმოდგენილი, დააანონსა უახლოეს მომავალში საქართველოს დედაქალაქის შუაგულში ახალი ობიექტის, Wyndham Grand Tbilisi-ის გახსნა. საუკეთესო ადგილას მდებარე სასტუმრო 2019 წლის იანვარში დაიწყებს ფუნქციონირებას. ობიექტის მართვას განახორციელებს კომპანია McInerney Hospitality International Georgia.  ინფორმაციას Property Georgia ავრცელებს.

Wyndham Grand-ი წარმოადგენს გამორჩეულ სასტუმროთა გაერთიანებას, რომელსაც ახასიათებს დახვეწილი დიზაინი, კომფორტული ნომრები, ყურადღებიანი მომსახურე პერსონალი და მშვიდი გარემო. ყოველივე ეს განაპირობებს უნიკალურ გამოცდილებას. Wyndham Grand-ის ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით ისეთ წამყვან დესტინაციებში, როგორიცაა: ათენი, სტამბოლი, ჩიკაგო, მანამა და შანხაი. ამ სიას სულ მალე თბილისიც დაემატება.

Wyndham Grand Tbilisi მდებარეობს დედაქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გვერდით და ქალაქის ბევრ სხვა ღირსშესანიშნაობასთან ახლოს. სასტუმროდან სულ რამდენიმე ნაბიჯში იწყება რუსთაველის გამზირი. ობიექტის ირგვლივ მდებარეობს უამრავი კაფე, რესტორანი და მაღაზია. ეს იდეალური გასაჩერებელი ადგილია მათთვის, ვისაც სურს თბილისის მომხიბვლელი ცხოვრების სტილისა და კულტურის აღმოჩენა.

რვასართულიანი სასტუმროს დიზაინი შემუშავებული იქნა ცნობილი ქართველი არქიტექტორის, პაატა ჯღარკავას და ასევე ცნობილი ებრაელი არქიტექტორის იური პუჩინსკის მიერ. სასტუმრო მოიცავს 161 დახვეწილ ნომერს (მათ შორის საპრეზიდენტო ლუქსს), დიდ ფიტნეს-ცენტრს, სპა-ცენტრს საცურაო აუზითა და საუნით, ისევე როგორც სახურავზე განთავსებულ, ელეგანტურ ბარ-რესტორან „თავისუფლებას“, რომელიც სტუმრებს შესთავაზებს უგემრიელეს ქართულ და ევროპულ კერძებს, კოქტეილების ფართო არჩევანს და ქალაქის ულამაზეს ხედებს. ბიზნესზე ორიენტირებულ სტუმართა განკარგულებაში იქნება თანამედროვე შეხვედრების ოთახები, რომლებიც აღჭურვილი იქნება სინქრონული თარგმანის აპარატურით, ისევე როგორც დიდი საცეკვაო დარბაზი მსხვილი ღონისძიებებისთვის.

დიმიტრის მანიკისი, Wyndham Hotels & Resorts EMEA-ის პრეზიდენტი და მმართველი დირექტორი: “Wyndham Grand-ის ბრენდი თავის სტუმრებს მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ქალაქებში უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. საქართველო, მისი მდიდარი კულტურით, ცხოვრების სტილითა და ხელოვნებით, ბოლო პერიოდში მეტად მიმზიდველ დესტინაციად იქცა, ხოლო თავისუფლების მოედანი იდეალური ადგილია ამ მეტად საინტერესო ბაზარზე ჩვენი განთქმული ბრენდის განსათავსებლად.”

გოჩა გვენეტაძე, სასტუმროს მფლობელი კომპანიის, City-M LTD-ის დირექტორი: „მოხარული ვართ, რომ საშუალება გვაქვს, ვითანამშრომლოთ Wyndham Hotels & Resorts-თან. ეს ობიექტი წარმოადგენს, ერთის მხრივ, Wyndham-ის ბრენდის შეუდარებელი მასშტაბის, წვდომისა და მსოფლიო კლასის რესურსების, ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენი ჩინებული კულტურისა და მასპინძლობის შერწყმის განსახიერებას. Wyndham Grand-ი ნიშნავს დახვეწილ სასტუმროებს, უნაკლო მომსახურებასა და თითოეული სტუმრის კმაყოფილებას. ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ შეუდარებელი იბიექტების სიას სულ მალე თბილისიც დაემატება“.

Wyndham Grand Tbilisi დაემატება Wyndham Hotels & Resorts-ის მზარდ პორტფელს საქართველოში, რომელიც უკვე მოიცავს წელს დასრულებულ „რამადა ანკორ თბილისსა“ და „რამადა ბათუმს“. აღნიშნულ სიას შემდეგი სამი წლის პერიოდში კიდევ ოთხი სასტუმრო დაემატება.

Wyndham Hotels & Resorts-ის ყველა ობიექტი საქართველოში, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩართულია Wyndham Rewards®-ის ერთგულების პროგრამაში, რომელიც თავის 58 მილიონამდე წევრს ქულების უხვად დაგროვების სტრუქტურას, ისევე როგორც თავისუფალი ღამეების განაღდების უნიკალურ, ფიქსირებულ განაკვეთს სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები