LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა დაშავდა: გოლდენ სტეიტმა მეორე თამაში მარტივად მოიგო (ვიდეო)

72

„გოლდენ სტეიტის“ ძირითადი ცენტრი ზაზა ფაჩულია დაშავდა და დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეორე მატჩში, „სან ანტონიოს“ წინააღმდეგ მხოლოდ საწყისი 7 წუთი ითამაშა. ოკლენდელთა ქართველმა ცენტრმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და ერთ-ერთ ეპიზოდში ტეხასელთა ფარში ჩატენილი ბურთის შემდეგ იატაკზე უხერხულად დაეშვა.

ფაჩულიამ მარჯვენა ფეხის ქუსლი იტკინა და მოედანი მალევე დატოვა. ქართველი ცენტრი თამაშში აღარ დაბრუნებულა. მას ქუსლი გაუსივდა და სამედიცინო გამოკვლევას, ეგრედ წოდებულ „ემ-ერ-აის“ ოთხშაბათს ჩაიტარებს, რის შემდეგაც დადგინდება, თუ რა სიმძიმის დაზიანება აქვს. სავარაუდოდ, საშიში არაფერია და ზაზა მომდევნო მატჩს, რომელიც მომავალ შაბათს სან ანტონიოშია დანიშნული, სრულფასოვნად ჩაატარებს.

რაც შეეხება მატჩს, „გოლდენ სტეიტმა“ მეტოქე 136:100 გაანადგურა. მთავარი ლიდერის, კავაი ლეონარდის გარეშე მოთამაშე ტეხასელებმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს „უორიორსს“ და შეხვედრა, რომ იტყვინ, უბრძოლველად დათმეს. იმ 7 წუთში, რაც მოედანზე იყო, ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 4 ქულა მიითვალა და ამას 2 პასი და 1 მოხსნა მოაყოლა.

მატჩის ბედი ფაქტობრივად თავიდანვე გაირკვა, როცა „გოლდენ სტეიტმა“ პერიოდი 33:16 მოიგო. შესაბამისად, ოკლენდელთა ლიდერებმაც დატვირთვის გარეშე ითამაშეს. უბადლო შორი ტრორცნების ხარჯზე (9-დან 6 სამიანი) სტეფ კარიმ 29 ქულა მოაგროვა. 18 ქულა მიითვალა ახალბედა პატრიკ მაკაუმ, ხოლო კევინ დიურანტი ანგარიშზე 16, კლეი ტომსონისაზე კი 11 ქულა დაგროვდა.

„გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიას 2:0 იგებს და მომდევნო მატჩს სან ანტონიოში, 21 მაისს გამართავს.

 

https://www.youtube.com/watch?v=tRx7QcHPUVA

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები