LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხულში პეკინი გადაიკეტება – სად იმოძრავებს ავტომობილები?

84

თბილისში, პეკინის გამზირი დროებით გადაიკეტება. ივნისის შუა რიცხვებიდან გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ცნობით, სამუშაოები 15 სექტემბრამდე დასრულდება.

რეაბილიტაცია ვაჟა–ფშაველას გამზირის დასაწყისიდან, სასტუმრო აჭარის მიმდებარე ტერიტორიამდე განხორციელდება.

“ფორტუნას” კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, პეკინის გამზირის ორივე ზოლის გადაკეტვას ერთდროულად არ აპირებენ.

შესაბამისად, ზაფხულში პეკინის გამზირზე ცალმხრივი მოძრაობა შესაძლებელი იქნება.

“მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ის პერიოდი დავამთხვიეთ რეაბილიტაციას, როცა სკოლა მთავრდება და ქალაქიდან ხალხი გადის, მაინც ვფიქრობთ იმაზე, რომ გამზირის სრული გადაკეტვა კოლაფსს გამოიწვევს, ამიტომ კეთილმოწყობის სამსახური ექსპერტებთან ერთად მუშაობს ალტერნატიულ მარშრუტებზე, დროებით შუქნიშნებზე და ა.შ.”. – განაცხადეს კეთილმოწყობის სამსახურში.

მათი ცნობით, ერთ–ერთ ყველაზე ცხელ მონაკვეთს სასტუმრო აჭარის მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს, რომელიც ასევე რეაბილიტაციის პროექტშია. იმისთვის, რომ სატრანსპორტო კოლაფსი არ წარმოიქმნას, ექსპერტები ალტერნატიულ მარშრუტებს ამუშავებენ.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდება სამუშაოების დაწყების ზუსტი თარიღი, კეთილმოწყობის სამსახური, გამზირის რეაბილიტაციაზე, ალტერნატიულ გზებზე და ა.შ. საზოგადოებისთვის სპეციალურ ვიდეორგოლებსაც გაავრცელებს.

პეკინის რეაბილიტაციის ღირებულება 2 მილიონი ლარია. პროექტის ფარგლებში შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგება ასფალტის ახალი საფარი. გათვალისწინებულია ასევე, სანიაღვრე სისტემის გამოცვლაც.

პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაცია 60 წელია არ განხორციელებულა.

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები