LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზალბერის განცხადება მიუღებელი და გაუგებარია – საქართველოს საგარეო უწყება

25

ჰერბერტ ზალბერის განცხადება მიუღებელი და გაუგებარია, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნული „თანამდებობის“დაკავება მიულოცა.

დონდუას თქმით, ევროკავშირმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება არაერთხელ გააკეთა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაციულ ქმედებებს კი მუდმივად გმობს.

„ასე იყო ცოტა ხნის წინ, როდესაც ცხინვალის რეგიონში ჩატარდა ე.წ. არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი – ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოეხმაურა და დაგმო რუსეთის ფედერაციის ეს პროვოკაციული ქმედება საქართველოს ტერიტორიაზე. ასე რომ, ამ მხრივ ევროკავშირის პოზიცია არ შეცვლილა და როგორც აღვნიშნე, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის მოგვარებას საერთაშორისო სამართლის პრინციპებით. ის, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ჟენევის თანათავმჯდომარის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ მიუღებელი და გაუგებარია. ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ხელს არ უწყობს როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის. ჩვენ კავშირზე ვართ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და იმედი გვაქვს, რომ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება ბრიუსელის მხრიდან“, – განაცხადა დონდუამ.

ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი დაიბარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები