LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყავა შემომთავაზა, მუსიკა ჩართო და კარი ჩაკეტა,“ – როგორ დავიცვათ თავი სექსუალური შევიწროებისგან

323

24 წლის თამთა სტუდენტობის დროს ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა, საკმაოდ დაბალი ანაზღაურებით.

„უფროსი, რომელიც 50 წლამდე ასაკის იყო,  ჩემთან დაახლოების მიზნით, მუდმივად მოითხოვდა  ხშირად შევსულიყავი მასთან, ჩამებარებინა საქმიანობის ანგარიში და ა.შ.,  რაც ჩემს ფუნქციებში არ შედიოდა. მოთხოვნებს თამამი კომპლიმენტები მოჰყვა, რაც არ მესიამოვნა და გავაფრთხილე კიდეც ამის შესახებ. ჩემს შენიშვნაზე გაბრაზდა და მითხრა, რომ არასწორად გავიგე , თუმცა მალევე, დაწინაურების სანაცვლოდ, პირდაპირ სექსი შემომთავაზა.  

 თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი,  ვუთხარი, რომ  ინციდენტის განმეორების შემთხვევაში საუბარს ჩავიწერდი და გავასაჯაროებდი. ფაქტობრივად, მუქარით დავიცავი თავი“, – ამბობს თამთა „ფორტუნასთან“.

დაახლოებით მსგავს ამბავს ყვება მარიამიც, რომელმაც სექსუალური შევიწროება ხელმძღვანელისგან 19 წლის ასაკში განიცადა :

 „ვმუშაობდი ინტერნეტჟურნალში, ჩემი ხელმძღვანელი,  დახლოებით, 50 წლის იყო.  ერთხელ, ოფისში ისეთ დროს დამიბარა, როცა სხვა თანამშრომლები იქ

არ იყვნენ. მითხრა, რომ საქმე ჰქონდა. როცა კაბინეტში შევედით, ჯერ ყავა და ჩაი შემომთავაზა, შემდეგ მუსიკა ჩართო. როცა  ვუთხარი, საქმეზე გადავსულიყავით,  კარი ჩაკეტა და უკვე შემეშინდა,მივხვდი, ოფისში არავინ იყო და ჩემს ყვირილსაც ვერავინ გაიგებდა. თავი ვაიძულე, შიში არ შემემჩნია და მკაცრი ტონით ვაიძულე, კარი გაეღო.“

მასალის მომზადებისას გავარკვიეთ, რომ ქალების უმრავლესობას მსგავსი ისტორია ერთხელ მაინც გადახდენია სამსახურში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ საჯარო სივრცეში.

„ავტობუსში ფანჯარასთან ვიდექი, როცა ვიგრძენი, რომ უცნობი მამაკაცი სხეულზე ხელით მეხებოდა. ისე გავბრაზდი, ხელი ჩავავლე და ავტობუსიდან ჩავაგდე“ – ამბობს „ფორტუნასთან“ თეონა.

 

 

„მარშუტკაში“ ვიჯექი , გვერდზე მჯდომმა ბიჭმა კაბის ქვეშ ხელის შეცურება  სცადა, ისეთი შეურაცხყოფილი ვიყავი“ …- ჰყვება მარი.

სექსუალური შევიწროების ფაქტებზე ქალები ღიად, უმეტეს შემთხვევაში, ვერ საუბრობენ. „ფეისბუქზე“ არის გვერდი, სადაც სახელისა და გვარის გარეშე აზიარებენ საკუთარი სამწუხარო გამოცდილების შესახებ ამბებს. ამ ისტორიების წაკითხვისას კი ირკვევა, რომ პოლიციისთვის არცერთ მათგანს მიუმართავს და თავის დაცვა საკუთარი ძალებით სცადეს.

 

რა მოხდებოდა, თუ პოლიციას მიმართავდნენ? – როგორც ირკვევა, არც არაფერი, კანონი ტერმინს „სექსუალური შევიწროება“ იცნობს, ხოლო სასჯელი, აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, არ არსებობს.

 

სექსუალური შევიწროება დასჯადი უნდა გახდეს

სექსუალური შევიწროება სამსახურში, ტრანსპორტში და საჯარო სივრცეში დასჯადი უნდა გახდეს – შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს სახალხო დამცველმა მიმართა.

სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე რადიო ”ფორტუნასთან” საუბარში სექსუალური შევიწროების პრობლემას

„ოფიციალური სტატისტიკის მიღმა დარჩენილ პრობლემად“ აფასებს.

”მომართვიანობა სახალხო დამცველის აპარატისადმი სექსუალურ შევიწროების ფაქტებზე დაბალია, თუმცა პრობლემა არსებობს დასაქმების სფეროში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საჯარო სივრცეში და  ამ ეტაპზე, აპარატში რამდენიმე საქმის შესწავლაც მიმდინარეობს   ამ მიმართულებით ერთ- ერთ მთავარ პრობლემას სწორედ საკანონმდებლო გარანტიების არარსებობა წარმოადგენს რადგან ეს პრობლემა საკანონმდებლო რეგულირების მიღმაა დარჩენილი” -ამბობს ეკა მსხილაძე.

სექსუალური შევიწრობის შესახებ კანონში ჩანაწერს სახლხო დამაცველის გარდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზციაც ითხოვს, მანამდე  კი დაზარალებულებს კვლავ საკუთარი ძალებით მოუწევთ მოძალადესთან გამკლავება.

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები