LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთარი ახლოვდება – როგორ გავთბეთ უსაფრთხოდ

ზამთრის პერიოდის დადგომასთან და აცივებასთან ერთად, დღის წესრიგში გათბობის საკითხი დგება. ეკონომიურობის თვალსაზრისით, მოსახლეობის უმრავლესობა, ელექტროენერგიასთან შედარებით, უპირატესობას ბუნებრივ აირს ანიჭებს.  

როგორ შევარჩიოთ ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობლები და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება,  როგორც შეძენის, ასევე დამონტაჟების დროს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ გაზის გამათბობლების უსაფრთხოება, რადგან ყოველწლიურად აირით მოწამვლის ათობით ფატალური შემთხვევა ფიქსირდება.

„ფორტუნა“ ბაზარზე არსებულ პროდუქციას გაეცნო და უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით, ენერგეტიკოსებისა და ექიმების რეკომენდაციებით დაინტერესდა.

ქართულ ბაზარზე, ძირითადად, თურქული,  უკრაინული და ქართული (31-ე ქარხნის წარმოების) გაზის კონვექტორები იყიდება.  ფასი გასათბობი ფართის მიხედვით განისაზღვრება და 200- დან 700 ლარამდე მერყეობს. 

რაც შეეხება აირზე მომუშავე წყლის გამაცხელებელს,  შიდაწვის გამაცხელებლები შედარებით, იაფია,  მათი ფასი 100 ლარიდან იწყება,  ხოლო გარეწვის გამათბობლები – 200 ლარიდან .

სახელგანთქმული „ნიკალა“ ქართულ ბაზარზე, თითქმის, აღარ შემოდის.

ნებისმიერი გამათბობელი არის უსაფრთხო, თუ დამონტაჟებულია წესების დაცვით.

სპეციალისტების ინფორმაციით,  ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობლის ყიდვისას აუცილებელია, გავითვალისწინოთ, სად ვაპირებთ მის დამონტაჟებას და  შემდეგ შევარჩიოთ კონკრეტული მოდელი.

„ბაზარზე არსებული წყლის გამაცხელებლების ნაწილი შიდაწვის პრინციპით მუშაობს, რაც ნიშნავს იმას, რომ წვისათვის ჰაერს ოთახიდან მოიხმარს და წვის ნაწარმსაც ოთახშივე გამოყოფს. თუ ოთახი დახურულია და არ ნიავდება, ჰაერის ნახშირორჟანგით ივსება. აბაზანაში ამას  ორთქლიც  ემატება , რაც მდგომარეობას საგრძნობლად ართულებს . შიდაწვის გამათბობლის დახურულ სივრცეში,  განსაკუთრებით კი აბაზანაში, დამონტაჟება კატეგორიულად მიუღებელია. სამზარეულოში დამონტაჟების შემთხვევაში, აუცილებელია, სარკმელი ღია დავტოვოთ. საუკეთესო გამოსავალი  აივანზე მონტაჟია,“  – განუცხადეს „ფორტუნას“  საოჯახო ტექნიკის მაღაზიაში.  

„ყაზტრანსგაზის“ რეკომენდაციების თანახმად, კატეგორიულად აკრძალულია:

  • გაზის გამათბობლების და წყლის გამაცხელებლის მონტაჟი ისეთ ტერიტორიაზე, სადაც წვისთვის საჭირო ჰაერის აღება სათავსოდან ხდება  და წვის პროდუქტების გაწოვა არ ხდება კვამლსადენების მეშვეობით ;
  • ყველა სახის არასტანდარტული, თვითნაკეთი გაზის ხელსაწყოების გამოყენება;
  • გაზის ხელსაწყოების და გაზგაყვანილობის თვითნებური მონტაჟი,  გაზგაყვანილობის  გაჯის, ცემენტის,  მეტლახის ფილების და ა.შ. ქვეშ მოქცევა;
  • გაზის ხელსაწყოების ჩამკეტი მოწყობილობების, საკვამლე-სავენტილაციო არხების არარსებობის შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის გამოყენება;
  • სავენტილაციო არხების საკვამლე არხებად გამოყენება;
  • წყლის გამაცხელებელის  და ყველა სახის გაზზე მომუშავე ხელსაწყოს დამონტაჟება სააბაზანოში.

ბუნებრივი აირით  მოწამვლის შემთხვევები ქვეყანაში  ყოველწლიურად ფიქსირდება.  საქართველოში ყველაზე ხშირად მოსახლეობა კარბონის მონოქსიდით,  იგივე ნახშირორჟანგით იწამლება, რომელიც სისხლში ჰემოგლობინს უკავშირდება,  რაც უჟანგბადობას და სიკვდილს იწვევს. 

გაზით ინტოქსიკაციის სიმპტომებია:

  • თავის და საფეთქლების ტკივილი;
  • თავბრუსხვევა, კოორდინაციის დარღვევა;
  • სისუსტე,  დაღლილობის შეგრძნება;
  • ღებინების შეგრძნება.

მოწამვლის მძიმე შემთხვევაა, როდესაც ადამიანი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. სახეზეა კრუნჩხვები, გუგები გაფართოებულია და მომატებულია სხეულის ტემპერატურა.

პირველადი დახმარებისთვის აუცილებელია დაზარალებული სუფთა ჰაერზე გავიყვანოთ, (გავაღოთ კარი, ფანჯარა) იმ შემთხვევაშიც კი,  თუ დაზარალებული გონზეა და თავს უკეთ გრძნობს. შემდგომი გართულების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია სამედიცინო დახმარების გამოძახება.

 

თამუნა გოგუაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები