LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ფაჩულია საპატიო სიგელით დაჯილდოვდა

76

თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების პირველი ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ნომინაციაში – „ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის” – გამარჯვებული ზაზა ფაჩულია გახდა. ჯილდო სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ზაზა ფაჩულიას დედას, მარინა კოდუას გადასცა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:
საქართველოსთვის 2017 წელი სპორტული კუთხით უდავოდ გამორჩეულია: დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებს ვმასპინძლობთ, ქართველი სპორტსმენები თითქმის ყოველ თვე გვახარებენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე მოგებული ოქროს მედლებით, უამრავ წარმატებებს შორის კი უდავოდ გამორჩეულია ჩვენი სახელოვანი კალათბურთელის, ეროვნული ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას მიღწევა – ის NBA-ს ჩემპიონი გახდა!
წმინდა სპორტული კუთხით ეს უდიდესი ტრიუმფია – ამ ტიტულზე ყველა კალათბურთელი ოცნებობს და უნდა ვაღიაროთ, რომ ზაზამ მოახერხა ის, რაც არაერთმა სახელოვანმა მოთამაშემ ვერ შეძლო.
გარდა იმისა, რომ ზაზას ჩემპიონობა უდიდესი სპორტული გამარჯვებაა, მისი ტრიუმფი საქართველოს წარმატებაცაა. როცა ფინალური სერიის უკანასკნელი თამაში დასრულდა, ზაზამ NBA-ს ჩემპიონის თასი საქართველოს დროშასთან ერთად აღმართა. დარწმუნებული ვარ იმ წუთებში არა მარტო მე ვიყავი ძალიან ამაყი და ბედნიერი!
მსურს მივულოცო ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილს – ზაზა ფაჩულიას ეს უდიდესი გამარჯვება, მის დედას, ქალბატონ მარინას კი ეს საპატიო მედალი გადავცე.

ღონისძიების მიზანი, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარებაა, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარების საქმეში და საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტისა და მეცნიერების პოპულარიზაციაში.

სპეციალურად შექმნილმა კომისიამ 11 გამარჯვებული გამოავლინა.

გამარჯვებულებს, სიმბოლურად, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი საგანძურის ერთ-ერთი ექსპონატის ასლი გადაეცათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები