LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ – გოგი გვახარიას ემოციური მიძღვნა მშობელს…

385

გოგი გვახარია მწერალ ალეკო შუღლაძეს „საბას“ მიღებას განსაკუთრებული სტატუსით ულოცავს. როგორც ჩანს, გვახარიასთვის მისი  „გადამალვა“, რომელმაც „საბა“ საუკეთესო რომანის კატეგორიაში მიიღო,  საკმაოდ პირადული წიგნია. ამის შესახებ კინოკრიტიკოსი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს:

„5 წელია, დედას ვუვლიდი. ბევრი რამე ვისწავლე და გამოვცადე. სასოწარკვეთის წუთებიც მახსოვს და ის წუთებიც, როცა ჩემს თავს ვეუბნებოდი, ვინაიდან მჯერა, რომ შემთხვევითობა მართლაც მხოლოდ შემთხვევითობაა, ამ ტანჯვის მიმართ დამოკიდებულება უნდა შევცვალო; მაგალითად, იმ ხალხს ვურჩიო რაღაცები, ვინც ჩემსავით ემშვიდობება ახლა ყველაზე საყვარელ ადამიანს. ჰო, აუცილებლად დავწერ ამის შესახებ, ვფიქრობდი ამას… დღიურების წერაც კი გადავწყვიტე, მაგრამ მერე შემეშინდა (ჩემი კომპლექსები!), რომ „გასაყიდად“ ვამზადებ ყველაზე ინტიმურ გრძნობებს და შევწყვიტე.

ცოტა დრო გავიდა. დაახლოებით 40 დღე გავიდა დედის გარდაცვალებიდან. 40 დღე ვიკავებდი თავს, ვიცოდი, რა წერია “გადამალვაში” და მეშინოდა წაკითხვა. ბოლოს მაინც მოვიდა ჩემთან ეს ტექსტი. ერთ ღამეში წავიკითხე. უკვე მესამე გვერდის კითხვისას ვიგრძენი, რომ ცოცხლდება ჩემი დაუწერელი დღიურები – ზუსტად ისე, როგორც დაიწერებოდა – ყველა სახე, ყველა დეტალი, ეს სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც შუაღამეზე გეუბნება, ავადმყოფს ჩვენ ვერ ჩავიყვანთ, მეზობლები გააღვიძეთო და შენ ხვდები, რომ არ გყავს მეზობელი, რომელსაც გააღვიძებ, საერთოდ, სულ მარტო ხარ შენს განსაცდელთან ერთად, ეს ლიფტი, ეს ექიმები… ყველაფერი ზუსტია.. ყველაფერი უკიდურესი სიმართლე; ეს პროცესი სწორედ იმიტომაა საზიზღარი, რომ საყვარელ ადამიანთან დამშვიდობება ნელ-ნელა გაცილებს ამ ადამიანის ტანჯვის შეგრძნებებს და იწყებ საკუთარ ტანჯვაზე ფიქრს. ამის აღიარება რაინდობაა. ამის აღიარებას ერთი რამ სჭირდება – თავისუფლება. ვკითხულობდი ტექსტს და თავისუფლებას ვეზიარებოდი. დავრწმუნდი, რომ შემთხვევითობა არათუ შემთხვევითობაა, შემთხვევითობა არ არსებობს – „გადამალვა“ გზავნილია! ეიზენშტეინის სურათი რომ გამოჩნდა კაბინეტში, აქ უკვე ხარხარი დავიწყე – ასეთი განცდა ორეულისა მე არ მქონია ცხოვრებაში

ორეულს ვერ შეაფასებ. მით უმეტეს არ ვარ ლიტერატურის სპეციალისტი და საერთოდ არ მაინტერესებს ალეკო შუღლაძის წიგნის ლიტერატურული ღირებულებები. ის ვიცი მხოლოდ, რომ ეს ტექსტი მკითხველისადმი დიდი ნდობითაა დაწერილი. ჩემთვის ნდობა მთავარია ცხოვრებაში – ჩვენ ყველანი რაღაცას ვქმნით იმისთვის, რომ ყველაფერთან ერთად სხვასაც მოვაწონოთ თავი. როცა ეს სხვა ამ ნდობას გრძნობს, ჩვენი მარტოობა გადალახულია.

ასე რომ მგონია, დღეს მეორედ მივიღე “საბა”. ჩემმა ორეულმა გაიმარჯვა.

Aleko Shugladze მეც მოგილოცავ, რა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები