LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზალიკო ბერგერი გახმაურებული ვიდეოს შესახებ: „სერიოზულად არჩევენ, მიშისტი ვარ თუ არა…“

198

სხვადასხვა ინტერნეტსააგენტომ დიზაინერისა და ტელეწამყვანის, ზალიკოს ბერგერის მიერ საკუთარ „ფეისბუქზე“ დადებული ვიდეო გაავრცელა, სადაც გვარიანად შეზარხოშებული ზალიკო ბათუმის ქუჩებში სასმლით ხელში დასეირნობს და აღნიშნავს, რომ იქ ბევრი რამ „ერთი კაცის“, მიშა სააკაშვილის მიერ არის აშენებული, ხოლო ბათუმის ახალ მერად კახა ცისკარიძეს ისურვებდა. ვიდეო საკმაოდ უცენზუროა, მაგრამ ძალიან სახალისო, სწორედ ამიტომაც „ფეისბუქზე“ უამრავი გაზიარება და მოწონება ხვდა წილად, თუმცა მას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ.

თავად დიზაინერი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ვიდეოს შემდეგ საზოგადოებას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ის მიშისტია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რაც შეეხება კახა ცისკარიძის მხარდაჭერას, დიზაინერი ფიქრობს, რომ ის ბათუმისთვის, სადაც სულ კონცერტებია, კარგი მერი იქნებოდა…

ზალიკო ბერგერი:

„ეს ვიდეო არ მინახავს. ლაივში ჩავერთე და ძალიან მთვრალი ვიყავი (იცინის). მერე დავიძინე. როდის მოასწრეს სააგენტოებმა ამ ვიდეოს გადაწერა, არ ვიცი. შუა ღამეს გამეღვიძა, ვნახე და წავშალე. პირველივე სიტყვები რომ მოვისმინე, ძალიან შემრცხვა და ყურება აღარ გამიგრძელებია (იცინის).

რა თქმა უნდა, გამოხმაურებას არ ველოდებოდი. გახდა გასარჩევი თემა, ვარ მიშისტი თუ არა…

ხარ მიშისტი?

არა, ქალო (იცინის). რაიმე კონცერტი თუ ტარდებოდა, სტინგი იქნებოდა თუ სხვა ვინმე, მიშას დროს, არასდროს არავის დავუპატიჟებივარ… მე რა ვიცი, რატომ მომინდა ამის თქმა. ეტყობა, მთვრალზე შენობები ძალიან კარგად მომეჩვენა (იცინის). მაგრამ ეს თემა გაარჩიეს აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატებმა, სრულიად სერიოზულად აზიარებდნენ და არჩევდნენ, ასლანმა ააშენა თუ მიშამ ბათუმი. ზოგი, ვინც „აღორძინების“ დროიდან არის შემძვრალი საბჭოში, ამბობდა, ჩვენ დღემდე ასლანის დაგებული ასფლატით დავდივართო…

კახა ცისკარიძეს უჭერ მხარს ბათუმის მერის პოსტზე?

რატომაც არა? ბათუმში სულ კონცერტებია და კარგი ტაშფანდურა და მხიარული მერი იქნება. აბა, ამინდი მანდ არაა და ზღვაში ვერ ჩადიხარ და კონცერტები მაინც იყოს, ერთი თვე ვიყავი და მზე არ დამინახავს… „სოჰოდან“ მოვდიოდი, სადაც კახა ცისკარიძის კონცერტი იყო. იქ თქვა, რომ მერად აპირებს კენჭისყრას და ჩარჩენილი მქონდა. ეტყობა, ვიფიქრე, რომ მხარდასაჭერი ვიდეო უნდა გადამეღო (იცინის).

ისე, ხომ გქონდა შენი გადაცემა და ხომ არ აპირებ კიდევ გაკეთებას. ხომ ხედავ, რა პოპულარულია შენი ვიდეოგამოსვლები…

ისე, კი მინდა ჩემი გადაცემის გაკეთება რომელიმე არხზე. „კომედი შოუზე“ გადიოდა ჩემი გადაცემა, მაგრამ იქ ტექსტებს გიგა ნასარიძე მიწერდა და მიშისტობა მაშინ უნდა გენახათ (იცინის)!.. სხვათა შორის, „ფეისბუქზე“ უფრო მეტი გამოხმაურება აქვს ჩემს ვიდეოებს. ხშირად ვწერ ხოლმე ლაივებს, მაგრამ დილას ვშლი, მით უმეტეს, თუ გადათხლეშილს მაქვს ჩაწერილი.

დალევა გიყვარს, როგორც ვიცი, მაგარი თამადა ხარ…

სულ მიწევს დალევა. ვერ გეტყვი, რომ მაგარი თამადა ვარ, მაგრამ ცუდი არ ვარ. კარგი გამრთობი ვარ უფრო. ბევრგან მომისმენია, ზალიკო რომ არ ყოფილიყო, ასე ვერ გავერთობოდითო.

ვიდეოშ ინგლისურ გამონათქვამენს იყენებ ხშირად…

მაგალითად – everybody knows (იცინის). ეს რა არის. ერთხელ სადღაც ვიყავი და ხალხი ჩემს მეგობარს ეკითხებოდა, ზალიკო რა ენაზე ლაპარაკობსო, ერთმანეთში ავურიე თურქული, გერმანული, ინგლისური…

ყველა ეს ენა იცი?

გერმანული ყველაზე კარგად ვიცი, რადგან ბავშვობიდან ვსწავლობდი… აბა, პაროდიას ხომ არ გავაკეთებდი, ზოგზოგიერთივით…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები