LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა კარგი იყო, გუნდი ვერა: გოლდენ სტეიტმა წაგებას მოუხშირა

47

„გოლდენ სტეიტ უორიორზს“ კევინ დიურანტის გარეშე უჭირს. ოკლენდელებმა ბოლო 6 მატჩში 4 მარცხი განიცადეს, რაც „მეომრებისთვის“ ძალიან ცუდი შედეგია. ზაზა ფაჩულიას გუნდი დასავლეთ კონფერენციაში და სრულიად ლიგაში პირველ ადგილზე გასასვლელად იბრძვის, რათა პლეი ოფში ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობა ჰქონდეს. ამის გაკეთება ოკლენდელებს ალბათ გაუჭირდებათ, რადგან „სან ანტონიო“ აქტიურობს და გუშინ ოკლაჰომაში რომ არ დამარცხებულიყო, დღეს „სფურსს“ და „გოლდენ სტეიტს“ თანაბარი წაგებები ექნებოდათ.

„გოლდენ სტეიტმა“ გამთენიისას მინესოტაში, „ტიმბერვულვზთან“ 102:103 წააგო. თითქმის მთელი თამაში ოკლენდელები მდევრის როლში იყვნენ და ბოლო წუთზე მოახერხეს დაწინაურება, თუმცა გადამწყვეტ მომენტში სტუმრებს ფორტუნამ ზურგი აქცია და გამარჯვება მინესოტელებს დარჩათ.

ქართველი ცენტრი ამ მატჩში ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ფიგურა იყო. ფაჩულიამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. ზაზა არ იყო დროში შეზღუდული და ჩაატარა სრულყოფილი მატჩი, როცა ის აქტიურად იყო ჩართული როგორც დაცვით, ისე შეტევით მოქმედებებში და საბოლოოდ საკმაოდ შედეგიანადაც გაისარჯა. მესამე პერიოდში, როცა ზაზამ საკუთარი შესაძლებლობების მთელი სპექტრი წარმოადგინა – ჩაჭრა, დააფარა, მოხსნა, პასები აკეთა, ბურთი ჩააგდო და ბლოკები დააყენა – სატელევიზიო კომენტატორებმა ქართველის მიმართ ქების სიტყვები არ დაიშურეს და კარგა ხანს მასზე მხოლოდ დადებით კონტექსტში საუბრობდნენ. „დალასში“ მისი შედეგიანი თამაშიც გაიხსენეს.

ბოლო წუთზე ზაზა აქტიურად იყო ჩართული მოედანზე მიმდინარე მოქმედებებში და შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით დაჯარიმდა ენდრიუ უიგინსზე, რომელმაც ორივე სროლა ააცილა და მინესოტელთა 1-ქულიან ლიდერობას ვერაფერი შემატა. ამის შემდეგ სტეფ კარიმ ოკლენდელები დააწინაურა და შეტევაზე ისევ უიგინსი წამოვიდა, რომელზეც საფინალო სირენამდე 12 წამით ადრე ზაზამ მე-6 პერსონალური ფოლი მიიღო და მოედანი დატოვა. უიგინსმა ამჯერად ორივე საჯარიმო ჩააგდო და „მინესოტა“ 103:102 დააწინაურა. სტეფ კარიმ ვეღარ მოახერხა დამაწინაურებელი სროლის ჩაგდება და „გოლდენ სტეიტი“ დამარცხდა.

ფაჩულიას მონაგარმა 26 წუთში 9 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შეადგინა. ზაზამ თამაშიდან შეუცდომლად ისროლა, 4-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო მისი 2 საჯარიმოდან მიზანს ერთმა უწია. მატჩის ბომბარდირი 30 ქულით კლეი ტომპსონი გახდა, 26 ქულა და 7 პასი კარიმ მოაგროვა. მინესოტელებს 24 ქულით უიგინსმა ულიდერა, კარლ ენტონი თოუნსმა 23 ქულა მიითვალა.

52 მოგებითა და 13 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ ლიგის ლიდერია, მის მდევარ „სან ანტონიოს“ კი 50 მოგება და 14 მარცხი აქვს. სწორედ „სან ანტონიოსა“ და „გოლდენ სტეიტის“ ჯახია ხვალ ტეხასში, სადაც ზაზა ფაჩულიას გუნდი მინესოტადან ჩაფრინდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები