LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე საჭირო სამოგზაურო რჩევები ყველაზე გამოცდილი მოგზაურებისგან

344

გრეგი და ქეზი უკვე 20 წელია გზას ადგანან, მათ 50-ზე მეტი ქვეყანა მოინახულეს და ხუთ მათგანში ცხოვრებაც მოასწრეს. ყველაფერი სოლო მოგზაურობით დაიწყო, შემდეგ წყვილის მოგზაურობაში და ბოლოს კი ოჯახურ გასართობში გადაიზარდა. წყვილს მართლაც ბევრი რჩევა დაუგროვდა და ისინი შეეცადნენ, რომ მათგან საუკეთესოები გაეზიარებინათ.

1. მოგზაურობა – მთავარი პრიორიტეტი

თუკი გსურთ რომ ბევრი იმოგზაუროთ, მაშინ ეს ცხოვრების მთავარ მიზნად უნდა აქციოთ. ძვირფასი ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მანქანები თუ სახლები – ყველაფერი უკანა პლანზე უნდა გადავიდეს და მთავარი რესურსი სწორედ ოცნებების ახდენას უნდა მოხმარდეს.

2. გაატარე მეტი დრო ნაკლებ ადგილას

მოგზაურობის დაგეგმვისას ნუ შეეცდებით რაც შეიძლება მეტი ადგილის რაც შეიძლება ნაკლებ დროში მონახულებას. 6 ქვეყანა 6 კვირაში? უმჯობესია თუკი ერთ კონკრეტულ რეგიონს აიღებთ და მას უკეთ შეისწავლით. ჩაბარგება-ამობარგება, იაფი ფრენების ძებნა, განსხვავებული დროის სარტყელი, ვალუტა და ხშირად ვიზის საკითხი – სიამოვნების მიღებაში ხელს აუცილებლად შეგიშლით.

3. ნუ ელი, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც სახლში

თუკი გინდათ, რომ თავს ისე გრძნობდეთ, როგორც საკუთარ სახლში, მაშინ სხვაგან რატომ მიდიხართ? მოგზაურობა ახალი გამოცდილების მისაღებად, ახალი რაღაცეების გასასინჯად და ახალი კულტურის შესაცნობადაა განკუთვნილი. ახალი გამოცდილება კი შესაძლოა ზოგჯერ შოკისმომგვრელიც კი იყოს, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო მეტ ხიბლს ძენს.

4. მოგზაურობას ბავშვები ხელს არ უშლიან

ოჯახთან ერთად მოგზაურობა შეუძლებელი არ არის და პირიქით ეს ნამდვილად დაუვიწყარი გამოცდილებაა. მართალია, პატარებთან ერთად „ბოდიალს“ თავისი მინუსებიც აქვს, თუმცა ეს ამად ნამდვილად ღირს. ბავშვები ცხოვრების სტილს უკეთესობისკენ ცვლიან.

5. ესაუბრეთ ადგილობრივებს

ადგილობრივებთან საუბარი – ალბათ ეს ყველაზე კარგი აზრია. სად არის საუკეთესო ყავა, საიდან იშლება ყველაზე ლამაზი ხედი, სად არის ყველაზე გემრიელი საჭმელი? –  როგორც წესი, მათ საუკეთესო რჩევების მოცემა სწორედ მათ შეუძლიათ.

6. ერთი-ორი ახალი სიტყვა

არასდროს იწუწუნოთ იმაზე, რომ ადგილობრივებმა ინგლისური არ იციან, გახსოვდეთ რომ სტუმარი ხართ და ყველანაირად უნდა შეეცადოთ მათ გაუგოთ. უცხო ენაზე რამდენიმე სიტყვის სწავლა ბარიერებს დაგანგრევინებთ და პატივისცემის გამოხატვაშიც დაგეხმარებათ.

7. იმოგზაურე საკუთარ წარსულში

თუკი ოკეანეების გადასაკვეთად და ახალი კონტინენტების დასაპყრობად ბიუჯეტი არ გყოფნით – იმოგზაურეთ თქვენს ქალაქში, სოფელში, რეგიონში ან ქვეყანაში. გაიგეთ მეტი თქვენი წარსულის შესახებ და ეჭვიც არ შეგეპაროთ რომ ძალიან ბევრ ახალ ადგილს აღმოაჩენთ.

8. უფასო = ძალიან კარგს

თუკი ფულის შეგროვებას ვერ ახერხებთ, მაშინ შეეცადეთ უფასო რაღააცები იპოვოთ. როგორც წესი, ცხოვრებაში საუკეთესო გამოცდილებას სწორედ ნაკლებად ბიუჯეტური აქტივობებით იღებენ ხოლმე. გაისეირნეთ ველოსიპედით, დალაშქრეთ მთა, უყურეთ მზის ამოსვლას, ითამაშეთ პარკში ან ქალაქის ქუჩებში სეირნობაც არ არის ურიგო იდეა.

9. ადრე ადექი

შვებულების დროს დილაადრიან ადგომა შესაძლოა არც თუ ისე მარტივი იყოს, თუმცა მოგზაურობა სისხამზე ყველაზე სასიამოვნოა. უჩვეულო სიმშვიდესთან ერთად, დილა ყველაზე გადატვირთული ტურისტული დანიშნულებების უფრო კომფორტულად დათვალიერების საშუალებასაც მოგცემთ.

10. გადადე ტელეფონი და კამერა გვერდზე

მოგზაურობა ფოტოების გადაღების გარეშე ალბათ წარმოუდგენელია, თუმცა სამყაროს კამერით აღქმა არც თუ ისე კარგი იდეაა. ზოგჯერ ტექნიკის მოშორება და მომენტით ტკბობაც უნდა შეძლოთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები