LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი მშენებლობის შესახებ – ქართველ დეველოპერებს ცვლილებები გააცნეს

430

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია თბილისის ახლადარჩეულ მერ კახა კალაძესთან ერთად, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი საკითხი იყო კომპანიების წარმომადგენლების ინფორმირება მთავრობის 2006 წლის 28 იანვრის #41 დადგენილებაში, ტექნიკური რეგლამენტი ”შენობა – ნაგებობების უსაფრთხოების წესები” ცვლილებების შეტანის შესახებ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული რეგლამენტის რეგულირების საგანია არსებული შენობა-ნაგებობების, მიმდინარე მშენებლობების, რეკონსტრუქციისა თუ დემონტაჟის პროექტირება, მშენებლობა და ექსპლუატაცია, გარდა II კლასის შენობისა და ხაზობრივი ნაგებობებისა. ცვლილებების მიზანია საზოგადოების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფა, შენობაში ხანძრისა და სხვა საფრთხეებისგან სიცოცხლისა და და საკუთრების დაცვა, ასევე მეხანძრე-მაშველებისა და მაშველების უსაფრთხოება საგანგებო ვითარების დროს.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, აღნიშნული დადგენილების ამოქმედებამდე მთავრობამ სამშენებლო სფეროს წარმომადგენლების მოსამზადებლად არაერთი შეხვედრა ჩაატარა. ცვლილებების მომზადების პროცესში გაიმართა საჯარო განხილვებიც. არქიტექტორებსა და ადმინისტრაციული სამსახურების შესაბამის სპეციალისტებს ჩაუტარდათ ტრენინგები, ასევე ჩატარდა სემინარები ექსპერტთა მოსამზადებლად, რამაც შესაბამისი ფონი მოამზადა რეგლამენტის იმპლემენტაციისთვის.

”ეს არის ამოქმედებული დადგენილება. ამ მოქმედების პერიოდში, ჩვენ დავინახეთ გარკვეული პრობლემები, რომელსაც მენაშანეები და დეველოპერები აყენებენ. დაფიქსირდა, რომ ასეთი პრობლემები არსებობს და მათთან ერთად შევიმუშავეთ ცვლილებები. ცვლილებები არის გამარტივების მიმართულებით, რაც გაუმარტივებს მშენებლებს და დეველოპერებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ 41-ე დადგენილების გავრცელების არეალიდან ამოღებული იყო უკვე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმები (გე-ერ-გე). ყველაზე პრინციპული რასაც დღეს მივაღწიეთ იყო შეთანხმება კომპანიებთან, რომ 41-ე დადგენილება უკვე ახალი ცვლილებებით შეეხება დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმებს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ეს იძლევა სამშენებლო პოლიტიკის განვითარების შესაძლებლობას”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ სფეროში დასაქმებულ კომპანიებთან კონსულტაციები დღემდე აქტიურ რეჟიმში გრძელდება. სამინისტროს განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო მუდმივად აკვირდება ცვლილებების იმპლემენტაციის პროცესს. ახალი რეგულირებით წარმოქმნილ შესაძლო პრობლემებთან დაკავშირებით ინტენსიურად მიმდინარეობს კონსულტაციები თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სტრუქტურების, დეველოპერების, არქიტექტორების და ექსპერტების მონაწილეობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები