LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახეთი არ აპირებს ბათუმის პორტისა და ნავთობტერმინალის გაყიდვას

108

ყაზახეთი არ აპირებს გასვლას ბათუმის პორტისა და ბათუმის ნავთობტერმინალის აქტივიდან, ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა ბაკიტჟან საგინტაევმა გაანცხადა.

მისი თქმით, ბათუმში აქტივები დაკავშირებულია ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტთან, რაც ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პროექტია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ყაზახური მხრიდან მიღებული გარანტიები, რომ არ აპირებენ ბათუმის პორტიდან და  ტერმინალიდან გასვლას,  იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ყაზახეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე განიხილეს.

„მათ აქვთ დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელება და ტექნოლოგიური გაუმჯობესება როგორც ბათუმის პორტში,  ასევე ბათუმის ნავთობტერმინალში. თუმცა, ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ ყაზახურმა ტვირთებმა აუცილებლად უნდა გაიარონ ეს კორიდორი და რაც შეიძლება მეტი ყაზახური ტვირთი უნდა იყოს მოზიდული აღნიშნულ კორიდორში“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ყაზახეთის სამთავრობო დელეგაცია ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით საქართველოში 16 თებერვალს ჩამოვიდა. ბაკიტჟან საგინტაევმა დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ადლიის გაფორმების ეკონომიკური ზონა, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი, ბათუმის პორტი და ბათუმის ნავთობტერმინალი მოინახულა და ორმხრივი შეხვედრები გამართეს.